fbpx
Skip to main content

კომუნიკაციის ხელოვნება მშვიდობის მშენებლობისთვის

International Day of Peace / მშვიდობის საერთაშორისო დღე

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების სამშვიდობო ინიციატივებს.

მშვიდობის საერთაშორისო დღეს, გორში გაიმართა ღონისძიება, რომელსაც შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები დევნილები, კონფლიქტით დაზარალებული ქალები და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა დაესწრო. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ადგილობრივ ქალთა ორგანიზაცია “მშვიდობის კვლევის ცენტრი თბილისი”, ხოლო მხარდამჭერები ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.

მშვიდობის დღემ ხაზი გაუსვა კონსტრუქციული სამშვიდობო კომუნიკაციის მნიშვნელობას კონფლიქტით დაზარალებული თემებისთვის. ღონისძიების მონაწილეები ჩაერთნენ პრაქტიკულ სემინარში ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების გასაღრმავებლად. ტანგოს საცეკვაო ელემენტების გამოყენებით, მათ უკეთ გაიაზრეს, თუ როგორ იგება ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა ადამიანებს შორის და რა გზით ხდება ემოციების მართვა და კონფლიქტის არიდება.

„მშვიდობის საერთაშორისო დღეს, ჩვენ ვდგავართ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების გვერდით, რათა მათთან ერთად ავაშენოთ მშვიდობიანი მომავალი. მტკიცედ გვჯერა, რომ ღია და პატივისცემით სავსე კომუნიკაციას შეუძლია დაამსხვრიოს სტერეოტიპები, გააბათილოს ცრუ წარმოდგენები და ხელი შეუწყოს ადმიანებს შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ანა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

EU4Dialogue პროექტის ფარგლებში, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა თანამშრომლობენ ოცზე მეტ ქართულ არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციასთან, რომლებიც ჩართულები არიან კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისა და სოციალური ერთობის მშენებლობის საქმეში. ამ თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არაერთი სამოქალაქო ინიციატივა ხორციელდება. მათ შორისაა სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების ხელშეწყობა, ახალგაზრდული ჯგუფებისა და გარემოსდაცვითი აქტივისტების მხარდაჭერა და საზოგადოებრივი დიალოგი კონფლიქტის მშვიდობიანი გარდაქმნის, ადამიანის უფლებების დაცვისა და თანასწორობის მიღწევის შესახებ.

***

„EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება და ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაზრდას, საარსებო წყაროს შექმნას, გენდერული თანასწორობის მიღწევას, ახალგაზრდების ჩართულობასა და კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნას.

საკონტაქტო ინფორმაცია

eu4dialogueახალიამბები