fbpx
Skip to main content

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ კონფლიქტით დაზარალებული ქალების პროფესიულ გადამზადებას

კონფლიქტით დაზარალებული ქალების მიერ შექმნილი ტანსაცმლის გალა-წარმოდგენა / Creating career opportunities for women affected by conflict

40 ქალის მიერ შექმნილი ტანსაცმელი და ნაკეთობები ზუგდიდში გამართულ გალა-წარმოდგენაზე გამოიფინა.

ზუგდიდში გამართულ გალა-წარმოდგენაზე, ორმოცმა კონფლიქტით დაზარებულმა ქალმა საკუთარი ხელით შექმნილი ტანსაცმელი, ტრიკოტაჟი, სათამაშოები და ნაქსოვი ნაკეთობები წარადგინა. გამოფენის მონაწილეებმა ახალხან გაიარეს ხელსაქმის პროფესიული ტრენინგი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელები მშვიდობისთვის“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროგრამის EU4Dialogue ფარგლებში გაუძღვა.

ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარების შედეგად, კონფლიქტით დაზარალებულმა ქალებმა ოთხი სახის ხელსაქმე შეისწავლეს – ქსოვა, ქარგვა, ჭრა-კერვა (ტანსაცმლის მოდელირება) ან ტრიკოტაჟი (მაკრამეს ძაფით ქსოვა). ტრენინგზე შეძენილმა პროფესიულმა  ცოდნამ და უნარებმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს მათ დასაქმებას, მეწარმეობასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

ტრენინგის ექვსმა მონაწილემ უკვე დაიწყო სამსახური ხელსაქმის მიმართულებით, ხოლო სხვა ექვსმა მონაწილემ მიიღო მცირე გრანტები მეწარმეობის გასაგრძელებლად.

„ევროკავშირთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ჩვენ ხელს ვუწყობთ კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს, წარმატებას მიაღწიონ პროფესიულ საქმიანობასა და მეწარმეობაში. საგანმანათლებლო და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომა სასიკეთოდ აისახება არა მხოლოდ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე, არამედ მთელს საზოგადოებაზე“, – განაცხადა მარიამ ბეგიაშვილმა, EU4Dialogue პროექტის კოორდინატორმა.

გალა-წარმოდგენა ტანსაცმლის დეფილეთი გაიხსნა. ტრენინგის მონაწილე ქალებმა, თავიანთ შვილებთან ერთად, პროექტის ფარგლებში შექმნილი ტანსაცმელი და აქსესუარები თავად წარადგინეს. აქვე გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, სადაც სტუმრებს შეეძლოთ ტანსაცმლისა და ნაქსოვი სათამაშოების დათვალიერება და შეძენა. 

ხელსაქმის შესწავლასთან ერთად, პროექტის მონაწილე ქალებმა გაიარეს დამატებითი გადამზადება მარკეტინგის, გაყიდვების, სოციალური მედიის გამოყენების, ბიზნეს-გეგმის შედგენისა და საგრანტო განაცხადის მომზადების საკითხებში.

კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებაში სოციალური ერთიანობის განმტკიცების მიზნით, სასწავლო პროგრამაში ჩართულები იყვნენ როგორც დევნილები, ისე ადგილობრივი მაცხოვრებლები. 40 მონაწილიდან, 15 აფხაზეთიდან დევნილი იყო, ხოლო სხვები ზუგდიდის, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლები.

***

EU4Dialogue ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება და ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაზრდას, საარსებო წყაროს შექმნას, გენდერული თანასწორობის მიღწევას, ახალგაზრდების ჩართულობასა და კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნას. პროგრამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროკავშირის ვებგვერდზე: https://bit.ly/3BIreEv.

საკონტაქტო ინფორმაცია

eu4dialogueახალიამბები