საქართველო დაბალემისიანი განვითარების გზაზე
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, კლიმატის ცვლილების დაძლევა საქართველოს ეროვნული განვითარების შემადგენელი ნაწილი გახდება
საქართველოს განვითარებამ როგორც კლიმატისადმი მედეგობა, ასევე ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა უნდა გაითვალისწინოს, ხოლო ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანამ დაბალემისიანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მიიღოს. სწორედ ამ სტრატეგიის შემუშავების შესახებ იმსჯელეს სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა, რომელიც 6 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (RECC) თანამშრომლობით.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს განვითარების გრძელვადიან ხედვაზე, რომელიც ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს და ამავდროულად ხელს შეუწყობს სათბურის აირების გაფრქვევის შემცირებასა და მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებას. მათ ასევე განიხილეს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა შედეგად საქართველო განსაზღვრავს დაბალემისიანი განვითარების ძირითად მიმართულებებს, შეაფასებს კლიმატის ცვლილების შერბილებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობებსა და შესაბამისი ხარჯებს, რაც თავის მხრივ, საფუძვლად დაედება ეროვნული და სექტორული პოლიტიკის შემუშავებას.
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის EU4Climate ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში – აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ახორციელებს.
„ახლა მასშტაბური გადაწყვეტილებების დროა”, – განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „პანდემიამ დაგვანახა, რომ ჩვენი პლანეტა ჩვეული მოდელებით ვეღარ იარსებებს. პროცესი, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, ხელს შეუწყობს საქართველოს შექმნას ნახშირბად-ნეიტრალური მომავლის ხედვა, რომელიც 2050 წლისთვის, როგორც ეკონომიკურ წარმატებას, ასევე ჯანსაღ გარემოს მოუტანს ქვეყანას”.
„დაბალემისიური განვითარების სტრატეგია უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომელიც დაეხმარება საქართველოს, შეასრულოს კლიმატის ცვლილების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა. „სტრატეგიის მიღება და შემდგომი განხორციელება ხელს შეუწყობს დაბალემისიურ ეკონომიკურ ზრდას და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას, რაც თავის მხრივ, საფუძველს შექმნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კლიმატის მიმართ მედეგობისთვის“, – დასძინა მან.
„პროგრამა EU4Climate ეხმარება საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს წარმატებით შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ამ ქვეყნებმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში აიღეს“, – აღნიშნა ალექსანდრე დარასმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორმა. „მივესალმებით მთავრობის გადაწყვეტილებას გრძელვადიანი დაბალემისიური განვითარების სტრატეგიის შემუშავების შესახებ. ასეთი სტრატეგიის მიღება ხელს შეუწყობს კლიმატისადმი მედეგობის ინტეგრირებას ეროვნული განვითარების დღის წესრიგში“.
საქართველოს ემისიები ნახშირორჟანგის ექვივალენტში წელიწადში 17.6 მლნ ტონას შეადგენს (2.37 ტონა ერთ სულ მოსახლეზე), რაც სათბურის გაზების გლობალური ემისიების დაახლოებით 0.03 პროცენტია. საქართველოში ემისიების ყველაზე დიდი წილი (62 პროცენტი) ენერგეტიკის სექტორზე მოდის, რომელსაც სოფლის მეურნეობა (19 პროცენტი), წარმოება და ინდუსტრია (12 პროცენტი) და ნარჩენების სექტორი (7 პროცენტი) მოჰყვება.
საქართველომ დაბალემისიური განვითარების ეროვნულ სტრატეგიის შემუშავება 2020 წელს დაიწყო და 2021 წლის აგვისტოში დაასრულებს. დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს მთავრობა მას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) სამდივნოს წარუდგენს. 2020 წლის ბოლოსთვის საქართველო განაახლებს პარიზის შეთანხმების ფარგლებში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტს, რომელშიც დასახული იქნება ქვეყნის ახალი ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის ემისიების უპირობო შემცირება 35 პროცენტით 1990 წლის დონესთან შედარებით.
პროგრამა EU4Climate ხელს უწყობს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში. ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივაა, რომელსაც ექვსივე ქვეყანაში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს. პროგრამა EU4Climate 2019 წელს დაიწყო და 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 8.8 მილიონ ევროს შეადგენს.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
- თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, tamriko.mikadze@eeas.europa.eu