fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ქალთა გაძლიერების პროექტის პირველი სამუშაო შეხვედრა

01/07/2024

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) და ევროპის ბიზნეს ასოციაციამ (EBA) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტის – „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” ფარგლებში, დაინტერესებული მხარეების პირველ შეხვედრას უმასპინძლეს, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ციფრულ სფეროში ადამიანური რესურსებისა და ქალთა ჩართულობის გასაძლიერებლად საქართველოში. 

ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს: ნიკოლას სენდროვიჩმა – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა;  ნინო ენუქიძემ – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა და ირინა საკიმ – ევროპის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა.  

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი – „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში’’-  მიზნად ისახავს, სამი ნაკადის განმავლობაში, 1100 ბენეფიციარისა და 320 მენტორის მოზიდვას,  რეგიონული მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით, დედაქალაქის გარეთ რეგიონებიდან მონაწილეთა მინიმუმ ერთი მესამედის შერჩევით.  

ხუთთვიანი ინტენსიური მენტორობის სესიები, ხუთ ძირითად ტექნოლოგიურ სფეროში განხორციელდება: კიბერუსაფრთხოება, Front-end დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი,  ციფრული მარკეტინგი და UX/UI დიზაინი. პირველი ნაკადის ბენეფიციარების გადამზადება 2024  წლის ივლისიდან დაიწყება და მასში 100 ბენეფიციარი და 70 მენტორი ჩაერთვება.  

შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიზნებთან დაკავშირებული ისეთი თემები, როგორიცაა ქალთა საინფორმაციო და საკომუნიკაციო უნარების განვითარება და კარიერული შესაძლებლობები. პროექტი მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას, როგორც ტექნოლოგიური ისე რბილი უნარების განვითარების გზით, რათა მათ შეძლონ ღირსეული კონკურენციის გაწევა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო კურსების მეშვეობით, აღნიშნულ ინიციატივას, უდიდესი წვლილი შეაქვს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, კერძოდ ხარისხიანი განთლების, გენდერული თანასწორობის, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდისა და თანამშრომლობის მიმართულებით. 

„მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ნებას გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი,  შესაბამისად, ხელს ვუწყობთ მოქალაქეების ჩართულობას დემოკრატიულ და ეკონომიკურ პროცესებში. 2024 წელს, ეს ნიშნავს ქალების ციფრული ცნობიერების ამაღლებას და ისეთი ინიციატივის მხარდაჭერით, როგორიცაა „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში”, მიზნად ვისახავთ საინფორმაციო და ტექნოლოგიების სექტორში არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და ქალთა გაძლიერებას ციფრულ ეპოქაში.” – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა,  

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა. 

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აფასებს ევროკავშირის მხარდაჭერასა და რესურსებს. სწავლების, მენტორობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების გზით,  ქალებს მთელი საქართველიდან ვაძლევთ შესაძლებლობას, გაიუმჯობესონ ტექნოლოგიური უნარები, რომლებიც მათ ციფრულ ეპოქაში განვითარებისა და დასაქმებისთვის სჭირდებათ” – განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო ენუქიძემ. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის მენტორები, ექსპერტები და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობისა და ციფრული ინკლუზიის განვითარებას და გაძლიერებას საქართველოში.  

ევროკავშირის შესახებ 

30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება.  საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshirisakartveloshi/  

პროექტის შესახებ 

ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში”, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) ევროპის ბიზნეს ასოციაციასა და ლიეტუვურ Women Go Tech-თან ერთად ახორციელებს, მიზნად ისახავს, ციფრულ სფეროებში ქვეყნის ადამიანური რესურსების გაძლიერებას, ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის ზრდასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას. პროექტი ეხმიანება ევროკავშირის 2020-2025  წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგიას და ციფრული უთანასწორობის მესამე სამოქმედო გეგმას.