fbpx
Skip to main content

ევროკავშირისა და CSRDG-ს მხარდაჭერით, სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები დაჯილდოვდნენ

31/03/2023

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარტნიორობით, 24 მარტს ორბელიანების სასახლეში სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი პირველად გამოვლინდა.

CSRDG-მ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები 4 რეგიონში – ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში შეარჩია. ელჩების მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოსახლეობისთვის გაეცნოთ და შეეთავაზებინათ სოციალური მეწარმეობა, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსმოდაცვითი გამოწვევების სისტემურად და გრძელვადიანად გადაჭრის უნიკალური მიდგომა.

ორბელიანების სასახლეში, სადაც სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამის ფინალური ეტაპი და საუკეთესო ელჩის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

„დროა, სოციალურმა მეწარმეობამ მოიპოვოს ის აღიარება, რომელსაც იმსახურებს. სოციალური მეწარმეობა ძლიერი მექანიზმია სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ცვლილებების მისაღწევად, რომელსაც ის ინდივიდების, თემებისა და საზოგადოების გაერთიანების გზით ახერხებს. ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ახალგაზრდა ელჩების მოტივაციასთან, ინიციატივასა და ჩართულობასთან, რომლებიც ცვლილებებს თავიანთ თემთან აქტიური კომუნიკაციით ქმნიან. ეს თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამოქალაქო ჩართულობასა და ერთიანობაზე. ევროკავშირი მოხარულია, მხარი დაუჭიროს მსგავს საქმიანობებს“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

„ჩვენი ქვეყნის ერთადერთი არჩევანი ევროპული მომავალია, ევროპისაკენ მიმავალ გზაზე კი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ახალგაზრდობა – ძალა, რომელიც რეალური ცვლილებების ინიციატორია. ახალგაზრდების ჩართვა ჩვენს პროგრამაში, როგორც ჩვენი სოციალური მეწარმეობის ელჩებისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშესაწყობად“, – აღნიშნა CSRDG-ს დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

ელჩებმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს თავიანთი შედეგების პრეზენტაცია. ელჩები მუშაობდნენ იძულებით გადაადგილებულ პირებთან, ეთნიკურ ჯგუფებთან, სოფლებსა და მიუვალ ადგილებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. 30-ზე მეტი შეხვედრა და 300-ზე მეტი ახალგაზრდა, რომლებმაც დღეს მეტი იციან სოციალურ მეწარმეობაზე – ეს ელჩების 6 თვიანი საქმიანობის შედეგია.

მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრის (ICPI) მხარდაჭერით საუკეთესო ელჩი დაჯილდოვდა სასწავლო ვიზიტით ჩეხეთში. ელჩებისთვის პრიზები ასევე, დააწესეს: სოციალური კონცეფციის მაღაზიამ “ესკი”, სოციალურმა საწარმოებმა: ,,დედიკო“ და ,,ტენე“, სასტუმრო „სევსამორამ“, „ალტე უნივერსიტეტმა“, ,,პალიტრა ჰოლდინგმა“ და გამომცემლობამ „პალიტრა ლ“.

ახალგაზრდა ელჩების პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის” ფარგლებში მიმდინარეობდა.

ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია ახალგაზრდები ჩაერთონ მათ გარშემო არსებული სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით, მიწვდნენ სოფლებსა და შორეულ ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს და გააცნონ სოციალური მეწარმეობა, ახალგაზრდებს განუვითარდეთ პროექტების მართვისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევები.

დაჯილდოების ღონისძიებაზე დაანონსდა პროგრამის მეორე ნაკადზე მიღება. როგორ გახდეთ თქვენს რეგიონში სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩი? დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ინფორმაციას ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
მარიამ ჯაფარიძე, CSRDG, Mariam.japaridze@csrdg.ge, +995 555 10 10 40