fbpx
Skip to main content
Economic Development / ეკონომიკური განვითარება

ევროკავშირსა და საქართველოს მყარი ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებთ. ევროკავშირის მიზანია, საქართველო იყოს ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი პარტნიორი, რომელსაც საკუთარი მოქალაქეებისათვის უკეთესი შესაძლებლობების შეთავაზება შეეძლება. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო გაძლიერდება, ვინაიდან საქართველო საკუთარ კანონმდებლობას, კანონებსა და სტანდარტებს ევროკავშირის ნორმებთან აახლოებს.

2014 წლიდან ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალმა სავაჭრო სივრცემ (DCFTA) ქართულ ბიზნესებსა და პროდუქციას თანდათანობით გაუხსნა გზა ევროკავშირის ბაზრისაკენ. ამჟამად ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

წაიკითხეთ სრულად

საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად თავისი Global Gateway სტრატეგიის შესაბამისად ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) განხორციელებაზე მუშაობს. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ევროკავშირმა უკვე მოახდინა 1.9 მილიარდი ევროს მობილიზება სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების სახით როგორც საქართველოს შიგნით, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ციფრული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების გასაძლიერებლად. ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს მცირე და საშუალო ზომის (SME) საწარმოებს.

მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკის ხერხემალია. 2022 წელს ამ საწარმოებზე საქართველოს ყველა კომპანიის მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულების 52.8% მოდიოდა და სამუშაო ძალის 58.3% იყო დასაქმებული. მიუხედავად ამისა, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს ხშირად არ აქვთ წვდომა განვითარებისა თუ გაფართოებისათვის საჭირო ფინანსებზე, ცოდნასა და ბაზრებზე. ამ მიმართულებით ევროკავშირის დახმარება პოლიტიკისა და ინსტიტუტების რეფორმირებას, საბიუჯეტო მხარდაჭერას, აგრეთვე დაფინანსების, გრანტების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ამ მხარდაჭერის წყალობით, საქართველოში იზრდება სხვადასხვა მიმართულების ისეთი მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებენ და, ამასთანავე, ქმნიან კლასტერებს. ასეთი საწარმოები უკეთესად მუშაობენ, ქმნიან სამუშაო ადგილებს  ადგილობრივი მოსახლეობისათვის და წარმოების მოცულობის ზრდით გამოირჩევიან. ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებას სარგებელი საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის მოაქვს – იქმნება სამუშაო ადგილები და იზრდება ქვეყნის საერთო ეკონომიკური მაჩვენებლები. ევროკავშირის მხარდაჭერა განსაკუთრებით ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოების „მწვანე“ წარმოებაზე გადასვლას და ასევე იმ ბიზნესებს, რომლებსაც ქალები უძღვებიან.

საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის, მოდერნიზებას, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია დასაქმებული. ეს მხარდაჭერა ემყარება ამ სფეროში ევროპის საუკეთესო პრაქტიკას და ორიენტირებულია ხარისხის, გარემოსდაცვითი და სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და დარგის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე. აგრეთვე დიდი ყურადღება ეთმობა სოფლის მოსახლეობის საარსებო საშუალებების გაუმჯობესებას სხვადასხვა ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნით და ადგილობრივ დონეზე საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების ხელშეწყობას.

ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საჯარო უწყებებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის შრომის ბაზრის გაუმჯობესების მიმართულებით, კერძოდ, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდით, სამართლიანი შრომითი პოლიტიკის დანერგვითა და მეწარმეების გადამზადების ხელშეწყობის გზით. სამუშაო ადგილების ნაკლებობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს მაძიებლებს ჰქონდეთ საერთაშორისო ბაზრისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით, ევროკავშირი ორიენტირებულია დასაქმებისთვის აუცილებელი უნარების გამოვლენის სერვისების რეფორმირებაზე და განათლების ახალი შესაძლებლობების შექმნაზე საქართველოს ყველა რეგიონში, განსაკუთრებით კი ყურადღება გამახვილებულია ახალგაზრდებზე, ქალებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე.

და ბოლოს, ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის განვითარებას. 2016 წლიდან საქართველო არის Horizon Europe-ის – მსოფლიოში კვლევისა და ინოვაციების ყველაზე მსხვილი პროგრამის – ასოცირებული პარტნიორი.