Skip to main content

დაფინანსების ახალი შესაძლებლობები 3D კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პრაქტიკული ტრენინგების ჩასატარებლად 

ოქტომბერი 20, 2026

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3D-4CH პროექტი ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სექტორში პრაქტიკული ციფრული უნარების განვითარებას ახალი კონკურსით, Training Synergy, უჭერს მხარს. ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება პრაქტიკული სასწავლო აქტივობები და გაიცვლება ცოდნა ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სექტორში მომუშავე პროფესიონალთა შორის.

კონკურსი ექვსამდე სასწავლო ინიციატივას შეარჩევს და თითოეულს 5 000 ევროთი დააფინანსებს, რაც ორგანიზაციებსა და პროფესიონალებს საშუალებას მისცემს, 3D-4CH სასწავლო პროგრამასთან შეთავსებული სამწვრთნელო სესიები შეიმუშაონ და განახორციელონ.

სასწავლო პროგრამა შეეხება 3D კულტურული მემკვიდრეობის პროექტების სრულ ციკლს: იქნება ეს დაგეგმვა, გაციფრულება, მონაცემების მართვა, დაცვა თუ ხელახლა გამოყენება. კონკურსში მონაწილეებს შეუძლიათ, ის თემები აარჩიონ, რომლებიც მათ გამოცდილებასა და სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებს შეესაბამება.

ინიციატივა ხელმისაწვდომია განმცხადებლებისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და „ჰორიზონტი ევროპასთან“ ასოცირებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან). განცხადების შეტანა შეუძლიათ მუზეუმებს, არქივებს, უნივერსიტეტებს, კვლევით ინსტიტუტებს, საჯარო უწყებებს, ტექნოლოგიების მიმწოდებლებსა და დამოუკიდებელ პროფესიონალებს.  

ტრენინგი უნდა მოიცავდეს პრაქტიკულ, პირისპირ ფორმატში ჩატარებულ კომპონენტებს და მას შეიძლება ჰქონდეს როგორც ცალკეული სამუშაო შეხვედრის, ასევე შეხვედრების სერიის ან უკვე დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილის სახე. დაფინანსებული აქტივობები 2027 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება. 

„ციფრული ევროპის პროგრამის“ ფარგლებში ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული „კულტურული მემკვიდრეობის 3D ტექნოლოგიების 3D-4CH ონლაინკომპეტენციის ცენტრი“ ტრენინგზე, სტანდარტებზე, საუკეთესო პრაქტიკასა და ციფრულ ინსტრუმენტებზე წვდომას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, დაეხმაროს კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტებს, დანერგონ 3D ტექნოლოგიები, გააუმჯობესონ ციფრული კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა ხარისხი და ხელახალი გამოყენების შესაძლებლობები და ეფექტიანად გამოიყენონ ტექნოლოგიური ინოვაციები.

3D-4CH პროექტმა სწორედ ამ ძალისხმევის ფარგლებში გამოაცხადა Training Synergy კონკურსი, რომელსაც პროექტის პარტნიორი, Time Machine Organisation (TMO), ახორციელებს. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 29 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი