1 წუთიანი ფილმების კონკურსი თბურ ტალღებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების მართვის თემაზე
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, თბურ ტალღებად წოდებული ზაფხულის ძალზედ ცხელი დღეებისგან გამოწვეული ჯანმრთელობის რისკებისა და მათგან თავდაცვის გზების შესახებ.
კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე დაძმობილების პროექტის „ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში
კონკურსში გამარჯვებული ფილმები, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოების მიზნით, გამოყენებული იქნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.
დამატებითი ინფორმაცია
ჯანმრთელობა და გარემო მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ხოლო ადამიანის საქმიანობა შეიძლება გახდეს გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და მისგან გამომდინარე, ჯანმრთელობის რისკების მატების მიზეზი.
ასე მაგალითად, კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი ზეგავლენა საქართველოში დაკავშირებულია ზაფხულის მაღალი ტემპერატურის უფრო ხშირ და ხანგრძლივ ეპიზოდებთან, განსაკუთრებით – ქალაქებში (თელავი, თბილისი და ზუგდიდი), რაც უარყოფითად აისახება უმთავრესად მოწყვლად მოსახლეობაზე. წინასწარი მონაცემებით, 2020-2049 წლებში, თბილისში მოსალოდნელია ცხელი და ძალიან ცხელი დღეების რაოდენობის ზრდა.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დაძმობილების პროექტის ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მაღალი ტემპერატურისგან დაცვის აუციებლობის შესახებ ცოდნის დაბალი დონე ადამიანებს უფრო მოწყვლადს ხდის თბური ტალღების მიმართ. გარდა ამისა, კვლევებითა და ექსპერტების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით ირკვევა, რომ საქართველოში გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების დონე, ზოგადად, დაბალია.
მთავარი გზავნილები:
1. შეეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე
ცხელ დღეებში, ჰაერის გარე ტემპერატურა ხშირად უფრო მაღალია, ვიდრე შენობაში. ასეთ შემთხვევებში, დახურეთ ფანჯრები და დაჩრდილეთ ოთახები მზისგან, ფარდების ან ჟალუზების მეშვეობით. ფანჯრებზე, ასევე შეგიძლიათ გააკრათ მზისგან დამცავი ფირი. საღამოს, როცა ჰაერი აგრილდება, გააღეთ ფანჯრები და გაანიავეთ ბინა. ის ნათურები და ელექტრო ტექნიკა, რომლებსაც არ იყენებთ, გამორთეთ.
თუ იყენებთ კონდიციონერს, გახსოვდეთ, რომ ყველა კარი და ფანჯრები უნდა იყოს დახურული. ვენტილატორი გვეხმარება თავი ვიგრძნოთ უფრო კომფორტულად დახურულ სივრცეში, როდესაც ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბალია. როდესაც ჰაერის ტემპერატურა უფრო მაღალია, ვენტილატორი არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან იგი ზრდის სხეულის სითბურ დატვირთვას.
2. მოერიდეთ მაღალ ტემპერატურას და მზის პირდაპირ სხივებს
მოერიდეთ გარეთ ყოფნას დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში. თუ თქვენს ბინაში გაუსაძლისად ცხელა, გაატარეთ დრო ისეთ გრილ ადგილებში, როგორიც არის დაჩრდილული პარკი ან კონდიცირებული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
როდესაც იმყოფებით გარეთ, მოერიდეთ მცხუნვარე მზის სხივებს და დარჩით ჩრდილში.
თუ თქვენი სამუშაო დღე ითვალისწინებს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, შეეცადეთ ამის გაკეთებას დილით ან საღამოს, ხოლო დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში დაისვენეთ.
3. დალიეთ საკმარისი რაოდენობით წყალი და იკვებეთ მსუბუქად
მთელი დღის განმავლობაში დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი. გახსოვდეთ, რომ წყალი უნდა დალიოთ, ვიდრე მოგწყურდებათ. განსაკუთრებით ეს ეხება ხანდაზმულებსა და ბავშვებს.
იცოდეთ, რომ ძალიან ცოტა სითხე გაქვთ მიღებული, როდესაც
• გწყურიათ ან პირი გიშრებათ
• შარდვის მოთხოვნა კლებულობს
• შარდის ფერი მუქდება.
წყურვილის მოკვლის საუკეთესო საშუალება არის ჩვეულებრივი სასმელი წყალი. მოერიდეთ ალკოჰოლს და კოფეინის შემცველ სასმელს, რადგან ისინი იწვევენ ორგანიზმის გაუწყლოებას. ასევე მოერიდეთ შაქრის მაღალი შემცველობის მქონე სასმელებს.
გახსოვდეთ, რომ უნდა იკვებოთ ისე, რომ ორგანიზმში მარილის ნორმალური ბალანსი შენარჩუნდეს. მიირთვით ხშირად და მცირე ულუფებად. უპირატესობა მიანიჭეთ გრილ და თხევად საკვებს, როგორიცაა სალათები და ხილი. მოერიდეთ ცილების მაღალი შემცველობის საკვებს.
4. არ გადაახუროთ სხეული, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ მისი გაგრილების მეთოდებს
ჩაიცვით მსუბუქად, ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც არ იწვევს გადახურებას და გაოფლიანებას. ისეთი ბუნებრივი მასალებისგან შეკერილი სამოსი, როგორიც არის ტილო და ბამბა, ზაფხულში გრილია.
თავი დაიცავით მზის სხივებისგან ფართოფარფლებიანი ქუდით, მზის სათვალით, გრძელმკლავიანი სამოსითა და გძელი შარვლით/ქვედაბოლოთი.
გაიგრილეთ სხეული, მაგალითად, გრილი შხაპით, საჭიროების შემთხვევაში კი – სველი ტანსაცმლით ან ცივი სახვევებით. შეცვალეთ საბანი და თეთრეული ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული მსუბუქი ქსოვილებით.
5. იზრუნეთ სხვებზე
ხანდაზმულებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეიძლება დასჭირდეთ მხარდაჭერა და დახმარება ცხელ დღეებში. ყოველ დღე დაუკავშირდით და მოიკითხეთ თქვენთვის საყვარელი ადამიანები, რომლებიც მიეკუთვნებიან რისკის ჯგუფებს, როგორიცაა ხანდაზმულები, გარკვეული მკურნალობის ქვეშ მყოფი და მარტოდ მცხოვრები ადამიანები. საჭიროების შემთხვევაში დაეხმარეთ საყვარელ ადამიანებს, რათა თავი დაიცვან სიცხისგან.
ბავშვები ყოველთვის ვერ ხვდებიან, თუ როგორ დაიცვან თავი სიცხისა და მზის სხივებისგან. გადაიყვანეთ ბავშვები ჩრდილში და დარწმუნდით, რომ საკმარისი რაოდენობით ღებულობენ წყალს.
არ დატოვოთ ბავშვები, მოხუცები ან ცხოველები ცხელ ამინდში გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში უმეთვალყუროდ. თუ თქვენს შვილს გარეთ, საბავშვო ეტლში სძინავს, ნუ დატოვებთ ეტლს მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ.
6. ყურადღებით მოეკიდეთ სიცხესთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებს
თუ თქვენ ან თქვენს საყვარელ ადამიანს აღენიშნება ქრონიკული ან ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება, დააკვირდით სიმპტომების გაუარესებას. მიზანშეწონილია, ექიმთან წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია, თუ როგორ მოქმედებს გარემოს მაღალი ტემპერატურა დაავადების მიმდინარეობასა ან მისთვის დანიშნული მედიკამენტის მოქმედებაზე.
სითბურმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, სისუსტე, თავის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მატება.
თუ გამოვლინდა სხეულის გადახურების სიმპტომები, დაისვენეთ გრილ ადგილას და დალიეთ მეტი წყალი. თუ, დაახლოებით ნახევარ საათში, სიმპტომები შემსუბუქდება და სხეულის ტემპერატურა, რომელიც ჩვეულებრივზე მაღალია, ქვემოთ დაიწევს (0,5 გრადუსით ან მეტით), ეს სიმპტომები, სავარაუდოდ, დაკავშირებულია სითბურ სტრესთან. თუ სხეული ინარჩუნებს მაღალ ტემპერატურას, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ცხელებითაც.
თუ ვლინდება სითბური დაავადების სიმპტომები, ან, თუ ძირითადი დაავადების სიმპტომები უარესდება, საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. შეგიძლიათ დარეკოთ თქვენს სამედიცინო მომსახურების პროვაიდერთან ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომერზე.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონსკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს და ბინადრობის უფლების მქონე პირს, განსაკუთრებით – სტუდენტებს და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. კონკურსში ყველა მონაწილე უნდა იყოს 18 წელზე უფროსი ასაკის.
საკონკურსო მოთხოვნები:
- ფილმი/ვიდეო რგოლი უნდა შეეხებოდეს თბურ ტალღებს
- კონკურსანტებმა ფილმი უნდა გამოაგზავნონ, ანიმაციური ან/და გადაღებული ვიდეო-რგოლის სახით. სიუჟეტი შეიძლება იყოს დოკუმენტური, გამოგონილი ან შერეული
- ფილმი უნდა იყოს ქართულად, ინგლისური სუბტიტრებით
- ხანგრძლივობა – 1 წუთი (მაქსიმალური ხანგრძლივობა – 1,5 წუთი; მინიმალური ხანგრძლივობა – 50 წამი)
- კონკურსში მონაწილეობამდე ფილმი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული რომელიმე პლატფორმაზე
- ავტორს, ფილმზე და ფილმში გამოყენებულ ყველა კადრზე, უნდა გააჩნდეს საავტორო უფლება
- საჭიროების შემთხვევაში, ავტორმა უნდა წარმოადგინოს ფილმში მონაწილე ყველა მსახიობის ნებართვა (საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო თანხმობის ფორმა)
- ავტორს უნდა ქონდეს ფილმში არსებული მუსიკის გამოყენების სრული უფლება
- ფილმის ფორმატი: სულ მცირე HD ხარისხი, 1920×1080, mp4. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამარჯვებული ვიდეო-რგოლი ასევე უნდა დამუშავდეს 1080×1080 ფორმატში, სოციალური მედიის რეკლამისთვის..
დამატებითი ინფორმაცია თბური ტალღების შესახებ:
- ინფორმაცია თბურ ტალღებზე https://drive.google.com/drive/folders/1QYEYk7cBM0MWWHQCLRB1zsLgnaxGr-sA
- კამპანიის მასალები საფრანგეთსა და ფინეთში:
- სარეკლამო ვიდეო-რგოლები საზღვარგარეთ: https://www.ge.ch/document/pendant-canicule-pense-tes-proches-episode-1
- შეფასების კრიტერიუმები
- ფილმის კონცეფცია/სიუჟეტი
- თემასთან შესაბამისობა
- ვიზუალური მხარე და გამოხატვის ფორმა
- ტექნიკური კონფიგურაციები (აუდიო და ვიდეო ხარისხი)
- საკონკურსო ვიდეოს კრიტერიუმების აღწერილობაში წარმოდგენილ ერთი ან რამდენიმე მთავარი გზავნილის ჩართვა
როგორ გამოვაგზავნოთ ფილმი
დასრულებული ვიდეო ატვირთეთ Youtube-ზე ან Vimeo-ზე (UNLISTED);
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები და ვიდეო-რგოლის ბმული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
ანტუან პოგორზელსკი: antoine.pogorzelski@expertisefrance.fr და
ეკატერინე ლობჟანიძე:: e.lobzhanidze@ncdc.ge.
ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ „ერთწუთიანი ფილმი თბური ტალღების შესახებ“.
ვიდეო-რგოლის ბოლოს უნდა იყოს წარწერა: “ფილმი მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია დაძმობილების პროექტი და იგი არ გამოხატავს ევროკავშირის შეხედულებებს“. ასევე, განთავსდეს ლოგოები: ევროკავშირი საქართველოსთვის, ექსპერტიზა-საფრანგეთი (Expertise France), ფინეთის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ინსტიტუტი (THL), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ლოგოებს მოგაწვდით მოთხოვნის შესაბამისად)
ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადა
ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 ივნისი.
საპრიზო ფონდი
საპრიზო ფონდი პირველ ადგილზე გასული გამარჯვებული კონკურსანტისთვის შეადგენს 4 000 ევროს, ხოლო მეორე ადგილზე გასული კონკურსანტისთვის – 2 000 ევროს.
გამარჯვებულების გამოვლენისა და შეფასების პროცესი
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.
გამარჯვებული ფილმები გამოქვეყნდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (დკსჯც) ვებ გვერდსა და/ან შესაძლო პარტნიორი ორგანიზაციის სოციალური მედიის არხებზე
გამარჯვებულები მიწვეულნი იქნებიან ევროკავშირის დაძმობილების პროექტის დასკვნით სემინარზე, სადაც ასევე იქნება ფილმების ჩვენება.
კონკურსის დასრულებამდე ფილმის სხვა პლატფორმაზე განთავსება დაუშვებელია.
გამარჯვებული ვიდეოს ავტორი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადასცემს ვიდეოსთან დაკავშირებულ ყველა საავტორო უფლებას.
ჟიურის შემადგენლობა:
- 3 წარმომადგენელი დკსჯც-ისა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან
- 1 წარმომადგენელი თანამშრომლობაში მონაწილე შესაძლო მედიის ან სხვა პარტნიორისგან
- 2 ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტი
კონკურსის ორგანიზატორი:
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი „ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა საქართველოში“ (პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: Project sheet – Expertise France)
საკონტაქტო პირი: ანტუან პოგორზელსკი, დაძმობილების პროექტის მუდმივი ადგილობრივი მრჩეველი
- ტელ.: საქართველოში +995 551 115 754; საფრანგეთში +33 6 63 23 08 47
- WhatsApp: +33 6 63 23 08 47
ეკატერინე ლობჟანიძე, დაძმობილების პროექტის მუდმივი ადგილობრივი მრჩევლის თანაშემწე. ტელ: +995 599 50 71 67