fbpx

ევროკავშირის ხელშეწყობით, რუსთავში 3 საბავშვო ბაღის შენობა გახდა ენერგოეფექტური

24/11/2021

საქართველოში, შენობების უმეტესობა ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ენერგოეფექტურობის ევროპულ სტანდარტებს. არადა, სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი, ენერგოუსაფრთხოების გაზრდა, ენერგომოხმარების შემცირება და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან არიდება. სხვა შემთხვევაში, შენობების სრულყოფილად გათბობაც კი საკმაოდ დიდი გამოწვევაა და არაერთი პრობლემაც იქმნება.

არსებულ გამოწვევებთან გასამკლაველად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სწორედ ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სამ საბავშვო ბაღს ქალაქ რუსთავში – N6, N40 და N41 საბავშვო ბაღების შენობები თანამეროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. შედეგად, სამივე შენობაში ელექტროენერგიის მოხმარება განახევრდა. შემცირდა ნარშირორჟანგის ემისიებიც.

პროექტი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო და რეკონსტრუქციამდე არსებული რთული მდგომარეობის აღსაწერად მხოლოდ ერთი მაგალითიც საკმარისია – N6 საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც სითბოს 9 ერთეული ბუნებრივი აირის გამათბობლით ინარჩუნებდა – 8 გამათბობელი ბავშვების სათამაშო ოთახებსა და საძინებლებში ნაწილდებოდა, ერთიც დირექტორის კაბინეტში. არ არსებობდა ცხელი წყლის სისტემა, რის გამოც, ბაღის თანამშრომლებს წყლის გაცხელება თავად უწევდათ.

შენობების რეაბილიტაციის პროცესი არაერთ მიმართულებას მოიცავდა: კედლების, სახურავის, იატაკის და სარდაფის ჭერის თბოსაიზოლაციო ფილებით დათბუნებას, ეფექტური სანათებით აღჭურვილი ახალი ელექტროსისტემის დამონტაჟებას. ასევე გათბობის ახალ სისტემას მზის კოლექტორებთან კომბინირებული ცხელი წყლის მომარაგებით – თითოეულ ბაღში 8 მ2 ფართობის მზის კოლექტორები დამონტაჟდა. რუსთავის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით კი, მათი გამოყენებით, 1 მ2 ფართობიდან, წელიწადში 1 050 კვტ.სთ. ენერგიის მიღებაა შესაძლებელი.

საყურადღებოა ისიც, რომ ფანჯრებისა და კარების ძველი, ხის ჩარჩოები თბოსაიზოლაციო მინებით აღჭურვილი ენერგოეფექტური სისტემით ჩანაცვლდა, რომელიც მეტალოპლასტმასის ჩარჩოს, ორმაგი შემინვისა და სპეციალური საიზოლაციო ფირების გამოყენების შედეგად, ფანჯრიდან სითბოს გაჟონვას ხელს უშლის.

პროექტის ავტორებმა არც საბავშვო ბაღის თანამშრომლებისა და აღსაზრდელების კეთილდღეობაზე ზრუნვა დაივიწყეს – შენობები უარხო მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო სისტემითაც აღჭურვეს, რომელიც შენობებს გაფილტრულ, სუფთა ჰაერს აწვდის.

რუსთავში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, რომელიც „მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა“, ევროკავშირის და რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და დაფინანსებით განხორციელდა, „მერების შეთანხმების“ სადემონსტრაციო პროექტის ნაწილია. პროექტის – „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“.

ასე ჩანაცვლდა რუსთავში არსებული საბჭოთა ინფრაქტრუქტურა ენერგოეფექტური სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით. საბოლოოდ, ევროკავშირის ხელშეწყობით, მთავარი მიზანი მიღწეულია – სამივე საბავშვო ბაღს გადასახადები შეუმცირდა,  აღსაზრდელებისთვის კი ეკოლოგიურად სუფთა გარემო შეიქმნა.

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021