fbpx
Skip to main content

ფოტოგამოფენა – „10 წელი ფოკუსში“

23/03/2025

22 მარტს, გორის „ხელოვნების სახლში“ გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „10 წელი ფოკუსში“.  გამოფენაზე, კონკურსის  „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებული ფოტოჟურნალისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიასა და  მისი ხალხის გამძლეობას, გამოწვევებსა და წარმატებებს ასახავს.

გამოფენაზე ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობის ამსახველი ფოტოებია გამოფენილი.  მისია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას უკვე 16 წელია ემსახურება. EUMM მრავალი წელია  თანამშრომლობს კონკურსთან “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” და აღნიშნული გამოფენა კიდევ უფრო აძლიერებს ამ პარტნიორობას.

„ევროკავშირი ამაყობს, რომ მხარს უჭერს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას და ისეთ კულტურულ სივრცეებს, როგორიცაა გორის „ხელოვნების სახლი“. კულტურა და შემოქმედება  მხოლოდ თვითგამოხატვა არ არის – ეს არის საზოგადოებისათვის ხმის უფლების მიცემა, კულტურის შენარჩუნება და დიალოგის ჩამოყალიბება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ხმები – ძლიერი და მკაფიო – საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ისმოდეს”. ზანე რუნგულე- საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე.

„16 წელზე მეტია, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოშია. ჩვენი სამი რეგიონული ოფისიდან, ერთერთი გორში მდებარეობს. ჩვენთვის დიდი პატივია ამ გამოფენაში მონაწილეობა ისეთი ფოტოებით, რომლებიც ჩვენი მისიისა და მის უკან მდგომი ადამიანების ყოველდღიურ საქმიანობას ასახავს”.  ჯესიკა როთმანი- საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გორის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი.

„მოხარული ვართ, რომ ამ გამოფენას გორის „ხელოვნების სახლში“ ვმასპინძლობთ. ეს არის სივრცე, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით განახლდა და ის გამოხატვის თავისუფლებისა და შემოქმედებითი თავისუფლების დაცვის მთავარ ცენტრად იქცა. მოგეხსენებათ, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში „ხელოვნების სახლი“ მუდმივი თავდასხმის სამიზნე გახდა. ამიტომ კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს აქ შეკრება იმ ფასეულობების ხაზგასასმელად, როგორებიცაა გამძლეობა, ღირსება და თავისუფლება. ეს არის ფასეულობები, რომლებიც გვაერთიანებს და რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც ჩვენს ამბავთან, ასევე გამოფენაზე წარმოდგენილ ისტორიებთან“.  ოთარ გვრიტიშვილი- გორის ფოტოგრაფთა კლუბის თავმჯდომარე.

ეს გამოფენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის  მიმართ და მის მზადყოფნას, გააგრძელოს ხელოვანების, ჟურნალისტებისა და კულტურული სივრცეების დახმარება. გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გორის „ხელოვნების სახლში“ მოწყობილი გამოფენა,  დამთვალიერებლებს მიიღებს.

„ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის“ შესახებ

2012 წელს დაარსებული კონკურსი – „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ არის ყოველწლიური ჯილდო, რომელიც ქართული ჟურნალისტიკის განსაკუთრებულ მიღწევებს ავლენს. კონკურსი, რომლის ორგანიზატორია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, პროფესიონალური, ეთიკური და თავისუფალი მედიის განვითარებას უჭერს მხარს. კონკურსი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს ეყრდონობა და ქართულ მედიაში მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას უწყობს ხელს.

კონკურსის მონაწილეებს პრიზები გადაეცემათ როგორც ტრადიციულ, ასევე ციფრულ მედიაში გამოქვეყნებული გამორჩეული ნამუშევრებისათვის ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა: საგამოძიებო რეპორტაჟი, სიუჟეტი, ბლოგი, დოკუმენტური ფოტოგრაფია და სხვა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესახებ

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) არის შეუიარაღებელი სამოქალაქო მისია, რომელიც 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა საქართველოში, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით, ხელი მოეწერა ექვს პუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ უწყვეტ, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში პატრულირებს, ხელს უწყობს ნდობის აღდგენის პროცესს და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდის.

გორის „ხელოვნების სახლის“ შესახებ

შემოქმედებითი ორგანიზაცია გორის „ხელოვნების სახლი“  გალერეასა და მერაბ მამარდაშვილის სახელობის თავისუფალ სივრცეს აერთიანებს. გორის „ხელოვნების სახლის“ მისია თანამედროვე ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის აქტიური ხელშეწყობაა.