Skip to main content

ინვესტირება, ინოვაცია, ზრდა: გაიგეთ, როგორ შეუძლია EU4Business-ს თქვენი დახმარება

ოქტომბერი 22, 2026

თუ საქართველოში მცირე ან საშუალო ბიზნესს ფლობთ და ინვესტირების, ზრდის, ინოვაციის ან ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობებს ეძებთ, მიზნის მიღწევაში ევროკავშირის ინიციატივა,  EU4Business დაგეხმარებათ.

კერძოდ, EU4Business-მა შეიმუშავა გზამკვლევები, რომლებშიც ახსნილია, რა გზებით შეუძლიათ აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების, საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის მცირე და საშუალო ბიზნესებს, მოიპოვონ ევროკავშირის მხარდაჭერით ხელმისაწვდომი დაფინანსება, გრანტები და ბიზნესის განვითარების სერვისები 

ეს გზამკვლევები თითოეული ქვეყნის საჭიროებებსაა მორგებული და ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივ, ასევე ინგლისურ ენებზე. საქართველოსთვის განკუთვნილი გზამკვლევი დაგეხმარებათ მოძებნოთ, რომელი ორგანიზაცია შეესაბამება თქვენი ბიზნესის საჭიროებებს და გაიგოთ, როგორ მოიპოვოთ ხელმისაწვდომი მხარდაჭერა. 

გზამკვლევი შედგება სამი ნაწილისგან, რომელთაგან თითოეული კონკრეტული სახის შესაძლებლობებს მიმოიხილავს:

  • მჭირდება სესხით დაფინანსება – ჩამოთვლილია ქართული ბანკები, რომლებიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ საფინანსო პროგრამებში მონაწილეობენ და ახსნილია, როგორ უნდა ითხოვოთ მხარდაჭერა.
  • ვეძებ გრანტებს – ჩამოთვლილია ორგანიზაციები, რომლებიც მართავენ საგრანტო პროგრამებს და სექტორები, რომლებშიც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გრანტებია ხელმისაწვდომი. 
  • მსურს ჩემი ბიზნესის განვითარება – ჩამოთვლილია ხელმისაწვდომი შესაძლებლობები ტრენინგის, კონსულტაციებისა და საწყისი მხარდაჭერის მისაღებად. 

EU4Business-ის გზამკვლევში თითოეულ შესაძლებლობას ასევე ერთვის ბმულები და საკონტაქტო ინფორმაცია და მოცემულია რჩევები განაცხადის შეტანაზე.

EU4Business არის ევროკავშირის ქოლგა ინიციატივა, რომელიც მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის ყველა მექანიზმს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – აზერბაიჯანში, მოლდოვაში საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. 

დამატებითი ინფორმაცია

ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოში