ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მიმართ მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
2020 წლის 1 ოქტომბერს ოფიციალურად დაიწყო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის „პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მესამე ფაზა (PPRD East 3). ინიციატივას საფუძველი 2010 წელს ჩაეყარა და იგი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კატასტროფების რისკის შემცირებისა და კრიზისული სიტუაციების მენეჯმენტის მიმართულებით შესაძლებლობების განმტკიცებასა და აგრეთვე, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერას. პროგრამის მესამე ფაზა 2020-2024 წლებში განხორციელდება.
აღმოსავლეთ სამეზობლოში კატასტროფების რისკის მართვის მიმართულებით შესაძლებლობების განვითარება
პროგრამა PPRD East-ი 2010 წელს დაიწყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ინიციატივის ფარგლებში აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში – სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. პროგრამის მესამე ფაზა ეფუძნება წინა ფაზებში შემუშავებული რეკომენდაციებისა და გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით. PPRD East 3 ხელს შეუწყობს რეგიონში კატასტროფების რისკის გაუმჯობესებულ მართვას, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში თანამშრომლობასა და პარტნიორ ქვეყნებში სამოქალაქო დაცვის გაძლიერებას.
პროგრამის დიზაინი და განხორციელების სტრატეგია ეფუძნება PPRD East 3-ის შემდეგ სამ კონკრეტულ ამოცანას:
- ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკის პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით პარტნიორ ქვეყნებში მოქმედი შესაბამისი სამოქალაქო დაცვის ინსტიტუტების მდგრადი შესაძლებლობების განვითარება.
- ყველა შესაბამის სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებსა და აკადემიურ წრეებს შორის კავშირების განმტკიცება ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკის პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების მიმართ ეროვნულ დონეზე ინკლუზიური მიდგომის მხარდაჭერის მიზნით.
- რეგიონული კოორდინაციის გაძლიერება და, აგრეთვე, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს ქვეყნებს შორის ინსტიტუციური და ოპერაციული თანამშრომლობის მხარდაჭერა.
კონსორციუმი და პარტნიორები
პროგრამა განხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელსაც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს შვედეთის გაუთვალისწინებელი გარემოებების სააგენტო (MSB). კონსორციუმის შემადგენლობაში ასევე შედის: ფინეთის გადაუდებელ შემთხვევათა სამსახურის აკადემია (the Emergency Services Academy Finland), სლოვაკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიზისების მართვის განყოფილება, Centro Internazionale in Monitoraggio Ambientale (CIMA) და იტალიის წითელი ჯვარი (CRI).
PPRD East 3 პროგრამა და მის ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობები განხორციელდება ადგილობრივი და რეგიონული დონეების სტრუქტურებზე დაფუძნებით განგრძობითობის შესანარჩუნებლად და, აგრეთვე, თანამშრომლობის ახალი სფეროების დასადგენად, ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობებისა და პრაქტიკაში გამოსაყენებელი სტრატეგიების განვითარების მიზნით. აქტიური ადგილობრივი ჩართულობა და მონაწილეობა ის ძირითადი პრინციპებია, რომლებსაც დაეფუძნება პროექტის განხორციელება და რომლებიც უზრუნველყოფს პროექტის მოსალოდნელი შედეგების მდგრადობას.
ოპერაციულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ: მატილდა აქსელსონი, პროგრამის მენეჯერი, ppdreast@msb.se
ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართეთ: echo-cp-east@ec.europa.eu