გაციფრულება საქართველოსა და ევროკავშირის საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს. ციფრულ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისა და ახალი უნარების განვითარების გზით, ევროკავშირი საქართველოს ციფრულ ტრანსფორმაციაში ეხმარება. მაგალითად, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში, რომელიც Global Gateway-ს სტრატეგიის განმახორციელებელი იარაღია, ევროკავშირი ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად საქართველოს 1,000 სოფლის თემის სწრაფი და საიმედო ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფაზე მუშაობს. შედეგად, გაუმჯობესებული ინტერნეტით ნახევარი მილიონი ადამიანი ისარგებლებს. ევროკავშირი ციფრულ უთანასწორობას შეამცირებს ხელმისაწვდომ და უსაფრთხო ფართოზოლოვან კავშირზე წვდომის გაფართოებისა და საქართველოს სოფლის მოსახლეობის ციფრული ინტეგრაციის უზრუნველყოფის გზით.
ელექტრონული კომერცია საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. ევროკავშირი მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის ციფრული უნარების სწავლებას და ონლაინ სერვისებზე ფართო წვდომას უზრუნველყოფს, ასევე ეხმარება დეველოპერებს მოწინავე ციფრული უნარების ათვისებაში, ხოლო გოგონებსა და ქალებს ხელს უწყობს განათლების მიღებასა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში დასაქმებაში. ის ასევე უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის, პროგრამული მხარისა და მოქმედი სტანდარტების თავსებადობას ქვეყნის მასშტაბით.
გარდა ამისა, ევროკავშირი მუშაობს სტარტაპებისთვის შესაძლებლობების შექმნის, მწვანე მეწარმეების დახმარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების მიმართულებით მათზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამების კუთხით, მათ შორის, გრანტების/ვაუჩერის სქემის საშუალებით, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებსა და შემოქმედებითი დარგების განვითარებას საქართველოს რეგიონებში.
საქართველო ახორციელებს რიგ ციფრულ რეფორმებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებსა და ბიზნესებს პანევროპულ ონლაინ სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებულ წინაღობებსა და პრობლემებს მოუხსნის. რეფორმები მოიცავს ციფრული გარემოს ჰარმონიზაციას როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირთან და ტელესამედიცინო შესაძლებლობებით პირველადი ჯანდაცვის სისტემის აღჭურვას ცენტრიდან დაშორებულ რეგიონებში მცხოვრებლებისთვის, რომლემსაც ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი წვდომა ექნებათ, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დაფარვის არეალი საგრძნობლად გაიზრდება.
ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთ მიმართულებას მარეგულირებელი და პოლიტიკური რეფორმების პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია წარმოადგენს. ეს რეფორმები საქართველოს მთავრობას ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების მომავალი სტრატეგიის განხორციელებაში დაეხმარება.
ციფრული უნარების განვითარება გურიაში
სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით