
ევროპული მწვანე შეთანხმებისა და სხვა ისეთი ინიციატივების შემუშავების შედეგად, როგორიცაა სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის რეფორმა, ევროკავშირმა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა საკუთარ უპირველეს პრიორიტეტად აქცია. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეფორმები საქართველოს ევროკავშირის გარემოსდაცვით მოთხოვნებსა და სტანდარტებთან აახლოებს და გარემოს უკეთ დაცვას უზრუნველყოფს, კლიმატის ცვლილების ზემოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლასთან პარალელურად. ეს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხსა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს.
Global Gateway სტრატეგიის ფარგლებში ევროკავშირი აქტიურად მუშაობს საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაზე. ეს ხელს უწყობს ენერგიისა და ფინანსური რესურსების დაზოგვას და შენობებში სითბოს შენარჩუნებას. ევროკავშირი ასევე ხელს უწყობს საქართველოში განახლებადი ენერგიის გამომუშავებას, რაც არა მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გააძლიერებს, არამედ შეამცირებს ენერგეტიკული სექტორის უარყოფით ზემოქმედებას გარემოზე. ევროკავშირმა დიდი წვლილი შეიტანა მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურების მოდერნიზებაში და საქართველოს კავკასიაში პირველი კომერციული ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაში დაეხმარა. ევროკავშირი აგრძელებს ენგურჰესის (რომელიც საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის დაახლოებით 40%-ს აწარმოებს) მიმდებარე ობიექტების სარემონტო სამუშაოების დაფინანსებას. ერთ-ერთ წამყვან პროექტს წარმოადგენს თბილისში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პროექტი, რომელიც სარგებელს 1 მილიონზე მეტ ადამიანს მოუტანს.
გარემოს დაცვისა და კლიმატის მიმართულებით ევროკავშირი საქართველოს ასევე ეხმარება ნარჩენების მართვის გაუმჯობესებაში, მათ შორის მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაში, წყლის სექტორის რეფორმირებაში, გარემოსა და ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასებების ჩატარებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში. ევროკავშირი მიზნად ისახავს სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების მართვისა და შესაბამისი კანონმდებლობის გაუმჯობესებას და განსაზღვრავს გარემოსდაცვითი რისკებისა და ზემოქმედებების მართვის მექანიზმებს.
ENPARD პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის გარემოსდაცვითი მიმართულება მნიშვნელოვნად გააძლიერა. ევროკავშირი საქართველოს დაეხმარა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტყის მდგრადი მართვა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მეტყევე ინჟინრების შესაძლებლობების განვითარება და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა. ევროკავშირმა ასევე ხელი შეუწყო სოფლად განახლებადი ენერგიის გამოყენებას და ენერგოეფექტურობის ზრდას, რაც როგორც გარემოს, ასევე სოფლად მცხოვრები თემების მდგრადობას აძლიერებს.
ევროკავშირის მხარდაჭერა გამოს დაცვის მიმართულებით
ვიდეო ისტორიები

საგრანტო კონკურსი – მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის

ევროკავშირის დაფინანსებული GESR პროექტი ენერგოეფექტურობის საკითხების გაშუქების თემაზე მედიის მენტორობის პროგრამას იწყებს საქართველოში
