9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს ისტორიას და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ევროპული პროექტის შექმნას. ევროპის დღეს ჩვენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასაც ვზეიმობთ. წელს, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის უკეთ წარმოსაჩენად, რაღაც ახალი შევქმენით. ვითანამშრომლეთ ქართველ კინორეჟისორთან, გიორგი ქველიძესთან იმისათვის, რომ შეგვექმნა ფილმი „ევროპა და მე“, რომელიც ჩვენს ოთხ სამიზნე რეგიონში: კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს. ეს ფილმი მოგვითხრობს ჩვენს საერთო ღირებულებებზე – მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე.
კახეთის სოფელ უდაბნოში მეცხვარე და მზარეული ირაკლი გვიყვება, თუ როგორ შეუძლია მრავალფეროვან საზოგადოებას ჩვენი ცხოვრების გამდიდრება. რაჭაში თენგიზი, რადიომიმღებების საკუთარი კოლექციით, საზღვრებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. ის ყოველთვის ისწრაფოდა თავისუფლებისაკენ, მაშინაც კი, როდესაც ეს ადვილი არ იყო. გურიაში ვეცნობით ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბს, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველად შეძლო ევროპის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს. მათგან ვსწავლობთ ლიდერობას, გადაწყვეტილების გუნდურად მიღებას და იმას, რომ გენდერს სპორტში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმერეთში ჩვენ ვხვდებით აქტიურ მოქალაქეებს, აკაკის და ლეონორს, რომლებიც ახალგაზრდებთან ერთად მუშაობენ ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრების „მწვანე“ წესის დასამკვიდრებლად და უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ყველა ეს ისტორია ასახავს იმ ღირებულებებს, რომლებსაც იზიარებს და ამკვიდრებს ევროკავშირი და საქართველო.