fbpx
Skip to main content

მშვიდობის საერთაშორისო დღე სოფელ რუხში

მშვიდობის საერთაშორისო დღეს, 21 სექტემბერს, სამეგრელოს რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები სოფელ რუხში გაემგზავრნენ და მოხუცთა თავშესაფარი „ჩემი მორდუ“ მოინახულეს. მშვიდობის დღის აღსანიშნავად, სახალხო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ქალები, ბავშვები, მცირე მეწარმეები და ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები დაესწრნენ.

ღონისძიების მსვლელობაში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ჩატარდა, სადაც ადგილობრივი ოსტატებისა და ბავშვების ნაკეთობები იყო წარმოდგენილი. სტუმრებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა მოხუცთა თავშესაფრის კედლის მოხატვაში, რომელსაც მშვიდობისა და ერთიანობის თემაზე შექმნილი ფერადი კომპოზიცია დაამშვენებს.

მშვიდობის დღის ორგანიზატორები ორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, რეგიონულ ინიციატივაში, EU4Dialogue-ში მონაწილეობს – ქალთა ორგანიზაცია „ხელები მშვიდობისთვის“ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.

ორივე ორგანიზაცია კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებთან მუშაობს, ხელს უწყობს მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი ცხოვრების მშენებლობას.

„ხელები მშვიდობისთვის“ კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს ეხმარება, ასწავლის ხელსაქმესა და ტრადიციულ და ინოვაციურ რეწვას, ხოლო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ ხელს უწყობს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ადამიანური უსაფრთხოების გაზრდას.

„დღეს მშვიდობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საქმეში კაცობრიობის საერთო ვალდებულებასა და მისწრაფებას გამოხატავს. გრძელვადიანი მშვიდობა მეტია, ვიდრე კონფლიქტის არარსებობა. გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა შეუძლია საზოგადოებას, რომელიც ყველა ადამიანს, მოხუცს თუ ახალგაზრდას, ქალსა თუ კაცს, თანასწორობის პრინციპების დაცვით ეპყრობა, და სადაც ყველას შეუძლია ერთად განიხილოს და გადაჭრას მათთვის საერთო საკითხები. სწორედ ამიტომ, UNDP აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ პარტნიორებთან და ხელს უწყობს თაობათა შორის დიალოგს და სოციალური ერთიანობის მიღწევას.“
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

EU4Dialogue ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული დაუცველი მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება და ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაზრდას, საარსებო წყაროს შექმნას, გენდერული თანასწორობის მიღწევას, ახალგაზრდების ჩართულობას და კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნას. პროგრამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროკავშირის ვებგვერდზე: https://bit.ly/3BIreEv.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
ოთარ კობახიძე, UNDP, +995 599 775879, otar.kobakhidze@undp.org
თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2364364, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

eu4dialoguenews