ევროკავშირის დაფინანსებით ბოლნისში ადგილობრივმა მეწარმეებმა პროდუქციის ხარისხისა და გაყიდვების გაზრდა შეძლეს
ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული ინიაციატივა „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ დასრულდა. ორწლიანი პროექტის შედეგები ქალაქში გამართულ ფორუმზე შეაჯამეს, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორების, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის ბიუჯეტმა 250 000 ევრო შეადგინა, საიდანაც 200 000 ევრო ევროკავშირის გრანტია, ხოლო 50 000 ევრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინასებას წარმოადგენს. აღნიშნული დაფინანსების შედეგად, ადგილობრივი მეწარმეებისთვის რამდენიმე სიახლე დაინერგა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის ზრდასა და ლოკალური ფერმერების ეკონომიკურ გაძლიერებას. უფრო კონკრეტულად:
- ბოლნისის აგროცენტრში დაინერგა ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომლის მიზანია, გააუმჯობესოს ისეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სტანდარტები, როგორებიცაა: მარცვლეული, რძე და ღვინო;
- შეიქმნა ონლაინ – პლატფორმა www.bolnisiagrocenter.ge, რომელმაც ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის ციფრულ არხებში განთავსებისა და გაყიდვის შესაძლებლობა მისცა. ამავდროულად გაამარტივა პროცესი იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან, ბოლნისში წარმებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვით.
ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა „მდგრადი და მწვანე ქალაქის სტრატეგია“; დამონტაჟდა ენერგოეფექტური სკამები და მოეწყო ენერგოეფექტური ავტობუსის გაჩერება. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ტურისტულ სივრცეებს, რომლებიც დღეს ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებს იზიდავს.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კატალინ გერმანი აღნიშნავს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ვფიქრობთ, მუნიციპალიტეტების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელზეც უნდა ვკონცენტრირდეთ. ეს ძალიან სასარგებლო საქმეა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სწორედ ამიტომ ევროკავშირი ყოველთვის მოხარულია, მხარი დაუჭიროს მსგავს ინიციატივებს. კანდინდატის სტატუსი საშუალებას იძლევა, უფრო ინტენსიური გახდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა, რაც თავისთავად გულისხმობს დიდ შესაძლებლობებს რეგიონალური და ეკონომიკური განვითარებისთვის. მჯერა, ამ შესაძლებლობას მუნიციპალიტეტები კარგად გამოიყენებენ“.
***
“მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) წარმოადგენს ინიციატივას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და მიმართულია მდგრადი მუნიციპალური განვითარებისკენ. M4EG ინიციატივა მიზნად ისახავს, ადგილობრივ ხელისუფლებათა ეკონომიკურ გაძლიერებას. ეს თავის მხრივ ეხმარება მუნიციპალიტეტებს დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტური ცვლილებები საკუთარ რეგიონებში. სამოქმედო გეგმების განსაზღვრის შემდეგ, მუნიციპალიეტეტების მიერ განვითარებული პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.