ლეჩხუმელი მეღვინის ღვინო საერთაშორისო ბაზარზე
მისტიკური ხვამლის (ხომლის) მთა საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ლეჩხუმში მდებარეობს. ლეგენდების თანახმად, ეს ის მთაა, სადაც ბერძენმა ღმერთმა ზევსმა პრომეთე მიაჯაჭვა ხალხისთვის ცეცხლის გადაცემისთვის. ისტორიულ წყაროებში წერია, რომ აქ ქართველ მეფეთა განძი ინახებოდა. დღეს ამ მთის კალთებზე ვენახია, სადაც მაღალი ხარისხის, ქვევრის ორგანული ღვინოები საქართველოს უძველესი ტრადიციული მეთოდებით იქმნება.
თამაზ ომანაძე ბავშვობაში ხშირად უყურებდა მზის ამოსვლას ხომლის მთაზე, რომელიც ახალგაზრდა ბიჭისთვის მისტიკური და მიუწვდომელი ჩანდა. დღეს „ხომლი“ უკვე მისი ღვინის სახელია. 2010 წელს მან სერგო და დავით არჯევანიძეებთან ერთად „ხომლის მარანი“ დააარსა. ხელით, ყოველგვარი ტექნიკის გამოყენების გარეშე დაიწყეს ვენახის გაშენება. ბუნება აქ შესანიშნავ პირობებს გვთავაზობს: გვიანი გაზაფხულის დილას ხეობაში ცივი ჰაერი უბერავს, ფერდობები კი სითბოს ინარჩუნებს და ყურძნის კვირტებს ყინვისგან იცავს.
ახალგაზრდობაში ომანაძე ხშირად ფიქრობდა ეკოლოგიასა და ბუნების გადარჩენაზე. 2017 წელს მის კომპანიას ბიოსერტიფიკატი მიენიჭა და ომანაძემ ქიმიკატების გარეშე ორგანული ღვინოების წარმოება და ადგილობრივ მაღაზიებში გაყიდვა დაიწყო. იქიდან კი „ხომლის მარნის“ ბოთლები თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში, მაღალი დონის დიპლომატიურ შეხვედრებზე აღმოჩნდა.
ომანაძის ღვინო მალევე გახდა ლიდერი 10 ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ ღვინოს შორის. მეღვინე ლეჩხუმურ მწვანე ცოლიკოურს, ნახევრადტკბილ ქვევრის უსახელოურს და მშრალ უსახელოურს, ასევე ბიო უსახელოურ ჭაჭას აწარმოებს. დღეისთვის „ხომლის მარანი’ ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ქვევრში, ბიოსერტიფიცირებულ უსახელოურ ღვინოს აყენებს. ფაქტობრივად, ეს არის ერთადერთი ორგანული ღვინის მწარმოებელი დასავლეთ საქართველოში.
„ჩემი თავდაპირველი მიზანი იყო, ჯერ საკუთარ ქვეყანაში, ვაზისა და ყურძნის აკვანში მიმეღწია წარმატებისთვის, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზარზე გავსულიყავი,“ – განმარტავს ომანაძე. ”მაგრამ როგორც კი ჩვენ დავამკვიდრეთ ჩვენი ბრენდი და მზად ვიყავით მსოფლიო ბაზრისთვის, პანდემია დაიწყო.”
პანდემიის შედეგად მრავალი ბიზნესი, მათ შორის „ხომლის მარანი“, გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მაგრამ ხელახლა გახსნის პროცესს ახალი შესაძლებლობები მოჰყვა. „ხომლის მარანმა“ ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Business–ის ინიციატივით, GRETA-ს პროექტის ფარგლებში ახალი აღჭურვილობა შეიძინა და ღვინის წარმოების პროცესი გააუჯობესა. გარდა ამისა, მიიღო მარკეტინგული მხარდაჭერაც, რათა ბიოღვინო საერთაშორისო ბაზარზეც დამკვიდრდეს.
„ამ აღჭურვილობის მიღება პირადად ჩემთვის ნაკლებ ფიზიკურ შრომას ნიშნავდა“, – განმარტავს თამაზ ომანაძე. ”დავზოგე დრო და ფული და ეს თანხები ჩვენი მუშაობის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებისთვის გამოვიყენე.”
ამასობაში თამაზ ომანაძეს დაუკავშირდა ბრიტანული კომპანია, რომელმაც 150 ბოთლი ღვინო შეუკვეთა და დიდ ბრიტანეთში გაიტანა. სულ რაღაც სამ თვეში, ქართული ღვინოები დეგუსტაციისთვის წარადგინეს Hedonism Wines-ში, მაღალი დონის ღვინის, ვისკისა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში, რომლის თაროებზეც 8000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული. ომანაძის ერთი ბოთლი ღვინის ფასი იქ 800 ფუნტზე მეტია.
„ჩვენი ღვინო სამეფო ოჯახის სუფრაზე ჯერ არ მოხვედრილა, მაგრამ სამეფო წრეებში უკვე დაფასებულია“, – ამბობს ომანაძე.
საქართველო განთქმულია ღვინის კულტურით და ქვევრის ღვინის სამშობლოდ ითვლება. ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მიერ ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა აუცილებელია არა მხოლოდ საწყის ფაზაში მყოფი კომპანიებისთვის, არამედ კარგად დამკვიდრებული ქართული ბრენდების პოპულარიზაციისთვის. საბოლოო მიზანია მდგრადი ბიზნეს გარემოსა და ახალი შემოსავლის შესაძლებლობების შექმნა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში.
***
GRETA | “მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა საქართველოში“ მხარდაჭერილია ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მიერ. პროექტს ახორციელებს საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და გაზარდოს საქართველოს ეკონომიკისთვის დამატებითი შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობები ორ მნიშვნელოვან სექტორში: მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. პროექტი ხორციელდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით და მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და ზემო იმერეთის რეგიონებს, სადაც ჩართული არიან მეწარმეები მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია პროექტის ვებ-გვერდიდან – www.gretaproject.ge