fbpx
Skip to main content

ევროკავშირის ელჩმა კახეთში, სოფელ იყალთოში, ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი გახსნა

12/11/2021

2021 წლის 12 ნოემბერს, ევროკავშირმა და თელავის მუნიციპალიტეტმა ოფიციალურად გახსნეს პირველი ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი კახეთში, რომლის განახლება და თბოიზოლაცია ევროკავშირის დახმარებით განხორციელდა. ბიომასის ენერგიის ტექნოლოგიის გამოყენებით, საბავშვო ბაღი ზამთარში სრულად გათბება და ამავდროულად ხარჯების 60%-საც დაზოგავს.

საბავშვო ბაღის გახსნის ოფიციალური ცერემონია ენერგოეფექტურობის საკითხებზე ევროკავშირის მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის „მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“ და ევროკავშირის ელჩის კახეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„ენერგოეფექტურობა საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის პრიორიტეტია. ამ საბავშვო ბაღისთვის ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ნარჩენებს ვენახებიდან, კერძოდ წალამს, რაც გათბობის იაფი და კარგი საშუალებაა. ამ მეთოდის მეშვეობით, ნაკლები ენერგიისა და ნაკლები ფინანსური რესურსების გამოყენებით, ჩვენ უკეთეს და ჯანსაღ გარემოს ვუქმნით ბავშვებს. ევროკავშირი კვლავაც მხარს დაუჭერს ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო რეფორმას და ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებას, როგორიც აქ იყალთოშია,“ – განაცხადა ელჩმა ჰარცელმა გახსნის ცერემონიაზე.

„მერების შეთანხმების პროგრამის ფარგლებში, სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღის სრული მოდერნიზაცია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით, არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. აღსანიშნავია თელავის #1 საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომლის დასრულების შემდეგ, ბაღის გასათბობად ასევე სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს გამოვიყენებთ. მადლობას ვუხდი ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და ყველა იმ მხარეს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ მნიშვნელოვანი პროექტის ეფექტურ განხორციელებში,“ – განაცხადა თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

ორი წლის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღი გასათბობად შეშას იყენებდა. ზამთარში შენობის მხოლოდ 40% თბებოდა. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საბავშვო ბაღის შენობას, სხვა ობიექტებთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“ ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თელავის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით განახორციელა.   

„ეს პროექტი, რომელიც ევროკავშირის დახმარებით განვახორციელეთ, თვალსაჩინოს ხდის, თუ რა როლი შეიძლება ითამაშონ მუნიციპალიტეტებმა ქვეყნის საერთაშორისო კლიმატური ვალდებულებების შესრულებაში და ასევე წარმოვაჩინეთ ენერგოეფექტურობისა და ადგილობრივი ბიომასის როლი და პოტენციალი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ამაღლების პროცესში,“ – განაცხადა ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორმა, გიორგი აბულაშვილმა.

ამჟამად, ევროკავშირის დახმარებით, იყალთოს საბავშვო ბაღის შენობა მთლიანად თბება ენერგიის განახლებადი წყაროს, კერძოდ, წალმის (ვაზის ნასხლავის) გამოყენებით, რომელიც კახეთში უხვად მოიპოვება. სათბობად ბიომასის გამოყენება ამცირებს როგორც სათბურის გაზების გამოფრქვევას, ასევე ხარჯებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა შენობის თბოიზოლაციას, მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობლის, ქსელთან მიერთებული მზის მიკრო ელექტროსადგურისა და ენერგოეფექტური ფანჯრების მონტაჟს, აგრეთვე არსებული ნათურების LED სანათებით ჩანაცვლებას. ჯამში, ენერგოხარჯები 60%-ით შემცირდება. გარდა ამისა, ევროკავშირმა მუნიციპალიტეტს გადასცა ორი ტრაქტორი, ბიომასის შემგროვებელი და გადამამუშავებელი სპეციალური ტექნიკა, რითაც ხელი შეუწყო განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას.

იყალთოს საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები და თელავის მუნიციპალიტეტისა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • თამარ მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, 599 533031, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
  • ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, 577 293979, inga@commwithus.eu