fbpx
Skip to main content

ევროკავშირის, ენერგეტიკული გაერთიანებისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით საქართველო გააუმჯობესებს ეროვნულ კანონმდებლობას კლიმატისა და ენერგეტიკის საკითხებში

17/07/2020

საქართველო შემდგომ ნაბიჯებს დგამს სათბური აირების გაფრქვევის შემცირების, კონტროლისა და მონიტორინგის პოლიტიკის შემუშავებისკენ

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების გატარება პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ უნდა ამოვარდეს.

ასეთი იყო საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა (EU) და ენერგეტიკული გაერთიანების  წარმომადგენლების საერთო აზრი დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომლის მონაწილეებმა განიხილეს, თუ რამდენად უწყობს ხელს საქართველოს კანონმდებლობა სათბური აირების გაფრქვევის შემცირებას და რამდენად შეესაბამება დღეს მოქმედი კანონები ევროკავშირის სტანდარტებს კლიმატისა და ენერგეტიკის საკითხებში.

შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის EU4Climate ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში – აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და  უკრაინაში ახორციელებს.

შეხვედრაზე გამართული მსჯელობა შეეხო EU4Climate პროგრამის ფარგლებში შემუშავებულ საგზაო რუკას, რომლის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის შეფასება ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის სამართლებრივ ბაზასთან მიმართებაში, არსებული გამოწვევების გამოვლენა და კანონმდებლობის დახვეწის გზების დასახვა.

„პანდემიამ დაგვანახა, რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ბუნებრივი გარემოს უგულებელყოფას“, – განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „კლიმატის ცვლილება პლანეტის მიმართ ასეთივე უპატივცემულობის შედეგია, ხოლო მისი შედეგები ისეთივე საფრთხის შემცველია ადამიანებისა და მათი საარსებო წყაროსთვის, როგორც პანდემიის. ამის გათვალისწინებით, მაშინაც კი, როდესაც პანდემიის შედეგებისგან ეკონომიკის დაცვაზე ვფიქრობთ, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც ვერ დავივიწყებთ, განსაკუთრებით სათბური აირების გაფრქვევის შემცირებასა და კლიმატის ცვლილების შედეგებთან გამკლავებისთვის მზაობას“.

„EU4Climate პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს კლიმატური კანონმდებლობისა და პოლიტიკის შეფასებას არსებული გამოწვევების გამოვლენისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით“, – განაცხადა ალექსანდრე დარასმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორმა. „საგზაო რუკა დაეხმარება საქართველოს, წარმატებით შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში აიღო“.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციის „ენერგეტიკული გაერთიანება“, Energy Community, წარმომადგენლები, რომლის მიზანია ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობისა და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში.

„პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლისას აუცილებელია კლიმატის ცვლილებისა და მის უარყოფითი შედეგების დაძლევის გათვალისწინება, რაც მწვანე და მდგრადი ეკონომიკური აღდგენის საწინდარი გახდება“, – აღნიშნა დირკ ბუშლემ, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილემ. „დღეს წარმოდგენილი საგზაო რუკის დახმარებით საქართველო შეძლებს იმ აუცილებელი ზომების გატარებას, რომლებიც კლიმატის ცვლილების გათვალისწინებას ყველა სექტორში უზრუნველყოფს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“.

შეხვედრაზე განხილული საგზაო რუკა რამდენიმე ძირითად სფეროზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორისაა, ფტორირებული სათბური გაზებისა და ოზონდამშლელი ნივთიერებების კონტროლი, ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის შემუშავება და სათბური გაზების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის (MRV) სისტემის დახვეწა და გაძლიერება.

საქართველოს ემისიები ნახშირორჟანგის ექვივალენტში წელიწადში დაახლოებით 17.6 მლნ ტონას შეადგენს, რაც საგრძნობლად ნაკლებია მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ემისიებზე, მაგრამ მეტია აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე ქვეყნის მაჩვენებლებთან შედარებით.

საქართველოში ემისიების ყველაზე დიდი წილი (62%) ენერგეტიკის სექტორზე მოდის, რომელსაც სოფლის მეურნეობა (19%), წარმოება და ინდუსტრია (12%) და ნარჩენების სექტორი (7%) მოჰყვება.

პროგრამა EU4Climate ხელს უწყობს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში. ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივაა, რომელსაც ექვსივე ქვეყანაში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს. EU4Climate ეყრდნობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წარსულში შესრულებული ერთობლივი ინიციატივების  შედეგებს. პროგრამა 2019 წელს დაიწყო და 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 8.8 მილიონ ევროს შეადგენს.

საკონტაქტო ინფორმაცია