ევროკავშირი და FAO ახალგაზრდა აგრონომებს ცოდნის მიღებაში ეხმარებიან, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში
სოფლის მეურნეობის სფეროში საუკეთესო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მისაღებად, FAO და ევროკავშირი ახალგაზრდა ქართველ აგრონომებს სტაჟირების პროგრამას სთავაზობენ.
მომავალი აგრონომები, საქართველოს ოთხი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ და ეხმარებიან ფერმერებს, ევროკავშირის მეირ დაფინანსებულ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
აგრონომიის სტუდენტებს ახალციხიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან, აქვთ უნიკალური შანსი, მთელი საქართველოს მასშტაბით, FAO-ს მიერ მოწყობილ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ისწავლონ და იმუშაონ. FAO-ს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ფერმერებთან ერთად სტაჟიორებს თავის გამოცდილებას უზიარებენ ესეთ საკითხებში როგორებიცაა: კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობა, მავნებლების ინტეგრირებული მართვა, კონსერვაციული სოფლის მეურნეობა და საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები.
სტუდენტები კვირაში რამდენიმე დღეს ატარებენ ფერმებში, სადაც ისეთი კულტურები იწარმოება, როგორებიცაა: ბროკოლი, სალათის ფოთოლი, პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, კომბოსტო და ა.შ, როგორც ღია, ასევე სასათბურე მეურნეობების პირობებში. სასოფლო-სამეურნეო სეზონის განმავლობაში, ისინი ფერმერებს ეხმარებიან ბაღების და ნაკვეთების მომზადებაში, აწყობენ ფერმერთა საველე დღეებს, რათა თავიანთი გამოცდილება მეზობელ ფერმერებსაც გაუზიარონ.
„სოფლის მეურნეობის მომავალი საქართველოში დამოკიდებულია ახალგაზრდა სპეციალისტებზე, რომლებიც შეძლებენ ფერმერების დახმარებას ახალი ტექნოლოგიების დანერგვისას. FAO და ევროკავშირი სრული ძალისხმევით გააგრძელებენ საქართველოს აგრონომების და ფერმერების ტრენინგს, რისი შედეგიც იქნება გაუმჯობესებული მოსავალი და საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების დანერგვა“, განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა.
აგრონომიის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, FAO ასევე თანამშრომლობს ქართულ კერძო კომპანიებთან, როგორიცაა „აგრომოტორსი“. ამ თანამშრომლობის შედეგად, კომპანიის სპეციალისტები, FAO-ს ექსპერტებთან ერთად, ატარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გაკვეთილებს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის გამოყენებაში. მომავალი აგრონომების ტრენინგის პროგრამაში ასევე ჩართულები არიან კერძო კომპანიები – „მზიანი მოსავალი“ და „კარტლისი“.
„სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ფერმაში ექვსი თვე გავატარე, ბევრი რამ ვისწავლე სპეციალისტებისგან და ადგილობრივი ფერმერებისგან. პროგრამის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მივიღე, რომელიც აუცილებლად გამომადგება მომავალში“, ამბობს სტაჟიორთა პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე, მერი ბექაური.
ერთწლიანი სტაჟირების პროგრამა ახალი მონაწილეებისთვის მომდევნო წელს გაიხსნება.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. ეს მხარდაჭერა ევროპის საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და გულისხმობს როგორც სოფლის მეურნეობის ხარისხის, სტანდარტებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ასევე სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისა და ადგილობრივი საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების გზით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179.5 მილიონი ევრო. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge