ევროკავშირი და საქართველო აფასებენ 2016-2020 წლების თანამშრომლობას დანაშაულის პრევენციის, პრობაციისა და პენიტენციურ სისტემებში რეფორმების მხრივ
2020 წლის 4 სექტემბერს ევროკავშირმა და იუსტიციის სამინისტრომ გამართეს „EU4 Justice: პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის“ შემაჯამებელი კონფერენცია.
პროექტმა ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა გაუზიარა საქართველოს ხელისუფლებას და ეფექტიანად დაეხმარა მას განმეორებითი დანაშაულის პრევენციისა და ერთი მხრივ, საჯარო წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვასა და, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებათა პატივისცემას შორის სათანადო ბალანსის შენარჩუნების მიმართულებით.
პროექტის მიზანი იყო:
- იუსტიციის სამინისტროს მიერ თანამედროვე ხედვის შემუშავება და ზომების მიღება პენიტენციური დაწესებულებებისა და პატიმრების მართვასთან დაკავშირებით, დანაშაულის პრევენციასა და სოციალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით;
- პენიტენციურ დაწესებულებებში რეჟიმის თანამშრომლების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების უნარების გაძლიერება;
- პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის, მათ შორის, ინფორმაციულ ტექნოლოგიათა მართვის სისტემების გაუმჯობესება;
- პენიტენციურ დაწესებულებებში სასჯელის დაგეგმვის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა, რისკებისა და საჭიროებების შეფასების გზით;
- რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების, მათ შორის, საკნისგარე აქტივობებისა და წახალისებების გაძლიერება;
- პრობაციის სამსახურის ხარისხის გაუმჯობესება.
პროექტი იმ ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს ხელისუფლებას. მისი მიზანი გახლავთ დანაშაულის პრევენციის, პრობაციისა და პენიტენციური სისტემების დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან.
კონფერენცია გახსნეს: საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ბატონმა კარლ ჰარცელმა; ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა ქალბატონმა თეა წულუკიანმა და მართლმსაჯულების პროექტის („EU4Justice“) გუნდის ხელმძღვანელმა ბატონმა რანდელ ბაროუზმა.
ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით: „უკვე წლებია, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმებსა და მოდერნიზებას. მოხარულები ვართ იმის ნახვით, რომ ჩვენს პროექტებთან ახლო თანამშრომლობის შედეგად, ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა შემდეგი მიმართულებებით: პენიტენციური დაწესებულებებისა და პატიმრების უფრო თანამედროვე და ეფექტიანი მართვა, პატიმართა უფლებების უკეთესი დაცვა და დროთა განმავლობაში განმეორებითი სამართალდარღვევისა და დანაშაულების შემცირება საქართველოში. კარგი პარტნიორობისა და მიღწეული შედეგების ფონზე, მოუთმენლად ველით ამ თანამშრომლობის გაგრძელებას.“
ამჟამად დაწყებულია პროექტის ახალი ფაზა. ამავდროულად, ნარჩუნდება ფოკუსი საშუალო და მაღალი რისკის პატიმართა მართვაზე, რათა თავიდან ავიცილოთ დანაშაულები, როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში, ისე მის გარეთ.
მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თამრიკო მიქაძეს, ელფოსტაზე: Tamriko.mikadze@eeas.europa.eu