ევროკავშირის მხარდაჭერით შეცვლილი საქართველოს საზღვაო დარგი
შავი ზღვის რეგიონის სწორად ათვისება არა მხოლოდ საპორტო ქალაქების, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური წინსვლის ხელშემწყობი ფაქტორია. საქართველო უკვე მრავალი წელია აქტიურადაა ჩართული საზღვაო დარგში – ხდება უცხოეთიდან ინვესტიციების მოზიდვა, ქართველი მეზღვაურები საქმდებიან სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, ტარდება კვლევითი საქმიანობები, უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება აღნიშნული სფეროთი. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტი, ნანუკა წერეთელია. პროფესიის სიყვარულმა იგი თბილისიდან ბათუმში ჩაიყვანა. ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას დაბრკოლებები შეხვდა, თუმცა საბოლოოდ მისმა მიზანდასახულობამ გაიმარჯვა:
„მეზღვაურობა ძალიან დიდ ემოციურ წონასწორობას და გამბედაობას მოითხოვს, მითუმეტეს ქალი ზღვაში სიახლეა. ეს დიდი გამოწვევა იყო ჩემთვისაც. საზღვაო აკადემიაში ჩაბარებისას აღფრთოვანებული დავრჩი იმით, რომ 90%-ით მიახლოებული სიმულაციები გვაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ – ამბობს ნანუკა.
საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი საზღვაო კუთხით – ქვეყანაში აღრიცხულია დაახლოებით 12 600 მეზღვაური, რომელთა კონტრიბუცია ბიუჯეტში ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ ლარს უტოლდება.
მსოფლიო ტვირთების 80% ტრანსპორტირდება ზღვით. 2019 წლის მონაცემთა მიხედვით კი, გასულ წელს ქვეყანაში კონტეინერებით გადაზიდული საქონლის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა გამოიკვეთა (43%-ი). პორტის დანიშნულება და ფუნქცია გამოიკვეთა კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიც, რომლის დროსაც ძირითადი საჭირო რესურსების ქვეყანაში უწყვეტ რეჟიმში შემოტანა ხდება გემებით.
უნდა ითქვას, რომ რამდენიმე წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო – ქვეყანაში აღნიშნული დარგი შედარებით ნაკლებად ვითარდებოდა, აშკარად ჩანდა ცვლილებების საჭიროება. ახალი ნაბიჯების გადადგმა ინდუსტრიამ ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. ასპარეზზე გამოჩნდა ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო (EMSA), რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოში საზღვაო ტრანსპორტის განვითარებას უწყობს ხელს. ევროკომისიისა და EMSA-ს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, საქართველო სარგებელს იღებს როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური რესურსების თვალსაზრისით. მისია ნათელია – საზღვაო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის სტანდარტების ხარისხიანი იმპლემენტაცია.
ბოლო წლებია ჩვენმა ქვეყანამ არსებულ დარგში გარდამტეხი ცვლილებები განიცადა. კერძოდ, მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემის აუდიტის შედეგად, 2014 წლიდან ქართველ მეზღვაურებს უფლება აქვთ შეზღუდვების გარეშე დასაქმდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშის ქვეშ რეგისტრირებულ გემებზე. თუ 2014 წლამდე ქართველი მეზღვაურები საქმდებოდნენ ძირითადად ორი ევროპული ქვეყნის – მალტისა და კვიპროსის გემებზე, დღესდღეობით მათ ვხვდებით ისეთი ქვეყნების გემებზე, როგორიცაა იტალია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი.
„2010 წელს შეჩერდა ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის სერტიფიკატების აღიარება. ჩვენ ევროკავშირის მხარდაჭერით დაგვჭირდა 3 წელი საზღვაო სფეროში როგორც ადმინისტრაციული, ისე აკადემიური მიმართულებებით რეფორმების განსახორციელებლად. გავხსენით საწვრთნელი ცენტრი, ჩავატარეთ ტრენინგები და შედეგად დავიბრუნეთ აღიარება, რამაც ქართველ მეზღვაურებს საშუალება მისცა დაბრუნებულიყვნენ ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. ჩვენ ამით არ შევჩერებულვართ და წინსვლას ეტაპობრივად განვაგრძობთ“ – ამბობს ირაკლი შარაბიძე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი.
ყოველივე ეს იმის შედეგია, რომ საქართველოს მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების სისტემამ წარმატებით გაიარა ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს აუდიტი, რის შედეგადაც ევროკომისიამ აღიარა საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერტიფიკატები. წარმატებული აუდიტის შედეგია ასევე, რომ ევროპის 20-ზე მეტმა ქვეყანამ საქართველოსთან გააფორმა მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შეთანხმებები, შედეგად გასულ წელს, ევროპულ დროშებზე დასაქმებული იყო 40%-ით მეტი ქართველი მეზღვაური 2015 წელთან შედარებით.
“რადიკალურად შეცვლილი და გაუმჯობესებულია ჩვენი განათლების სისტემა, რომელიც მთლიანად მოერგო ევროპულ სტანდარტებს. ჩვენს მიერ გაცემული დიპლომი და კომპეტენციის დამადასტურებელი საბუთები აღიარებულია არამხოლოდ ევროპის ქვეყნების, არამედ მსოფლიოში წამყვანი საზღვაო ინდუსტრიის მქონე ქვეყნების მიერ (20-ზე მეტი). დღეს გვაქვს უამრავი შესაძლებლობა, რომ გავიდეთ ექსპორტზე და ვიმუშაოთ ისეთ კომპანიებში, რომლებიც პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადია“ – გვეუბნება ჯაბა მუთიძე, კაპიტანი.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ისტორიაში პირველად იქმნება დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების გეგმას.
“ზღვა საქართველოს მომავალია – ამ მიმართულებით აქტიურად ხორციელდება რეფორმები, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს წამყვან საზღვაო ქვეყნად რეგიონში და ზოგადად შავი ზღვის აუზში. ამ მიმართულებებით გატარებული რეფორმები მოწმობენ, რომ ვვითარდებით. პირველად ისტორიაში, 2021 წელს ქვეყანას ევროკავშირის დაფინანსებით ექნება საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია. ეს საშუალებას მოგვცემს მოკლე, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ჰქონდეს სტრატეგია, რომელიც მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეს წამყვან საზღვაო ქვეყნად“ – აღნიშნავს თამარ იოსელიანი, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.
ქვეყნისთვის კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოში საზღვაო ინვესტიციის მოზიდვას, მწვანე პრინციპების დაცვით კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას, საზღვაო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებას და სხვა.
„ევროკავშირის როლი საქართველოს საზღვაო მომავლის განსაზღვრაში ძალიან დიდია. აქ მნიშვნელოვანია გამოვყოთ გარემოს დაცვის კომპონენტი – ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული პროექტებში, რომლებიც ითვალისწინებს ქვეყანაში მწვანე ნავსადგურების შექმნას, რომელიც შემდგომში იქნება ჩვენი სამომავლო გეგმების განმსაზღვრელი. გარდა ამისა, სწორედ ამ საპილოტე პროექტის მიხედვით ჩატარდება ნავსადგურებში ენერგოეფექტურობის კვლევა, რითაც მოვახდენთ საინვესტიციო პროექტების განხილვას და საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას“ – ამბობს თამარ იოსელიანი.
2019-2020 წლებში ქვეყანაში ასევე ჩატარდა წყლის მონიტორინგის კვლევები, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი ექსპერტები. აღნიშნული კვლევის მიზანს წარმოადგენდა სანაპიროსა და გარდამავალი წყლის ეკოსისტემების ხარისხის შეფასება, რომელთა საშუალებითაც მიიღეს წყლის რესურსების დაცვის შესაბამისი ზომები.
„საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არის მოწინავე ქვეყანა, სადაც ჩატარდა ევროპული სტანდარტების საერთაშორისო კვლევები როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ქვეყანას გადმოეცა თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა, რაც საშუალებას გვაძლევს მომავალშიც გავაგრძელოთ შავი ზღვის სანაპირო ზოლის კვლევები. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ მთავრობასა და საზოგადოებას გავაცნოთ აღნიშნული კვლევების შედეგები, რათა შემდგომში გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რაც გააუმჯობესებს შავი ზღვის სანაპირო ზოლის ეკოლოგიურ პირობებს“ – აღნიშნავს ნინო თანდილაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ კვლევების გარდა, აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის ლაბორატორიის განახლება, რომელიც მოიცავს ექსპერტებისთვის ტრენინგების ორგანიზებასა და ახალი თანამედროვე ანალიზური აღჭურვილობის დანერგვას. ეს მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესებას წყლის რესურსების მართვის კუთხით. პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად რჩება საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის წყლის მართვის პოლიტიკასთან.