fbpx
Skip to main content

გულგრილობის ვირუსი კლავს — გაეროს ქალთა ორგანიზაციის ონლაინკამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

02/12/2020

გულგრილობის ვირუსი კლავს — გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ონლაინკამპანია მიმდინარეობს.

კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური აქტივიზმის ნაწილია. მის ფარგლებში, ცნობიერების ასამაღლებელ ვიზუალურ მასალებთან ერთად, შეიქმნა 4 აუდიოპიესა, რომელთა ავტორებიც ქართველი მწერლები ნესტან ნენე კვინიკაძე და ლაშა ბუღაძე არიან. პიესებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სცენებითა და სიტუაციებითაა აღწერილი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის (2017 წელი) თანახმად, საქართველოში 7-დან ერთ ქალს მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობა გამოუცდია, მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა. აუდიოპიესებიცა და კამპანიაც, ცნობიერების ამაღლების გარდა, ერთ-ერთ მთავარ აქცენტს საზოგადოებაზე აკეთებს, რადგან მის სწორ რეაგირებას ხშირად ქალების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მით უფრო ახლა, როდესაც  COVID-19-ით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და იზოლაციამ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა. ამ სიტუაციაში განსაკუთრებული როლი ეკისრება საზოგადოებას, რომელმაც გულგრილად არ უნდა დატოვოს ძალადობის შემთხვევები, რომლებიც მაგალითად, მეზობლის, მეგობრის, თუ უბრალოდ ნაცნობის სახლის კარს მიღმა ხდება.

კამპანია პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის საჭირო პოლიტიკისა და კანონმდებლობის გამართვას, ასევე, შესაბამისი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. ამავდროულად, პროექტის მიზანი საზოგადოებაში არსებული ნეგატიური გენდერული სტერეოტიპების, სოციალური ნორმებისა და დამოკიდებულებების შეცვლა, ქალთა უფლებების მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. წელს კამპანია მთავარ აქცენტს იმ „ჩრდილოვან პანდემიაზე“ აკეთებს, რომელიც COVID-19-ის გავრცელებას მოჰყვა: გადაადგილების შეზღუდვისა და იზოლაციის  დაწყებისთანავე ქალებისა და გოგოების მიმართ ყველა სახის  ძალადობის, განსაკუთრებით  კი ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებების რაოდენობა  გაიზარდა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია უერთდება ძალადობაგამოვლილ  ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, გაეროს სისტემასა და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებს, რათა უფრო ცხადად გამოკვეთოს, თუ რაოდენ საჭიროა დაფინანსება, აუცილებელი მომსახურებები, პრევენცია და მონაცემები, რომელთა მეშვეობით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობაზე მეტად ინფორმირებული რეაგირება განხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნინო ნატროშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 595 35 64 68, nino.natroshvili@unwomen.org

გაიგეთ მეტი აქ: HERE