fbpx
Skip to main content

”შატო ივერი” – კულტურისა და ბუნების ჰარმონიული შერწყმა

17/07/2020

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-მა დიდი ზარალი მიაყენა ტურიზმს, ამ სფეროს წარმომადგენლები უკანდახევას არ აპირებენ.

თუკი ერთხელ მაინც იმოგზაურებთ მაღალმთიანი აჭარის სოფლებში, ან თქვენი დანიშნულების ადგილად ყველასთვის ცნობილ გოდერძის უღელტეხილს აირჩევთ, გზად აუცილებლად უნდა ესტუმროთ ღვინის სახლ „შატო ივერს“, დატკბეთ ბერიძეების საოჯახო ვენახების ცქერით, დააგემოვნოთ ეკოლოგიურად სუფთა ღვინო და ეზიაროთ საქართველოს ერთ- ერთი ულამაზესი კუთხის კულტურას.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-მა დიდი ზარალი მიაყენა ტურიზმს, ამ სფეროს წარმომადგენლები უკანდახევას არ აპირებენ. პირიქით, ცდილობენ საქმეში მაქსიმალური ძალისხმევა ჩადონ და ზაფხულის სეზონისთვის მოემზადონ. ამ მხრივ გამონაკლისს არც „შატო ივერი“ წარმოადგენს. რეალობიდან გამომდინარე, ოჯახმა პრაქტიკული გადაწყვეტილება მიიღო და რადგან ქედის მუნიციპალიტეტში არ არსებობდა მაღალი კლასის სასტუმრო, რომელიც მოწყობილი იქნებოდა თანამედროვე სახის ინტერიერ-ექსტერიერით, მოიცავდა საპარკინგე და მოსასვენებელ სივრცეებს, და ამავდროულად იქნებოდა გამორჩეულ ადგილას, დაიგეგმა 10-მდე სასტუმრო ნომრის მშენებლობა.

ბერიძეების საოჯახო ბიზნესი ახალი მიმართულების გასავითარებლად ევროკავშირის პროექტ „ქედა ლიდერში“ ჩაერთო, რომელიც 2017 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურებისა და პოტენციალის შეფასებასა და გამოყენებას, რაც თავისთავად, პირდაპირ აისახება სოფლის განვითარებაზე.

გრანტის მიღების შემდეგ, ბერიძეების ოჯახი სრული დატვირთვით მუშაობს სასტუმროს მშენებლობაზე, საქმიანობა მაისში დასრულდება და შატო სტუმრების მიღებას შეძლებს. ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (Local Action Group) მიერ გამოცხადებულ სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის შედეგად, დაფინანსდა 47 პროექტი სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაციის მიმართულებით.

ბიზნესიდეაზე ჩვენ ბერიძეების ოჯახს, კერძოდ კი რომილ ბერიძეს ვესაუბრეთ, რომელიც, გარდა იმისა, რომ აუდიტორულ კომპანიაში მუშაობს, აქტიურად უძღვება საოჯახო ბიზნესს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანისში.

როგორც იგი ამბობს, ოჯახი მრავალი წლის განმავლობაში გეგმავდა ბიზნესის დაწყებას. 2017-2019 წლებში მათ შეძლეს ღვინის აშშ-ში ექსპორტი, დღემდე ემსახურებიან ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს, რომლებსაც საშუალება აქვთ ღვინის რესტორანში დააგემოვნონ სხვადასხვა ჯიშის, სპეციფიკური გემოვნური თვისებების მქონე ნატურალური და უნიკალური ღვინო, რომელიც მხოლოდ აჭარის რეგიონში მზადდება. ბუნებითა და მომსახურებით კმაყოფილ ტურისტებს ხშირად სურდათ მამულში უფრო მეტი დროს გატარება. სწორედ ეს იქცა ახალი იდეის მამოძრავებელ ძალად.

დღეს კი ევროკავშირის და „ქედა ლიდერის“ მხარდაჭერით, იდეის განხორციელების პროცესი უკვე დაწყებულია: „ბიზნესიდეა ითვალისწინებს აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარჯანისში სასტუმრო კომპლექსის ამოქმედებას. კერძოდ, იგეგმება მაღალი სტანდარტის მქონე სასტუმროს რემონტი და კეთილმოწყობა, რომელიც მიბმული იქნება მევენახეობასა და საოჯახო მარანთან. სასტუმრო გათვლილი იქნება საშუალო და მაღალშემოსავლიან საერთაშორისო და ადგილობრივ ვიზიტორებზე. პროექტის ფარგლებში, მოხდება ვიზიტორებისთის ეროვნულ ტრადიციებზე დამყარებული სერვისების შეთავაზება, შეიქმნება ე.წ. ტურისტული პაკეტები, რომელიც მოიცავს: სტუმართა განთავსებას, კვებას, ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობას, ღვინის დეგუსტაციას (მასტერკლასი), ხალხური შემოქმედების გაცნობასა და ხალხური რეწვის ნიმუშების შეთავაზებას. სასტუმროში იქნება 10-მდე ნომერი“, − აღნიშნავს რომილ ბერიძე.

ბერიძეები მაქსიმალურად არიან ჩაბმული აჭარაში მიმდინარე ტურიზმის განვითარების პროცესში. რადგან ღვინის ტურისტული პაკეტის მოთხოვნა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე იზრდება, ეს იწვევს ღვინის სახლებისა თუ საოჯახო ღვინის მარნების სტუმართა ოდენობის გაზრდას. „შატო ივერიმ“ საქმიანობა ოჯახის ტრადიციების გათვალისწინებითა და მრავალწლიანი გამოცდილებით დაიწყო. პირველ ეტაპზე 1000-მდე ძირი ვენახითა და ნატურალური ღვინით საქმიანობის გამართვა დიდ სირთულეს წარმოადგენდა, გართულდა ფულადი სახსრების მოზიდვა, რადგან საბანკო სექტორს ხშირად უჭირს გარისკვა და კრედიტის გაცემა. თუმცა ოჯახმა შეძლო რესურსების მობილიზება და შექმნა ერთ- ერთი გამორჩეული სივრცე, რომელიც უამრავი ადამიანისთვის ბედნიერ მოგონებასთან ასოცირდება.

ოჯახის მთავარი მისია თავიდანვე ნათელი იყო − მათ სურდათ აჭარაში ადგილობრივი ვაზის ჯიშების აღდგენა და მეღვინეობის ტრადიციების პოპულარიზაცია. „შატო ივერიმ“ გააერთიანა წარსული გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ბიომევენახეობის განვითარებით კი მოიყვანა მაღალი ხარისხის ყურძენი, რომლის წყალობითაც ბერიძეები მომხმარებელს სთავაზობენ დაუვიწყარი არომატის მქონე ეკოლოგიურად სუფთა ღვინოს. მასზე უარის თქმა ყველას გაგიჭირდებათ, მით უმეტეს, როცა თქვენ წინ თვალუწვდენელი მთები და ოქროსფერი ვენახები იშლება.

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, როგორც „შატო ივერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი აღნიშნავს, ეპიდემიამ ბიზნესი დროებით შეაჩერა. თუმცა ისინი კვლავ მუშაობენ, რათა სეზონზე უამრავი სიახლით წარდგნენ: „ვფიქრობ, დღევანდელი გამოწვევა საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ვირუსთან ბრძოლაა, ისე, რომ მაქსიმალურად იქნას ბიზნესი შენარჩუნებული. მართალია, რთული გამოწვევაა, მაგრამ უნდა გავუმკლავდეთ. ვიმედოვნებთ, 2020 წლის ბოლოს ბიზნესი შეძლებს ნელ-ნელა გაღვიძებას. სავარაუდოდ, გაიზრდება შიდა ტურიზმიც“, − ამბობს რომილ ბერიძე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში გამარჯვებამ არა მხოლოდ „შატო ივერის“, არამედ მთლიანი მუნიციპალიტეტის ყოველდღიურობა შეცვალა − განვითარდა სხვადასხვა სექტორი, დიდი ძალისხმევა იხარჯება ტურიზმის ხელშეწყობაზე. პროექტ „ქედა ლიდერის“ მხარდაჭერით, რეგიონში ბევრმა ადგილობრივმა ბიზნესმა მათი ფიქრები თუ იდეები რეალობად აქცია, მცირე ბიზნესის განვითარებამ კი პირდაპირ გამოიწვია კულტურული და ეკონომიკური ძვრები. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, ქედის LAG აქტიურად ნერგავს სასწავლო ტრენინგებს, რათა დაინტერესებულმა ადამიანებმა ცოდნა გაიღრმავონ კონკრეტულ მიმართულებებში.

როგორც „შატო ივერიში“ აღნიშნავენ, პროექტის დაფინანსების შემდეგ ქედის LAG აქტიურად მონაწილეობს მის განხორციელებაში და ხელს უწყობს დაგეგმილი საქმიანობების მიზანმიმართულად და ეფექტურად განხორციელებას. ეს ორმხრივი თანამშრომლობაა, სადაც მხარეები იზიარებენ საერთო ხედვებსა და მიზნებს, და ერთიანი სულისკვეთებით მუშაობენ დროული და ეფექტური შედეგის მისაღწევად.

პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD II) ფარგლებში ხორციელდება და მას CENN ისეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობით ახორციელებს, როგორებიცაა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, დემოკრატიის ინსტიტუტი და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტი.

„ქედა ლიდერის“ ამოცანაა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა.