fbpx
Skip to main content

ჩუმლაყი-ბაკურციხის შემოვლითი გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ადგილობრივ ბიზნესს ოპერირება გაუმარტივდა

რეაბილიტირებული ჩუმლაყი-ბაკურციხის შემოვლითი გზა

სულ რამდენიმე თვის წინ, კახეთის რეგიონში, სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ მოსახლეობასა და მეწარმეებს 4 კილომეტრიანი გზის გასავლელად თითქმის ერთი საათი სჭირდებოდათ. გზა, რომელიც სატვირთო ავტომობლიებით მუდმივად გადატვირთული იყო, ბიზნესს დროსაც აკარგინებდა და ხარჯებსაც უზრდიდა.

ჩუმლაყში ბევრი ფერმერი ცხოვრობს. ხეხილის ბაღების სიმრავლემ სოფელში სამაცივრე მეურნეობების განვითარებასაც შეუწყო ხელი. თუმცა მეწარმეები იხსენებენ, რომ ცოტა ხნის წინ აქ მოძრაობა და ბაღიდან სამაცივრე მეურნეობამდე პროდუქციის მიტანა საკმაოდ დიდ პრობლემასთან იყო დაკავშირებული.

„სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, შეფერხებები იყო – სოფლის გზა პარალიზებული იყო, დიდი ტრაილერების მოძრაობით. ოთხი კილომეტრის გავლას სადღაც, 40 წუთი-ერთი საათი მაინც სჭირდებოდა“, – აღნიშნავს სოსო გიოშვილი, რომელიც ჩუმლაყში 500 ტონა პროდუქციაზე გათვლილ სამაცივრე მეურნეობას ფლობს. მეწარმე განმარტავს, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებული ინიციატივა, სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისგან მომდინარეობდა.

ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც სოფელ ჩუმლაყის ინდუსტრიული უბნის ბაკურციხის შემოვლით გზასთან დამაკავშირებელ მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში განხორციელდა. ახალი გზა მგზავრობის დროს და მანძილს ამცირებს, მიმდებარე ტერიტორიებისთვის თბილისის ბაზრებთან წვდომას ამარტივებს და ადგილობრივ ბიზნესს ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას აძლევს. ასე სჯერა ანდრო ჯოხაძესაც, რომელსაც ჩუმლაყში იტალიური ვაშლატამა მოჰყავს.

„ჩუმლაყი-ყიტაანის გზაზე ძალიან რთული სიტუაცია იყო. ფიზიკურად, იკეტებოდა ეს გზა, ფერხდებოდა ტრანსპორტირება, ხალხისაც და პროდუქციისაც. განახლებული ინფრასტრუქტურა შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ. გვექნება სწრაფი რეალიზაცია და ერთმანეთს, ნამდვილად, ხელს აღარ შევუშლი“, – განმარტავს ფერმერი. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ შემოვლითი გზის პროექტი ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც საბოლოოდ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის კეთოლდღეობაზეც აისახება.

რეგიონალურიგანვითარებისისტორია