fbpx

საქართველოს წვლილი მწვანე შეთანხმებაში: ბიოსფერული რეზერვატი დედოფლისწყაროში

10/06/2021

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღსანიშნად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა, კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ერთად და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გეგმარებითი ბიოსფერული რეზერვატის ტერიტორიაზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ფრინველებზე დაკვირვების კოშკურა გახსნა. ორივე ინფრასტრუქტურა აშენდა და მოეწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის დაარსება კახეთის რეგიონში, როგორც ინკლუზიური და მდგრადი განვითრების მოდელი ფარგლებში.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი სოფიკო ახობაძე, რომელთაც ცენტრი და კოშკურა ოფიციალურად გახსნეს. კოშკურა განთავსებულია ფრინველთა დამკვირვებლებისთვის ცნობილ ადგილას. მისი მოწყობა სარგებელს მოუტანს არამარტო ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ საინტერესო იქნება ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის და ასევე, სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით.

გეგმარებითი ბიოსფრეული რეზერვატი მოიცავს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს. თუმცა, დაცული ტერიტორიისგან განსხვავებით, მასზე ნაკლები შეზღუდვები ვრცელდება, რაც გარემოს დაცვის პარალელურად, ეკონომიკური აქტივობების მეტ შესაძლებლობებს იძლევა. ტერიტორიის ახალი სტატუსი ადგილობრივ მოსახლეობაში მდგრად ეკონომიკურ აქტივობებს წაახალისებს, ბიზნეს სექტორის დაინტერესებას შეუწყობს ხელს და ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს აამაღლებს. რაც შეეხება ფრინველებზე დაკვირვების კოშკურას, იგი კოღოთის ხეობაში მოეწყო, სადაც ადამიანებს სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით, ფრინველებზე დაკვირვება შეეძლებათ.

„იუნესკოს ბიოსფერული რეზერვატები პერსპექტიული ინსტრუმენტია კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დანერგვისათვის, რაც ჩვენი სამინისტროსა და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენს ქვეყანაში დედოფლისწაროს პირველი ბიოსფერული რეზერვატები დაამკვიდრებს ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების კარგ პრაკტიკას განსაკუთრებით კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის, ტყეების მდგრადი მართვის და ბუნების კონსერვაციის მიმართულებით“ – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა კი განაცხადა: „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, რადგან მათი ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატისთვის პირველადი ინფრასტრუქტურა, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ფრინველებზე დაკვირვების კოშკურა, რომელიც ხელს შეუწყობს ბუნებაზე დაფუძნებული ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლებისთვის ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებლის მოტანას“.

დედოფლისწყაროს წარმომადგენელმა და პროექტის მენეჯერმა, ამირან კოდიაშვილმა დამსწრეებს სხვა მიმდინარე და უკვე განხორციელებული აქტივობების შესახებ უამბო. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, მონაწილეებმა ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, რომელიც ბუნებაზე მოფრთხილებით, ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობებს ასახავდა. ფოტოგამოფენის ავტორი, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი ანკა გუჯებიძეა.

ევროკავშირი უკვე მრავალი წელია რაც მხარს უჭერს მდგრად რეგიონულ განვითარებას  საქართველოში. აღნიშნული პროექტი, რომელიც 2019 წელს დაიწყო, კახეთში მიზნად ბიოსფერული რეზერვატის დაარსებას ისახავს. პროექტის ფარგლებში აგრეთვე დაარსდა მრავალმხრივი პლატფორმა და სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც კახეთის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები შედიან.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ლალი თევზაძე, პროექტის კოორდინატორი
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus)
ელ. ფოსტა: lali.tevzadze@rec-caucasus.org
მობ.: +995 557 73 69 19 

პროექტი: კახეთის რეგიონში ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, შექმნა

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021