fbpx
Skip to main content

საპარლამენტო თავგადასავალი ბავშვებისთვის

05/06/2021

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტი იწყებს ახალ საგანმანათლებლო პროგრამას სკოლის მოსწავლეებისთვის

საქართველოს პარლამენტი იწყებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ, რომელიც გათვლილია სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდობაზე. კამპანიის ფარგლებში, რამდენიმე საჯარო სკოლაში პილოტურად დაინერგება ახალი სასწავლო მოდული „რა ვიცით პარლამენტის შესახებ“. ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით შექმნილი კურსი მარტივად და გასაგებად გადმოსცემს ინფორმაციას პარლამენტზე, დემოკრატიაზე და ქვეყნის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობაზე. მასში შესულია ისტორიული ცნობები საქართველოს პარლამენტზე და აღწერილია თანამედროვე პარლამენტის ძირითადი ფუნქციები.

ახალი სასწავლო მოდული შეიცავს მე-5-ე, მე-6-ე და მე-7-ე კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ილუსტრირებულ სახელმძღვანელოებსა და მასწავლებლებისთვის განკუთვნილ მეთოდოლოგიურ ინსტრუქციებს. 2021/2022 სასწავლო წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სასწავლო კურსი თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს (კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი) 50 საჯარო სკოლაში სატესტო რეჟიმში დაინერგება. სატესტო სკოლების 50-ზე მეტმა მასწავლებელმა უკვე გაიარა შესაბამისი ტრენინგი სამოქალაქო განათლების მეთოდოლოგიის საკითხებში.

ახალი სასწავლო კურსისთვის შექმნილი სახელმძღვანელოების წარდგენა გაიმართა 5 ივნისს, თბილისში, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“. ღონისძიებაზე მოსულ სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, პარლამენტის წევრებსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, პარლამენტის განათლებისა მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში, რომელთა შორის იყო წიგნის კუთხე, სახელმძღვანელოების ილუსტრაციების გაფერადება და იდეების დაფის შექმნა „მე რომ პარლამენტის წევრი ვიყო“. ხატვაში ბავშვებს დაეხმარა ცნობილი მხატვარი გამეზა, რომლის ილუსტრაციები შესულია სახელმძღვანელოებში.

„პარლამენტის გაკვეთილები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ, მეტი გაიგონ მათი ქვეყნის მმართველობის შესახებ და უკეთ მოემზადონ მომავლისთვის, რათა  წვლილი შეიტანონ საქართველოში დემოკრატიის განვითარების პროცესში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

„ევროკავშირი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცების გზაზე. მოქალაქეთა ჩართულობა, რომელიც ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან იწყება, დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია. მივესალმებით პარლამენტის ახალ საგანმანათლებლო ინიციატივას, რომელიც სკოლებში სამოქალაქო განათლების განვითარებასა და პარლამენტისა და ახალგაზრდების დაახლოებას უწყობს ხელს“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

„დემოკრატიის პრინციპების გაცნობიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომავალი მოქალაქეებისთვის. სწორედ ასე ყალიბდება საზოგადოების დამოკიდებულება და აქტიური სამოქალაქო პოზიცია. UNDP მხარს უჭერს სამოქალაქო განათლების განვითარებას, როგორც საპარლამენტო დემოკრატიის ხელშეწყობის ერთ-ერთ საკვანძო შემადგენელს“, – აღნიშნა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ

სკოლებში სამოქალაქო განათლების მხარდაჭერა ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო და გრძელვადიანი ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია დემოკრატიის მიღწევების კონსოლიდირება და საპარლამენტო დემოკრატიის განვითარება საქართველოში.       

საკონტაქტო ინფორმაცია