ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში გამართულ დასაქმების ფორუმზე კომპანიებმა 1000–ზე მეტი ვაკანსია წარმოდგინეს
15 ივნისს, ქალაქ ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ქ. ბათუმში, მასშტაბური დასაქმების ფორუმი გამართეს, რომელზეც აჭარის რეგიონში არსებულმა 65–მა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა 1000–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.
დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში გაიმართა.
სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებელებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვდროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სასწავლებლებმაც, რომლებმაც სამუშაოს მაძიებლებს პროფესიული უნარების განვითარების პროგრამები შესთავაზეს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე სასწავლებლებს და დამსაქმებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაემყარებინათ კავშირები და დაეგეგმათ სამომავლო თანამშრომლობა.
ფორუმამდე, 100–მდე სამუშაოს მაძიებელს ჩაუტარდა მოკლევადიანი უფასო ტრენინგ–სემინარი, სადაც მათ შეისწავლეს რეზიუმეს სწორად შევსება და სამოტივაციო წერილის შედგენა და მიიღეს ინფორმაცია დამსაქმებელთან კომუნიკაციის ეტაპებისა და ეფექტური გასაუბრების ტექნიკების შესახებ.
„შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელი ფორუმი ბათუმში სწორედ ტურისტული სეზონის გახსნის დღეს იმართება. ფორუმი ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმებას. პროგრამის ფარგლებში ხორცილეფება პროექტები რომლის მაშვეობითაც ვცდილობთ ახალგაზრდებს შევძინოთ ის ცოდნა–უნარები, რომელიც მათ მომავალში განათლებაში ან ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარება,“ – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა, ნინო ყოჩიშვილმა.
„დღევანდელი დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც უკვე ექვს თვეზე მეტია საქართველოს ექვს რეგიონში, მათ შორის აჭარის რეგიონში მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტს აჭარაში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია აჭარის დასაქმების სააგენტო ახორციელებს. დასაქმების ფორუმი არის უნიკალური მეთოდოლოგიით შემუშავებული ღონისძიება, რომელიც საშუალებას აძლევს დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს პირდაპირი კავშირები დაამყარონ ფორმალური პროცედურების გარეშე. ღონისძიების შედეგიანობა არ იზომება მხოლოდ დღეს წარმატებული შეთანხმებების რაოდენობით, რადგან ფორუმზე სამუშაოს მაძიებელებს შესაძებლობა აქვთ დამსაქმებლებთან ურთიერთობის ღირებული გამოცდილება მიიღონ, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ,“ – განაცხადა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლია კილაძემ.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) დასაქმების ფორუმს პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)“ ფარგლებში შეუერთდა, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. აჭარაში პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
საკონტაქტო პირი:
ქეთი ქიტიაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC)
ტელ: 591 54 54 70
Mail: prc@edec.ge