
ევროკავშირი საქართველოს რეგიონებში ადგილობრივ თემებს და განვითარებას უჭერს მხარს
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი კახეთს ეწვია, იმის საჩვენებლად, რომ ევროკავშირი აგრძელებს ხელშესახები სარგებლის მოტანას საქართველოს რეგიონების თემებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივების მეშვეობით, რომელიც ადგილობრივ თემებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესთან და მედიასთან უშუალოდ მუშაობს. კახეთში ვიზიტის დროს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი შეხვდა ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს და მედიის წარმომადგენლებს, რომ განეხილათ ევროკავშირის მიმდინარე და მომავალი მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია ადგილობრივ განვითარებისა და განათლების გაძლიერებაზე, ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და საქართველოს დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერებაზე.
„ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მოსახლეობის და მისი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევია. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ცხოვრების გაუმჯობესებაზე, რომ ხალხს მიეცეს საშუალება საკუთარი მომავლის შექმნისა; უზრუნველყოფილი იყოს, რომ ადგილობრივ თემებს, მათ შორის აქ, კახეთში, მათთვის საჭირო სერვისებზე ჰქონდეთ წვდომა“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
საქართველოს მასშტაბით, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის საიმედო პარტნიორია, რომელიც ასტიმულირებს ეკონომიკურ ზრდას, ავითარებს ინფრასტრუქტურას, აფართოებს შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობისთვის და ადგილობრივ მეწარმეებს ახალ ბაზრებზე წვდომაში ეხმარება. სოფლად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ტურიზმის განვითარებაზე, ქმნის მდგრად სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ პერსპექტივებს. განათლებისა და ახალგაზრდობის პროგრამები აგრძელებს ახალგაზრდების უზრუნველყოფას უნარებით და კარიერული შესაძლებლობებით, რაც მათ საშუალებას აძლევს წვლილი შეიტანონ თავიანთი თემების განვითარებაში. ევროკავშირის მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან კვლავ არსებითია დემოკრატიული ანგარიშვალდებულების, სამოქალაქო ჩართულობისა და მედეგობის უზრუნველსაყოფად. საზოგადოებაზე ორიენტირებულ ინიციატივებში უშუალო ინვესტიციებით ევროკავშირი უზრუნველყოფს, რომ დაეხმარება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, რითაც ხელს უწყობს ადგილობრივ ლიდერობასა და მედეგობას.
ვიზიტის დროს ასევე წარდგენილი იყო „წიგნების თარო ევროპის შესახებ“, ინტერაქციული საგანმანათლებლო ინიციატივა, რომლის მიზანია ევროპის დაახლოება საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებთან და ცოდნისა და შესაძლებლობების სფეროში საერთო მომავლის გაძლიერება.
საქართველოს ევროპული გზა ასახავს მისი მოსახლეობის ისტორიულ ნებას და მრავალსაუკუნოვან კულტურულ და პოლიტიკურ კავშირებს ევროპასთან. რეგიონული ტრადიციები და უნიკალური კულტურები საქართველოში ფართო ევროპული მოზაიკის ნაწილია, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ადგილს ევროპაში. ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია, მაგრამ ამ წინსვლას და ევროკავშირის შემდგომ მხარდაჭერას თანდათან გაუქმება ემუქრება ევროინტეგრაციის გზაზე განსაზღვრულ საკვანძო საკითხებთან შესაბამისობის გარეშე. უკუსვლის მიუხედავად, ევროკავშირი საქართველოში მუშაობას აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.