თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორ ფილმს ევროკავშირის სპეციალური პრიზი“ადამიანის უფლებები კინოში”გადაეცა
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე ევროკავშირის პრიზი “ადამიანის უფლებები კინოში 2023“ ორ გამორჩეულ ფილმს მიენიჭა. ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გამარჯვებულებს ჯილდოები კინოთეატრ „ამირანში“ გადასცა.
წელს პირველად ჯილდო ორ სხვადასხვა კატეგორიაში გაიცა – მხატვრული და დოკუმენტური. დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში პრიზი რეჟისორის ლუკა ბერაძის ფილმს „ღიმილიანი საქართველო“ გადაეცა, ხოლო მხატვრული ფილმების კატეგორიაში – რეჟისორის აბას ამინის ფილმს „უსასრულო საზღვრები“. საუკეთესო ფილმები გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ პროფესიონალი კინემატოგრაფისტები და ექსპერტები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.
ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„იმ დროს, როდესაც საქართველო და ევროპა ერთმანეთთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს, ევროკავშირისთვის ქართული კინემატოგრაფიისა და საქართველოს უნიკალური კულტურის პოპულარიზაციას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში დაწესებული აქვს სპეციალური საფესტივალო პრიზი “ადამიანის უფლებები კინოში“. ჩვენ ამ ჯილდოს 2017 წლიდან გავცემთ. განსაკუთრებით გვიხარია ის, რომ წელს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კვირეულის დასაწყისში, არა ერთ, არამედ ორ ფილმს ვაჯილდოვებთ – ერთი მხატვრულ და ერთ დოკუმენტურ ფილმს“.
ევროკავშირის სპეციალურ კატეგორიებში წელს ნომინირებული იყო 10 ფილმი, რომლებიც ადამიანის უფლებებს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავდნენ.
მხატვრული ფილმები:
• Endless Borders/უსასრულო საზღვრები – Abbas Amini, Germany/Czech Republic/Iran, 2023 / აბას ამინი, გერმანია/ჩეხეთის რესპუბლიკა/ირანი, 2023
• Lost Country/ დაკარგული ქვეყანა – Vladimir Perisic, Serbia/France/Croatia/Luxembourg, 2023 / ვლადიმირ პერიშიჩი, სერბეთი/საფრანგეთი/ხორვატია/ლუქსემბურგი, 2023
• Opponent/ მეტოქე – Milad Alami, Sweden, 2023 / მილად ალამი, შვედეთი, 2023
• The Burdened/დამძიმებული – Amr Gamal, Yemen/Sudan/Saudi Arabia, 2023 / ამრ გამალი, იემენი/სუდანი/საუდის არაბეთი, 2023
• Woman Of / ქალი – Małgorzata Szumowska, Michał Englert, Poland/Sweden, 2023 / მალგოჟატა შუმოვსკა, მიხალ ენგლერტი, პოლონეთი/შვედეთი, 2023
დოკუმენტური ფილმები:
• In the Rearview/ საიდან სად – Maciek Hamela, Poland/France/Ukraine, 2023 / მაცეკ ჰამელა, პოლონეთი/საფრანგეთი/უკრაინა, 2023 წ
• Motherland/სამშობლო – Hanna Badziaka, Alexander Mihalkovich, Sweden/UA/NO, 2023 / ჰანა ბაძიაკა, ალექსანდერ მიჰალკოვიჩი, შვედეთი/უკრაინა/ნორვეგია, 2023
• Smiling Georgia/ღიმილიანი საქართველო – Luka Beradze, Georgia/Germany 2023 / ლუკა ბერაძე, საქართველო/გერმანია 2023
• Our Body/ჩვენი სხეული – Claire Simon, France, 2023 / კლერ სიმონი, საფრანგეთი, 2023
• We Will Not Fade Away/ ჩვენ არ გავქრებით – Alisa Kovalenko, Ukraine/France/Poland, 2023 / ალისა კოვალენკო, უკრაინა/საფრანგეთი/პოლონეთი, 2023
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის განსაკუთრებული ჯილდოს – “ადამიანის უფლებები კინოში 2023“ გადაცემა უკვე ტრადიციად იქცა. აღნიშნული პრიზი ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით დაწესდა, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება. სპეციალური ჯილდო წელს უკვე მეხუთედ გაიცა.
კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს 2000 წლიდან ატარებს. კინოფესტივალის მიზანია, გამორჩეული ახალი უცხოური და ქართული ფილმების წარმოჩენა.