fbpx
Skip to main content

ქალაქ ზუგდიდს, ახალი კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად,  ევროკავშირის გრანტი გადაეცა

ქალაქ ზუგდიდს ევროკავშირის გრანტი გადაეცა / Zugdidi receives The EU grant

ევროკავშირმა, გამარჯვებულ ქალაქ ზუგდიდს, 300,000 ევრომდე გრანტი გადასცა, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად, პროექტ EU4Culture საგრანტო შესაძლებლობების ფარგლებში.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 19 სექტემბერს ზუგდიდში, დადიანების სასახლის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ საპატიო სტუმრებს შორის, იყვნენ: საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ქალაქ ზუგდიდის მერი და EU4Culture პროექტის თანამშრომლები.

ზუგდიდმა, ქუთაისმა და ფოთმა კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის და ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად ევროკავშირის 30,000 ევროს ოდენობით გრანტი მიიღეს. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, კულტურის განვითარების სტრატეგიები შეაფასეს, პროექტის კონსორციუმმა კი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და გამარჯვებული ქალაქი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა. გამარჯვებულ, ქალაქ – ზუგდიდს, დამატებით
300 000 ევრომდე დაფინანსება გადაეცა კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად. პროექტი, სამივე ქალაქს, შესთავაზებს მათ საჭიროებებზე მორგებულ შესაძლებლობების განვითარების ტრენინგ პროგრამებს.

“მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, პირველად, რეგიონის ქალაქი, ზუგდიდი კულტურის განვითარების სტრატეგიას განახოცრიელებს. ქალაქ ზუგდიდს, მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, გაზარდოს ზუგდიდის ცნობადობა, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე და გააქტიუროს კულტურული ეკოსისტემა, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონიმიკურ განვითარებას.“ აღნიშნა კატალინ გერმანმა – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ.

ზუგდიდის კულტურის განვითარების 5-წლიანი სტრატეგია, ასახავს ქალაქის მთავარ კულტურულ თემებს, პრიორიტეტებს, 2022-2026 წლების მიზნებს, შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ქალაქმა შემდეგი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გამოკვეთა: ზუგდიდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ინოვაციების, რეწვისა და გასტრონომის შემოქმედებითი ქალაქი.

“კულტურა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, განათლების, აზროვნებისა და ესთეტიზაციის, ინტელექტის, სულიერების, ეკონომიკური განვითარების წყარო და ჰარმონიული საზოგადოების ფორმირების საწინდარია. კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა და თანამედროვე ხელოვნების სისტემური განვითარება, ქალაქის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ადგილობრივი საზოგადოების კეთილდღეობის წინაპირობაა.არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად დოკუმენტის შემუშავების პროცესი, რომელმაც საშუალება მოგვცა მოგვეხდინა ადგილობრივი სამიზნე და პროფესიული ჯგუფების, საჯარო თუ კერძო კულტურული დაწესებულებებისა და სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, სფეროს ექსპერტების, ახალგაზრდა, დამწყები და დამოუკიდებელი ხელოვანების, ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა დაინტერესებული პირების აზრთა კონსოლიდირება. მათი აქტიური ჩართულობის წყალობით, ღია და გამჭვირვალე დისკუსია წარიმართა ქალაქში კულტურის ჭრილში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, პრიორიტეტულ ამოცანებსა და კულტურის განვითარების მოკლე და გრძელვადიან მიზნებზე” – აღნიშნა მამუკა წოწერიამ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მიზანია, კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტი ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ.

ხატია ჭოხონელიძე- პროექტის კოორდინატორი საქართველოში;
Khatia.tchokhonelidze@goethe.de +995 593 75 00 76

ევროკავშირიკულტურისთვისახალიამბები