fbpx
Skip to main content

ვსაუბრობთ გამოხატვის თავისუფლებაზე

02/10/2023

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, გრძელდება დისკუსიათა ციკლი  უფლებებსა და თავისუფლებებზე.

საქართველოს საზოგადოებრივ სივრცეს დაუბრუნდა დისკუსიათა ციკლი „საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე“, რომელიც ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმის თანამშრომლობით ხორციელდება. 

2023 წლის ბოლომდე დაგეგმილი რამდენიმე დასკვნითი შეხვედრა მსმენელებს საინტერესო და დამაფიქრებელი მსჯელობის შესაძლებლობას ჰპირდება. 

ციკლის მეხუთე შეხვედრაზე, რომელიც 29 სექტემბერს გაიმართა, შედგა აქტიური დისკუსია გამოხატვის თავისუფლების შესახებ. შეხვედრას გაუძღვა გოგი გვახარია, ცნობილი ხელოვნებათმცოდნე, რადიო თავისუფლების გამორჩეული ჟურნალისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მისმა გამოსვლამ მსმენელები დააფიქრა გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საზოგადოებაში გავრცელებულ შეხედულებებს შორის არსებული სათუთი წონასწორობის შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. მსჯელობაში ასევე ჩაერთნენ ახალგაზრდები გარდაბნიდან და მაღალმთიანი აჭარის სოფლებიდან, რომლებიც შეხვედრაზე დასასწრებად ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით ჩამოვიდნენ. 

„ევროკავშირისთვის პატივია, მხარი დაუჭიროს დიალოგისა და აზრთა გაცვლის სივრცეს, სადაც ადამიანები ახალ ინფორმაციას მიიღებენ, ერთმანეთისგან ისწავლიან და ერთად გადადგამენ ნაბიჯს თანასწორობისკენ. საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე მნიშვნელოვანია ისეთი საზოგადოების შექმნისთვის, რომელიც თანაბრად იცავს ყველას უფლებებს“, – განაცხადა ასუნსიონ სანჩეს-რუისმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა.

„საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე იზიდავს გამორჩეულ მომხსენებლებს მრავალფეროვანი თვალსაზრისითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით. მოხარულები ვართ, რომ ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან ამ შეხვედრებში. ისინი არა მხოლოდ მსმენელები არიან,  არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ დისკუსიაში. იმედი გვაქვს, რომ კოლექტიური დიალოგი, რომელიც ამ შეხვედრებზე იმართება, ბიძგს მისცემს აქტიურ ქმედებას, რომელიც უფლებებზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნამდე მიგვიყვანს“, – აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.  

***

დისკუსიათა ციკლი „საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, ერთ-ერთი საკვანძო აქტივობაა. 2.5 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ინიციატივას გაეროს ორი სააგენტო ახორციელებს – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).

საკონტაქტო ინფორმაცია: