„ფუდ ალიანსის“ საწარმო გაყინული პურ-ფუნთუშეულის წარმოებას ზრდის
თუ ოდესმე გიყიდიათ კრუასანი ან „ბაგეტი“ პური საქართველოს ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში, სავარაუდოა, რომ ის სწორედ „ფუდ ალიანსის“ საწარმოში, ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს.
„ფუდ ალიანსი“ ქართულ-ფრანგული საწარმოა, რომელიც 2019 წელს ბიზნესისა და წარმოების სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ქართველმა და ფრანგმა პარტნიორებმა, დაარსეს. კომპანიის მთავარი მიზანი იყო ქართველი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის, ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილი ინოვაციური ფრანგული და ქართული გაყინული პურ-ფუნთუშეულის შეთავაზება.
მიზანი #1: მსხვილი ქართველი მომხმარებლების მომარაგება
„ფუდ ალიანსი“ სოფელ ნატახტარში მდებარე საწარმოში ღრმა გაყინვის მეთოდით პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს. ეს მეთოდი ევროპაში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის სიახლეს წარმოადგენს. უფრო მეტიც, “ფუდ ალიანსის“ საწარმო ერთადერთია საქართველოში, რომელიც პურ-ფუნთუშეულს ღრმა გაყინვის მეთოდით ყინავს.
ღრმა გაყინვა გულისხმობს სითბოს სწრაფ კონსერვაციას, რის შედეგადაც იზრდება პროდუქტის შენახვის ვადა და ის ინარჩუნებს ყველა სასარგებლო, გარეგნულ და გემოვნურ თვისებას.
„ბაგეტით“ და კრუასანით ნაწყებული, ტრადიციული ქართული ხაჭაპურითა და ლობიანით დამთავრებული – „ფუდ ალიანსი“ მომხმარებლებს 50-ზე მეტი სახეოების პროდუქციას სთავაზობს. საწარმომ შეძლო, რომ მაღალი ხარისხის პურ-ფუნთუშეული საქართველოს ბაზარზე არსებული მთავარი შემსყიდველებისთვის მიეწოდებინა. დღეს „ფუდ ალიანსის“ პროდუქციას შეხვდებით კარფურსა და სპარში, რესტორნებში, კაფეებში და „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურების კაფეტერიებში. ეს შემსყიდველები პროდუქციას ყოველდღიურად უკვე საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობენ.
”ჩვენმივაღწიეთჩვენსპირველმიზანს – ქართულიკომპანიებისთვის პროდუქციისმიწოდებასდაახლაგვსურსსაკუთარი მომხმარებლები გვყავდეს”, – თქვა „ფუდ ალიანსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჟაკ მარი ფლურიმ ტელეკომპანია ”იმედთან” ინტერვიუში.
წარმოების გაფართოება ევროკავშირის დახმარებით
2020 წლის დასაწყისში „ფუდ ალიანსმა“ საწარმოს მშენებლობა დაასრულა და წარმოების დაწყებისთვის ემზადებოდა, როცა მარტში კორონავირუსის პანდემია დაიწყო. მკაცრი რეგულაციების გამო ბევრმა ბიზნეს კომპანიამ მომხმარებლები და თანამშრომლები დაკარგა, ბევრს ფინანსურად ძალიან გაუჭირდა.
სწორედ ამ დროს „ფუდ ალიანსმა“ ევროკავშირი ბიზნესისთვის (EU4Business) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი საკრედიტო ხაზიდან სესხი მიიღო, 15%-იანი ე.წ. Cashback-ის შესაძლებლობით. შედეგად საწარმომ საჭირო ინვენტარი და ტექნიკა შეისყიდა და კომპანიის ეფექტურობა 50%-ით გაიზარდა.
„გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ იმ პერიოდში ეს დახმარება ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო და დიდი როლი ითამაშა კომპანიის შემდგომ განვითარებაში,“ ამბობს ფინანსური დირექტორი ნათია ხელაია.
შედეგმაც არ დააყოვნა: ერთ თვეში კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა, საწარმოს მეტი მომხმარებელი გაუჩნდა და შესაბამისად, გაყიდვებიც გაიზარდა.
საკრედიტო ხაზი ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესებს ინვესტიციების დაფინანსებაში, სერვისებისა და წარმოების გაუმჯობესებასა და ბაზრის შესაძლებლობების ათვისებაში, ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, საცალო ვაჭრობა, სერვისის მიწოდება და სხვა.
გზა ოთხიდან 70 დასაქმებულამდე
ისეთი საწარმოსთვის, როგორიცაა „ფუდ ალიანსი“ წარმოების გაფართოება ადამიანური რესურსის გაზრდას ნიშნავდა. კომპანიამ საქმიანობა 4 თანამშრომლით დაიწყო და დღეს უკვე 70 ადამიანს ასაქმებს. მათი 90% ადგილობრივი სოფლების მოსახლეობაა, უმეტესად წეროვანის დევნილთა დასახლებიდან. საწარმო რეგიონში სულ უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნის.
„რადგან ორ წელიწადში ასე სწრაფად გავიზარდეთ, იმედი გვაქვს, რომ კიდევ შევძლებთ გაფართოებას და რეგიონში მსხვილი დამსაქმებელი გავხდებით,“ ამბობს ნათია ხელაია.
„ფუდ ალიანსი“ მუდმივად აფართოვებს თავისი პროდუქციის ასორტიმენტს. კომპანია მომავალში 150-მდე ასორტიმენტის შეთავაზებას გეგმავს. საწარმო ასევე იღებს სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების საერთაშორისოდ აღიარებულ სქემას (FSSC).
დღეს „ფუდ ალიანსი“ მხოლოდ ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი, თუმცა მისი დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ უცხოურ ბაზარზეც გაიტანონ პროდუქცია, იმის გათვალისწინებით, რომ გაყინული პურ-ფუნთუშეული ევროპაში განსაკუთრებით პოპულარულია.
eu4businessfeaturestory, SMEfeaturestory, ევროკავშირიბიზნესისათვისისტორია, მცირედასაშუალობიზნესისისტორია