ევროკავშირის მხარდაჭერით ოჯახურ ბიზნესად ქცეული ტრადიციული სტუმართმოყვარეობა
ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი საქართველოში. უკვე მრავალი წელია, რაც ჭიუხებით, ტბებითა და უპირობოდ უნიკალური ხედებით გარშემორტყმული ჯუთა ადგილობრივ მოსახლეობასა და მრავალ მოლაშქრეს, სუფთა ჰაერზე დასვენების მოყვარულებსა და ტურისტებს აერთიანებს. მწვერვალებისა და მთების, მყინვარებისა და ხეობების, მდინარეებისა და ტბების, ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობისა და საუკუნოვანი მთის საქმიანობის სინთეზი განაპირობებს ეგზოტიკას, რომელიც აუცილებლად გიბიძგებს, შეიძინო წყალგაუმტარი ფეხსაცმელი, მოიმარაგო თბილი ტანსაცმელი და მოემზადო იმისთვის, რომ მზის ამოსვლას სოფელ ჯუთაში ან მის შემოგარენში, რომელიმე მთის მწვერვალიდან შეეგებო, საღამოს კი, თბილი პლედისა და ადგილობრივი მცენარეების ჩაის თანხლებით, სუფთა ჰაერით, უნიკალური ბუნებით, მეგობრული გარემოცვითა და ახალი თავგადასავლებით ისიამოვნო. სწორედ აქ, ამ ზღაპრულ გარემოში მდებარეობს საოჯახო სასტუმრო. სატუმროს დღეს ხელმძღვანელობს თამარ არაბული, რომელიც სტუმრებისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისა და მაქსიმალური კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული.
თამარ არაბული გაიზარდა ოჯახში, რომელიც ჯუთაში ერთ-ერთ პირველ ტურისტს გაუმასპინძლდა. ყველაფერი დაიწყო დაახლოებით 16-17 წლის წინ, მაშინ, როდესაც თამარი ჯერ კიდევ 16 წლის ბავშვი იყო. მაშინ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ტურისტებზე ბევრი არაფერი იცოდნენ. ახლობელ ოჯახს უცხოელი სტუმარი ეწვია. გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, მათ არაბულების ოჯახს სტუმრისთვის ღამის გასათევის უზრუნველყოფა თხოვეს. თამარის დედ-მამამ შემოთავაზება მიიღო და სტუმარს შინაურულად, აბსოლუტურად უსასყიდლოდ გაუმასპინძლდა. მას შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ოჯახმა თანასოფლელების ახლობლები საკუთარ სახლში მიიღო. ძალიან მალე გაიზარდა მოთხოვნა, არაბულების ოჯახმა კი ამ საქმიანობის ბიზნესად ქცევა გადაწყვიტა.
ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურისტებს არაბულების ოჯახი 12 წლის მანძილზე, მხოლოდ საკუთარ საცხოვრებელ სახლში უმასპინძლდებოდა. დროთა განმავლობაში საქმიანობა დაიხვეწა და სტუმრების მიღებას მათთვის სხვადასხვა მომსახურების უზრუნველყოფაც დაემატა. საოჯახო სასტუმროს, ძირითადად, სათავეში ედგა თამარის დედ-მამა. თამარის ჩართულობა მინიმალური იყო – რამეს თუ დაავალებდნენ, შეასრულებდა. ყოველწლიურად იზრდებოდა სტუმრების რაოდენობა, ოჯახს კი მათთვის ხელმისაწვდომი ჰქონდა 2 ოთახი, სადაც ერთდროულად მხოლოდ 5-6 ადამიანის განთავსების შესაძლებლობა იყო. მოთხოვნის ზრდასთან და გაფართოების აუცილებლობასთან ერთად, პირობების გაუმჯობესების საჭიროებაც გამოიკვეთა. ოჯახმა მრავალწლიან დანაზოგს თვალი გადაავლო, არსებული შესაძლებლობები შეაფასა და იზოლირებული სასტუმროს აშენება გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს, ახალ ინიციატივას სათავეში ჩაუდგა თამარ არაბული.
„სულ მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ტურისტს ვიღებდით, მაგრამ თავისუფლად ვერ ვიყავით. მინდოდა, სტუმრებისთვის მეტი შემეთავაზებინა; შემექმნა მაქსიმალურად კომფორტული, მათ ინტერესებს მოგრებული გარემო. მინდოდა, ყოფილიყო იზოლირებული ოთახი, სადაც ტურისტს შეეძლებოდა განმარტოება, დასვენება, თუნდაც, კარის გასაღებით ჩაკეტვა, რაც ჩვენს საცხოვრებელ სახლში შეუძლებელი იყო. ასევე მნიშვნელოვანი იყო იზოლირებული სველი წერტილის და მეტი ოთახის მოწყობა, რადგან ჩვენ ერთდროულად ბევრი ადამიანის გამასპინძლებას ფიზიკურად ვერ ვახერხებდით, მოთხოვნა კი დიდი იყო“ – გვიყვება თამარ არაბული.
საქმიანობის გაფართოების მიზნით, მშენებლობა ზაფხულში დაიწყო და მალევე, გაზაფხულზე დასრულდა კიდეც. არაბულების საცხოვრებელი სახლის გვერდით, იმავე ეზოში, აშენდა ორსართულიანი შენობა 5 ოთახით, სადაც დღეს ერთდროულად, დაახლოებით, 15-16 ადამიანის მიღებაა შესაძლებელი. სტუმრების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია 20 ადამიანის განთავსებაც.
თუმცა, მშენებლობის დასრულება ბიზნესის გასავითარებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ოჯახის დანაზოგი სრულებით არ ითვალისწინებდა ახალი სასტუმროს ინვენტარით მოწყობის ხარჯებს, შესაბამისად, წინსვლის სურვილი მხოლოდ გასახორციელებელ იდეად რჩებოდა. სწორედ ამ დროს, თამარ არაბულმა შეიტყო ევროკავშირის ENPARD პროგრამისა და ყაზბეგის განვითარების ჯგუფის შესახებ და ახალი სასტუმროს ამუშავება უპირობო მიზნად დაისახა.
თამარი დაიბადა და გაიზარდა ჯუთაში. სკოლა ყაზბეგში დაამთავრა, უნივერსიტეტში სწავლა კი თბილისში განაგრძო. პროფესიით ეკონომისტია, კონკრეტულად: საბანკო საქმე და აუდიტი. საკუთარი ბიზნესის დაწყების მცდელობა აქამდეც ჰქონია, ერთი პერიოდი თბილისში პატარა საკანცელარიო მაღაზიასაც ხელმძღვანელობდა. შემდეგ ლარსის საბაჟოზე დაიწყო მუშაობა და მშობლიურ მხარეში დაბრუნდა: ზაფხულში ხან ყაზბეგში იყო მარტო, ხან ჯუთაში მშობლებთან ერთად. რაც შეეხება ზამთარს, ჯუთამდე მიმავალი გზის დაკეტვის პირობებში, სრულ თავისუფალ დროს ყაზბეგში ატარებდა.
„ჩემი საქმიანობის პარალელურად, ყოველთვის არსებობდა იდეა, რომ ჩვენი ოჯახური საქმიანობა გამეგრძელებინა და გამეფართოებინა. ეს სურვილი სულ თან სდევდა ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას“ – აღნიშნავს თამარი.
საჭირო იყო ახალი სასტუმროს ინვენტარით მოწყობა. თამარ არაბულმა ყაზბეგში მიმდინარე ევროკავშირის ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტის შესახებ შეიტყო და დახმარებისთვის პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას „ფიფლ ინ ნიდ“ და ყაზბეგის განვითარების ჯგუფს მიმართა. განაცხადის შეტანის ეტაპზე სწორედ მათთან ჰქონდა ყველაზე ხშირი კომუნიკაცია. ამ დროს სასტუმროში ჯერ კიდევ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, თამარი კი ხან ჯუთაში იყო, ხან დაბა ყაზბეგში.
„ტარდებოდა ტრენინგები, რამაც ძალიან შემიწყო ხელი. ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის დახმარებით, უფრო მარტივი კუთხით შევხედე ბევრს საკითხს, მათ შორის ტურისტების მომსახურებას, საფინანსო საქმიანობას, მომსახურების სფეროს. ძალიან გვიწყობდნენ ხელს. გვთავაზობდნენ იმასაც, რომ ტრენინგებს ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარეც მოაწყობდნენ. ძალიან მაღალი იყო ჩართულობა გეგმის დაწერის ეტაპზეც, პროექტის დაწერისა და განაცხადის მომზადების კუთხით“ – ამბობს თამარი.
პროექტის დაწერაში თამარს მეგობრები დაეხმარნენ. მიუხედავად იმისა, რომ ის წლების განმავლობაში თავადაც ჩართული იყო ოჯახური ბიზნესის მართვაში და ჰქონდა ტურისტების მომსახურების გამოცდილება, მაინც ბევრი კითხვა ჰქონდა მშობლებთან, რომლებიც განუწყვეტლივ ეხმარებოდნენ. თამარმა მამისგან მიიღო ბევრი რჩევა ბიზნესის განვითარებასთან, სტუმრებთან ურთიერთობასთან, სხვადასხვა მომსახურების დაგეგმვასთან დაკავშირებით. დედა აქტიურად იყო ჩართული სამზარეულოსა და მასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებაში.
საბოლოოდ, თამარის ინიციატივა დაფინანსდა და სასტუმრო შესაბამისი ინვენტარით მოეწყო. სამზარეულოს მთლიანი მოწყობილობა, ტექნიკა, საწოლები, კარადები, ტუმბოები, საძინებელი ოთახის მთლიანი კომპლექტი, გარე განათებები და სხვა ოჯახმა ENPARD-ის პროექტის მხარდაჭერით ევროკავშირის 18 200 ლარის თანადაფინანსებით შეიძინა.
სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლამდე ბევრი არაფერი დარჩა, საჭიროა ეზოს მოწყობა. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ჯუთაში ხეხილი არ ხარობს, შესაბამისად სასტუმროს გარშემო სივრცე სხვადასხვა ყვავილით გალამაზდება. არაბულების ოჯახი ტურისტებს უკვე ელოდება. კომფორტული და სტუმართმოყვარე გარემოს გარდა, თამარი სტუმრებს სხვადასხვა სახის ტრადიციულ სერვისსაც სთავაზობს: სახლში დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ტურების დაგეგმვა, მანქანით მომსახურება რაიონული ცენტრიდან თუ თბილისიდან, ცხენებით სეირნობის ორგანიზება… ამასთან, სამომავლოდ ბევრი სიახლეც იგეგმება.თამარის დედა შინაური ცხოველების მოვლისა თუ რძის პროდუქტების დამზადების კუთხით მასტერკლასების მოწყობას აპირებს, რაც არსებულ მაღალ დაინტერესებასა და შესაბამის გამოცდილებას ეფუძნება.
„გვყოლია ბევრი ტურისტი, რომელთაც უარი უთქვამთ დასვენებაზე, სეირნობაზე, ლაშქობაზე თუ სადილზე და ძროხის მოსაწველად თუ ყველის ამოსაყვანად მიმავალ დედას უკან ფოტოაპარატით გაჰყოლიან. მათთვის საინტერესო იყო პროცესის არა მხოლოდ ყურება, არამედ მასში მონაწილეობის მიღებაც. ადგილზე დამზადებული რძე, ყველი თუ მაწონი მათთვის ეგზოტიკაა. დედაჩემს სულ უკვირს და ამბობს, რამდენ ქვეყანაში არიან ნამყოფი, რამდენ რამეს ათვალიერებენ და შინაური ცხოველის მოვლაში გასაკვირი რა ნახესო?!“ – აღნიშნავს თამარი.
მაშინ, როდესაც არაბულების ოჯახი პირველ ტურისტს გაუმასპინძლდა, ტურიზმის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. მოთხოვნისა და ინტერესის ზრდასთან ერთად, მომსახურების სფეროც დაიხვეწა. დრომ მოიტანა ისიც, რომ ჯუთაში დღეს ტურისტული სეზონი აღარ არსებობს. არაბულების ოჯახში რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ადგილობრივ თუ უცხოელ სტუმრებს ზამთარშიც გაუმასპინძლდებოდნენ. უკვე სამი ზამთარია, რაც გადაკეტილ გზას არ უშინდებიან მთამსვლელები, რომლებიც ჭიუხებს ათვალიერებენ და რამდენიმე ღამით არაბულების საოჯახო სასტუმროში ბანაკდებიან.
წინად სასტუმროს შესახებ ინფორმაცია არსად არ იყო განთავსებული. წლების განმავლობაში ოჯახს ტურისტულ ბროშურებში მითითებული ნომრის საფუძველზე უკავშირდებოდნენ, თუმცა სტუმრები, ძირითადად, ერთმანეთის რეკომენდაციით მოდიოდნენ.
„ეს თითქოს ჯაჭვური რექაციაა. მახსენდება ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ახალი სტუმრები ჩვენთან ნამყოფი ტურისტების რჩევით ჩამოსულან, ჩამოუტანიათ და უჩვენებიათ თავიანთი მეგობრების ჩვენთან გადაღებული ფოტოები. ძალიან ხშირად ხდება ასე. ერთმანეთს ეუბნებიან, რომ ჯუთაში არსებობს ოჯახი, რომელიც სათანადოდ გაგიმასპინძლდებათ“ – აღნიშნავს თამარი.
დღეს თამარ არაბული უკვე ელოდება ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან: ისრაელიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან.
არაბულების სასტუმროს მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონის განვითარებაში. ახალი შენობა უკვე 3-4 ადამიანის დასაქმების საშუალებას იძლევა: მძღოლი, გიდი და დამხმარეები სამზარეულოში. მიუხედავად იმისა, რომ თამარის მშობლებს შესწევთ ძალა, ყველაფერს თავადვე გაუმკლავდნენ, ასეთი მიდგომით საქმე უფრო გამარტივდება. ოჯახი მომავალში უფრო მეტი ადგილობრივის დასაქმებასაც მოიაზრებს.
რეგიონის განვითარებას ასევე ხელს უწყობს სხვა ოჯახები, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ. არაბულების ახალი სასტუმროს მშენებლობამდე, ჯუთაში ტურისტებს სხვა 3-4 ოჯახიც უმასპინძლდებოდა, თუმცა, ბოლო პერიოდში, მათმა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. გარშემო მაცხოვრებლებისთვის გაფართოების იდეა გაჩნდა. თითქმის ყველა ოჯახი ჯუთაში დღეს ცდილობს გაფართოებას, რაღაცის გაკეთებას. უმრავლესობას ამ ბიზნესში ჩართვის სურვილი გაუჩნდა.
„თუ ჩვენ გავაფართოვებთ საქმიანობას, გაჩნდება მეტი ტურისტი, იქნება მეტი დასაქმება და მეტი შემოსავალი“ – ამბობს თამარი.
„ჩემი ბიზნესის განვითარების იმ კონკრეტულ ეტაპზე ENPARD რომ არ გამოჩენილიყო, ჩემი წინსვლა თანხებთან იქნებოდა დაკავშირებული, რაც პროცესს დროში აუცილებლად შეაყოვნებდა. სარემონტო სამუშაოების დასრულებისთვის საჭირო თანხებს ოჯახის ფინანსები ვეღარ გასწვდებოდა. ძალიან დაგვეხმარა ევროკავშირი. ახლა ჯუთაში რომ ავდივარ და ახალ სასტუმროს ვუყურებ, ვხვდები, რამხელა შეღავათი იყო ეს თანადაფინანსება ჩვენთვის. შესაძლებელია, ჩვენი განვითარება წლების მანძილზე გაჩერებულიყო. თუ მაინც გავაგრძელებდით, სესხის აღება აუცილებლად დაგვჭირდებოდა“ – აღნიშნავს თამარი.
გაფართოებისა და წინსვლის გეგმები უსასრულოა. დღეს თამარის მიზანია, მაქსიმალურად მოერგოს ტურისტულ ბაზარზე შექმნილ მოთხოვნებს, არ დასჯერდეს უკვე არსებულ ფართო სანაცნობო წრეს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და სასტუმროს ცნობადობის გაზრდისთვის სხვა ხერხებსაც მიმართოს. უახლოეს მომავალში ამოქმედდება ახალი სასტუმროს ვებ-გვერდი და სოციალური ქსელიც, რაც სტუმრებს უფრო დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემს.
უკვე ბევრი წელია, რაც სხვადასხვა კულტურისა და მენტალიტეტის წარმომადგენლებთან, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა და ახალი კონტაქტები არაბულების ოჯახის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. უდაოდ შეუძლებელია, ასეთ საქმიანობას უძღვებოდე და თავად არ იყო კომუნიკაციის მოყვარული. გამოცდილება აჩვენებს, რომ არაბულების ოჯახი ახერხებს, შექმნას შინაურული და კეთილგანწყობილი გარემო ყველა ტიპის ადამიანისთვის.
„ამით არასდროს დავღლილვარ. პირიქით, ბევრჯერ ყოფილა ისეთი ჯგუფი, რომელსაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო საღამო მოუწყვია. ბევრ ხალხთან გვიწევს ურთიერთობა და კომუნიკაცია, მაგრამ არ მახსენდება არცერთი ნეგატიური გამოცდილება. ამ ზამთარს 4 ბიჭი იყო საფრანგეთიდან. მათ, ძირითადად, დედაჩემი უმასპინძლდებოდა. დედა ისე მიეჩვია მათთან ურთიერთობას, იმდენად დადებითი ადამიანები იყვნენ და ისე გვეხმარებოდნენ ყველაფერში, რომ დამშვიდობებისას ისე გავაცილეთ, თოთქოს ახლო ნათესავები ყოფილიყვნენ. დედამ ცრემლები ძლივს შეიკვა“ – გვიყვება თამარი.
არაბულების ოჯახი სტუმრებს უკვე ახალ სასტუმროში ელოდება. მსურველთა რაოდენობა დიდია, დიდია მოლოდინებიც.
„გივნდა რომ ახლა ახალი შენობა დაიტვირთოს, თუმცა თუ იმდენი მსურველი გვეყოლება, რომ ეს შენობა გადაიტვირთება, რა თქმა უნდა, მათ საკუთარ სახლშიც გავუმასპინძლდებით. იმედია, კარგი ზაფხული იქნება!“ – აღნიშნავს თამარი.
ავტორი: თეა ღვინაძე