ევროკავშირი ვიზუალურ ხელოვანებს ენერგოეფექტურობის შესახებ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს
ომპანია Gopa Intec, ორგანიზაცია CENN-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს ენერგო სექტორის რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, ენერგოეფექუტურობის თემაზე კამპანიას იწყებს და ვიზუალურ ხელოვანებს იწვევს კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად. კამპანიას მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
კამპანიის მიზანია, ვიზუალური ხელოვნების საშუალებით, კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენების შერბილებისა და თავიდან აცილების პროცესებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ენერგეტიკის სექტორს სათბურის აირების გაფრქვევაში ყველაზე დიდი წილი აქვს. სწორედ ამიტომ, ენერგოეფექტურობა და ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება უმნიშვნელოვანესია კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა (შერბილება) და მიტიგაციის (თავიდან აცილება) პროცესში. შესაბამისი ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვით, შესაძლებელია, მინიმუმამდე შემცირდეს წიაღისეული საწვავის გამოყენება, ენერგორესურსების არაეფექტური მოხმარება და სათბურის აირების ემისია.
იმისათვის, რომ ხელოვანებმა კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა, პირველადი საკონკურსო ეტაპი უნდა გადალახონ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილეებმა დაგეგმილი ნაშრომების კონცეფციები უნდა მოამზადონ შემდეგი თემების გარშემო:
- ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობა;
- ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მნიშვნელობა;
- ენერგოეფექტურობა შენობებში;
- განახლებადი და სუფთა ენერგია;
- ენერგოეფექტური ტრანსპორტი.
პირველად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხელოვანებს 18 წლიდან. მონაწილეობის მსურველებს ნამუშევრების წარდგენა შემდეგ კატეგორიებში შეეძლებათ:
- ფერწერული ნახატი
- სკულპტურა
- ვიდეო/ვიდეო ინსტალაცია
- ინფოგრაფიკა/ილუსტრაცია
ხელოვანების მიერ წარდგენილი კონცეფციები უნდა ასახავდეს მათ მიერ შესასრულებელი ნამუშევრის ხედვას. ნაშრომის იდეასთან ერთად, ხელოვანებმა უნდა გამოაგზავნონ მსგავს ტექნიკაში შესრულებული მინიმუმ სამი ნამუშევრის ფოტო ან პორტფოლიო.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთონ კონცეფციის დოკუმენტი 2024 წლის 14 აპრილის ჩათვლით.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/r4Fk23QBbpX5sYP47
შერჩევის პროცესი: დამოუკიდებელი ჟიურის წევრები კონცეფციებს შეაფასებენ კრეატიულობის, თემის რელევანტურობისა და შეთავაზებული ნამუშევრის შესაძლო გავლენის მიხედვით. საბოლოო ეტაპისთვის თითო კატეგორიიდან ჯამში 3 ხელოვანი შეირჩევა. თითოეული მათგანს გადაეცემა 2,000 ლარი (გადასახადების ჩათვლით) ფინალური ნამუშევრების შესაქმნელად. შერჩეულ კანდიდატებს ნამუშევრების შესაქმნელად მიეცემათ ერთი თვის ვადა. თანხის გადახდა მოხდება ნამუშევრის შესრულების შემდგომ, მიღება-ჩაბარების გაფორმების საფუძველზე.
სამუშაო პროცესი: ყველა კატეგორიაში მონაწილე ხელოვანს ეყოლება თემატური მენტორი, რომელიც უზრუნველყოფს ნამუშევრების შექმნის პროცესში ექსპერტულ დახმარებას. ექსპერტები იქნებიან ჩართულები ორი მიმართულებით: 1) თემატური ექსპერტიზა ენერგოეფექტურობაში, 2) კურატორული ექსპერტიზა.
გამოფენა: შერჩეული ნამუშევრები გამოიფინება სპეციალურად კამპანიისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ნამუშევრების მთავარი თემების შესახებ ცნოებიერებას კიდევ უფრო აამაღლებს. გამოფენა დაგეგმილია 2024 წლის ივნისში, ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში.
ევროკავშირის შესახებ:
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia/
პროექტის შესახებ:
“საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა” 2021 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დახმარებას ენერგეტიკულ სექტორში რეფორმების განხორციელებისა და იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანას ეკისრება შემდეგი მიმართულებებით: ენერგოეფექტურობა, შენობების ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიების წახალისება და ენერგეტიკული ბაზარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:
ანა პეტრიაშვილი, კომუნიკაციების სპეციალისტი, CENN
ტელ: 599 522 127, E-mail: ana.petriashvili@cenn.org