fbpx
Skip to main content

„ევროპის გუნდი“ საქართველოში იწყებს განვითარებაზე ორიენტირებული ორი მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას

22/06/2023

საქართველოში ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობებმა გამოაცხადეს „ევროპის გუნდის“ მიერ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ორი ახალი ინიციატივის განხორციელების დაწყების შესახებ. ერთი ინიციატივა მიმართულია “დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებაზე”, ხოლო მეორი ინიციატივის სახელწოდებაა “მწვანე და ჯანსაღი”.

ღონისძიება ჩატარდა არაგვში, ადგილობრივი ფესტივალის მსვლელობისას, რომელსაც საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო და ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მასპინძლობდნენ. ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ „ევროპის გუნდის“ ელჩები, აგრეთვე ნინო თანდილაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და მანანა ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.

ღონისძიების გახსნისას პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა, განაცხადა: „ევროპის გუნდის“ მიდგომა აერთიანებს ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და ევროპულ საფინანსო ინსტიტუტებს ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მოქალაქეებისათვის უკეთესი შედეგებისა და მეტი ხელშესახები სარგებლის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დღეს ვიწყებთ ორ ახალ ინიციატივას, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს მოქალაქეებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და მწვანე და ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფას“.

„გულწრფელად მიხარია, რომ ჩეხეთი 2018 წლიდან მხარს უჭერს ამ ულამაზეს რეგიონს კომპლექსური პროექტის „არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარება“ საშუალებით. ავსტრიისა და სლოვაკეთის თანადაფინანსებით, ჩვენ ვეხმარებით არაგვის რეგიონს, მდგრადი გზით გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, კარგად დაიცვას ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა, გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივი მოსახლეობას და ვაუმჯობესებთ მათ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს“, – აღნიშნა პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის ელჩმა.

„ავსტრია „ევროპის გუნდის“ აქტიური წევრი და „ევროპის გუნდის“ ინიციატივის „დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება“ თანათავმჯდომარეა. განვითარებაზე ორიენტირებული ჩვენი თანამშრომლობის მთავარი პრინციპია „ერთად უკეთესია“. ამის კარგი მაგალითია ჩვენი პარტნიორობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ჩეხეთსა და სლოვაკეთთან, არაგვის დაცული ტერიტორიების მხარდასაჭერად. ამ ერთობლივი მხარდაჭერის წარმატება გვაძლევს სტიმულს, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს სხვა მთიან რეგიონებშიც“, – განაცხადა თომას მიულმანმა, ავსტრიის ელჩმა.

დღეს დაწყებულ ორ ინიციატივას „ევროპის გუნდი“ მომდევნო წლებში ერთობლივი ძალისხმევით განახორციელებს.

„ევროპის გუნდის“ შესახებ

„ევროპის გუნდი“, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა, როგორც კოვიდ-19-ის პანდემიაზე ევროკავშირის ერთობლივი რეაგირების ინსტრუმენტი, გარდაიქმნა ინიციატივების სერიად, რომლებიც მიზნად ისახავენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და ევროპული საფინანსო ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას და მიმართვას პარტნიორ ქვეყნებში ტრანსფორმაციული გავლენის უზრუნველსაყოფად.

2023 წელს „ევროპის გუნდი“ საქართველოში ორი მასშტაბური ინიციატივის განხორციელებას იწყებს:

დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება”, რომლის მიზანია ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლებს შორის არსებული განსხვავების შემცირება და ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხ. საინფორმაციო ბიულეტენი, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქედან.
მწვანე და ჯანსაღი”, რომლის მიზანია საქართველოს ბუნების დაცვა, ნარჩენების მართვის სერვისების გაუმჯობესება და მუნიციპალიტეტების „გამწვანება“ საქართველოში მცხოვრები ადამიანებისათვის უკეთესი და ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველსაყოფად.დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხ. საინფორმაციო ბიულეტენი, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქედან.

მედიასთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ინგა ნიკაგოსიანი, ჯგუფის ხელმძღვანელი, EU4Georgia: in@ntu.eu, 577 293979;
თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახურის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: tamriko.mikadze@eeas.europa.eu
ნინა კოპალეიშვილი, PR კონსულტანტი, ჩეხეთის განვითარების სააგენტო: ninakopaleishvili@gmail.com, 598 940 004