fbpx
Skip to main content

საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრები ეთიკის საერთო სტანდარტებზე თანხმდებიან

17/07/2020

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერენ არბიტრაჟში მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებას

დღეს საქართველოს წამყვანმა საარბიტრაჟო ინსტიტუტებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოს არბიტრთა ასოციაციასთან, რომლის ფარგლებში ისინი შეთანხმდნენ, რომ არბიტრაჟის წარმოებისას დაიცავენ მაღალ პროფესიულ სტანდარტებს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კოდექსის შესაბამისად. მემორანდუმის ხელმომწერთა შორის არიან საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC), დავების განმხილველი ცენტრი (DRC), ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი.

საქართველოს წამყვანი საარბიტრაჟო ცენტრების მიერ მემორანდუმზე ხელის მოწერის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას და დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების – მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებას ემსახურება.

„დამოუკიდებელი და სანდო საარბიტრაჟო პროცესის არსებობა არსებითია კომერციული დავების ეფექტიანად გადაწყვეტისთვის, ინვესტიციების მოზიდვისა და ჯანსაღი ბიზნეს ეკოსისტემის შექმნისთვის“, – განაცხადა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ სოფიო ტყემალაძემ.

„დღეს საქართველოს წამყვანმა საარბიტრაჟო ცენტრებმა ეთიკის კოდექსის დაცვის და აღსრულების ვალდებულება აიღეს, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია არბიტრაჟში მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებისა და, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ბიზნესის ნდობის მოპოვებისთვის.“

„არბიტრაჟისა და მედიაციის განვითარება მართლმსაჯულების სისტემის მიმდინარე რეფორმის მნიშვნელოვანი შემადგენელია“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ. „ეთიკის კოდექსი არბიტრების სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც მათ ნეიტრალურობას, მიუკერძოებლობას და შესაბამისი პროცედურების დაცვას უზრუნველყოფს“.

„გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს არბიტრაჟისა და მედიაციის განვითარებას, რადგან ეს აფართოებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას და, სასამართლოებთან შედარებით, დავების გადაწყვეტის უფრო სწრაფ და იაფ საშუალებებს სთავაზობს, როგორც მოქალაქეებს, ასევე კერძო სექტორს“, – აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ეთიკის კოდექსი და მისი  აღსრულების მექანიზმი ხელს შეუწყობს ნდობის გაზრდას არბიტრაჟის მიმართ“.

არბიტრთა ეთიკის კოდექსი 2013 წელს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ შეიქმნა. 2018 წელს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მას აღსრულების მექანიზმიც დაემატა – დაფუძნდა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისია და შემუშავდა დისციპლინირების წარმოების დებულება.

კოდექსი განსაზღვრავს ეთიკის ნორმებს არბიტრებისთვის და ადგენს არბიტრთა ვალდებულებას უზრუნველყონ საარბიტრაჟო პროცესის კეთილსინდისიერად და სამართლიანად წარმართვა, შეინარჩუნონ ნეიტრალურობა, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, გაამჟღავნონ ნებისმიერი ინტერესი ან ურთიერთობა, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მიუკერძოებლობაზე. ეთიკის კოდექსი ასევე განსაზღვრავს მხარეებთან, მათ წარმომადგენლებთან და პროცესის მონაწილე სხვა პირებთან შესაფერისი კომუნიკაციის წესებს და მოუწოდებს არბიტრებს თავიდან აიცილონ გაუმართლებელი ხარჯები.

კოდექსის დარღვევას მოჰყვება დისციპლინური განხილვა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში და შესაძლო სანქციების დაწესება, მაგალითად, კონფიდენციალური რეკომენდაციების გაცემა ან ასოციაციის წევრობიდან გარიცხვა.

ეთიკის კოდექსის დაცვა აქამდე სავალდებულო იყო მხოლოდ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრებისთვის. დღევანდელი მემორანდუმი საგრძნობლად აფართოებს მის მოქმედებას და შესაძლებლობას აძლევს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიას არაწევრი არბიტრების მიერ წარმოებული შემთხვევებიც განიხილოს.

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ არბიტრაჟისა და მედიაციის მხარდაჭერა ხორციელდება ევროკავშირის უფრო ფართო პროგრამების, EU4Justice და EU4Business ფარგლებში, რომლებიც საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმის გატარებას და კერძო სექტორის განვითარებას ემსახურება.

საკონტაქტო ინფორმაცია