„მენდე“: ჩემი ოცნება სხვებისთვის მაგალითის მიცემა იყო
ახმეტაში მცხოვრები 34 წლის ავთანდილ (ავთო) ჭიკაძე სულ რაღაც ორი წლის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს საკუთარი საამქრო ექნებოდა.
ხეზე მუშაობა ავთოს ბავშვობიდან იზიდავდა. მაგრამ, სამწუხაროდ, საყვარელი საქმიანობის სახლის პირობებში დასაწყებად საჭირო პირობები თუ დანადგარები მას არასდროს ჰქონია.
თექვსმეტი წლის წინ, როცა ავთო თვრამეტი წლის იყო, მუშაობა თბილისში მდებარე ავეჯის საამქროში დაიწყო. იქ სტანდარტულ ავეჯს — მაგიდებსა და კარებს ლამინატის და მდფ-ისგან ამზადებდნენ. ეს დამწყებისათვის შესაფერისი სამსახური იყო. საამქროში ხის მასალასაც ამუშავებდნენ, ნარჩენებს კი — იქნებოდა ეს კუთხეები, ჩამონაჭრები თუ დაბალი ხარისხის ნაწილები — ყრიდნენ.
ერთ დღეს, სამუშაოსგან თავისუფალ დროს, ავთომ ხის ნარჩენები აიღო და ექსპერიმენტირება დაიწყო. ერთ ნაჭერში მან საათის მექანიზმი ჩაამაგრა, მერე ხე რკინის ჩარჩოში ჩასვა და საათიც მზად იყო! ავთომ ის იქვე, საამქროში დაკიდა.
რამდენიმე დღის შემდეგ საამქროში ავეჯის შესაკვეთად ახალგაზრდა ქალი მივიდა. მან ჩათვალა, რომ საათიც გასაყიდ ნივთთა შორის იყო და ფასი იკითხა.
„თავიდან ხუმრობა გვეგონა. ისე ვუთხარი, 140 ლარი-მეთქი. ახლავე მომცემთო?! მეუხერხულა და 100 ლარად მივეცით. სახლში რომ მივედი, ეს ამბავი მოვყევი და ვიკითხე, რამე გაფუჭებული მექანიზმი ხომ არ გვქონდა. ამის შემდეგ, ახმეტაში რომ დავბრუნდი, სახერხი საამქროდან ძველი მასალები წამოვიღე და სხვადასხვანაირი ნივთები გავაკეთე“, — იხსენებს ავთო.
ასე შეუდგა ის ახალ ცხოვრებას და ნათალთა ოქროდ გარდაქმნას მიჰყო ხელი. ყველაფერი იდეითა და ამ იდეისადმი მყარი რწმენით დაიწყო.
2020 წლის გაზაფხულზე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) ევროკავშირის მხარდაჭერით კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი პროექტის, „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში დაიგეგმა.
პროექტს ახორციელებენ CENN, ორგანიზაცია „Green Lane“ (სომხეთი) და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (საქართველო). მისი ამოცანაა, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების წახალისებითა და დანერგვით განავითაროს სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალი.
ავთოს მეუღლე, იზა ლეგაშვილი CENN-ის განცხადებას ინტერნეტში შემთხვევით გადააწყდა. მან და ავთომ სასწრაფოდ შეავსეს განაცხადის ფორმა.
საკონკურსო კომისიას ცოლ-ქმრის იდეა მოეწონა და ახალგაზრდა წყვილი გასაუბრებაზე მიიწვია.
„მაშინ ბანკში ვმუშაობდი და საბანკო საქმის გარდა არაფერი ვიცოდი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს სამსახურიდან წამოვიდოდი და ოჯახის ბიზნესს ვუხელმძღვანელებდი. 10 თვის განმავლობაში ვმუშაობდით მენტორებთან – ბუღალტერიიდან დაწყებული მარკეტინგით დამთავრებული, ყველაფერი ვისწავლეთ“, — იხსენებს იზა.
ახალგაზრდა წყვილმა ისწავლა, როგორ ექცია ჰობი ბიზნესიდეად, როგორ დაეწერა პროექტი და ბიზნესგეგმა. მათ სიღრმისეულად შეისწავლეს მარკეტინგი, კლიენტთან ურთიერთობები და რას ნიშნავს, შექმნა საკუთარი ბრენდი.
მალევე სადურგლო საქმის ოსტატი ავთო მწვანე მეწარმედ იქცა, ხოლო საკრედიტო ოფიცერი იზა — საკუთარი კომპანიის მმართველად.
ავთომ და იზამ CENN-ისგან ორი გრანტი მიიღეს — ერთი ბიზნესის დასაწყებად, მეორე კი მის გასაფართოებლად. ორივე გრანტმა ერთობლივად 38 000 ლარი შეადგინა.
ამ თანხით მათ ახმეტაში საამქრო და შოურუმი გახსნეს. შოურუმად მათ საკუთარი ავტოფარეხი გადააკეთეს, ხოლო საამქროდ — ძველი საკუჭნაო.
„ორი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, შენი საამქრო გექნებაო, ვერ დავიჯერებდი. არც მიფიქრია“, — ამბობს ავთო.
CENN-ის დახმარებით იზამ კომპანია დაარეგისტრირა, ბრენდის სახელი მოიფიქრა და ლოგო შექმნა.
„კლიენტები რომ ურეკავდნენ ავთოს, სულ ეუბნებოდა, ‘თუ მენდობით, თუ მენდობითო’… და ასე გამიჩნდა იდეა, ბრენდისთვის ‘მენდე’ დაგვერქმია. ლოგოც შევქმენით — ხე, გამოკვეთილი ტოტებით, ფერიც ხესთან მიახლოებული ავირჩიეთ“, — ჰყვება იზა.
საამქრო „მენდე“ ახლა სრული დატვირთვით მუშაობს. მასალა — ხის და რკინის ნარჩენები — ახმეტაში გროვდება. ავთოს შეთანხმება აქვს ხის და რკინის გადამამუშავებელ საწარმოებთან და ისინი მას იმ მასალას აწვდიან, რომელსაც თავად არ იყენებენ. მასალის ნაწილს უფასოდ აძლევენ, ნაწილს კი თავად ყიდულობს.
იზა შეკვეთებს იღებს — მისი საქმე კლიენტებთან ურთიერთობაა. მყიდველები, მეტწილად, 25-45 წლის ასაკობრივი ჯგუფიდან არიან — ისინი, ვისაც კარგად ესმით ხელნაკეთი ნივთების ფასი.
ავთო შეკვეთებზე მუშაობს. ამისათვის მისი საამქრო უკვე სრულყოფილადაა აღჭურვილი.
„მენდე“, ძირითადად, ხის საათებს, შანდლებს, სადეგუსტაციო ლანგრებს და სხვადასხვა აქსესუარს ამზადებს. დღესასწაულებისთვის ისინი თემატურ ნივთებსაც ქმნიან — იქნება ეს საახალწლო, სააღდგომო თუ სხვა სახის სუვენირები.
ისინი ხანდახან ავეჯზეც იღებენ შეკვეთებს: პუფებს, კომოდებს და მაგიდებს ამზადებენ.
„მენდეს“ პროდუქცია აშშ-სა და გერმანიაშიც კი გაიყიდა. ნივთები იქ მცხოვრებმა ქართველებმა შეიძინეს. მწვანე მეწარმეობის პარალელურად, „მენდეს“ მეორე მიმართულებაც აქვს. ეს სოციალური მეწარმეობაა, რომელიც, ძირითადად, ახმეტაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან მუშაობაზე კონცენტრირდება. ავთო მათ ხის დამუშავებას ასწავლის.
ბრენდად ქცევის შემდეგ, „მენდემ“ სოციალურად დაუცველი ოთხი ახალგაზრდა მოამზადა. ერთი მათგანი უკვე მუშაობს თბილისში მდებარე სადურგლოში, მეორე ავთოს ხის დამუშავებაში ეხმარება, მესამე კი — რკინის შედუღებაში.
„სულ მინდოდა, ახმეტაში რამე გამეკეთებინა, სხვებისთვის მაგალითი მიმეცა. რომ არა CENN და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა, წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ეს ოცნება შეიძლებოდა რეალობად მექცია“, — ამბობს ავთო.
„მენდე“ ახმეტაში საკუთარი მაღაზიის გახსნასაც გეგმავს. ავთოს და იზას სჯერათ, რომ ეს „მენდეს“ წინსვლის და გაზრდის მხოლოდ დასაწყისია.
ავტორი: ნინო ნარიმანიშვილი
ფოტოები: JAMNEWS