საბავშვო სპექტაკლი „ესმამ დაქოქა მანქანა“ თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში
11 ოქტომბერს, გოგოების საერთაშორისო დღეს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან, ახალციხის თოჯინებისა პროფესიულ სახელმწიფო თეატრთან თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, გაიმართა სპექტაკლის ჩვენება „ესმამ დაქოქა მანქანა“.
სპექტაკლის რეჟისორია თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაურეატი ელენე მაცხონაშვილი, ხოლო პიესა ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატ დრამატურგს, ალექს ჩიღვინაძეს ეკუთვნის. მარიონეტების და დეკორაციების ავტორია მხატვარი ვახტანგ ქორიძე.
კულტურულად მგრძნობიარე და ასაკზე მორგებული თოჯინური სპექტაკლი, რომელსაც თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა, განკუთვნილია 6-10 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის.
ეს არის სპექტაკლი გოგოებისთვის და ბიჭებისთვის, რომლებიც ოცნებობენ, თანასწორობისკენ მიმავალ გზაზე სტერეოტიპებს ამსხვრევენ და სურთ, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. ეს ამბავი არის მათი ოჯახებისთვის, რომლებიც ახალ თავგადასავლებს არ უშინდებიან და სქესის მიუხედავად, ამაყობენ თავიანთი შვილებით. ამავდროულად, ეს არის ისტორია მეგობრობის, ერთგულების და მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მოზარდებს ბევრ საკითხზე დააფიქრებს, მშობლებს კი ბავშვობაში დააბრუნებს.
სპექტაკლი ნაწილია კამპანიისა „ნუ განასხვავებ, გოგოც და ბიჭიც შენი მომავალია“, რომლის ფარგლებშიც გაეროს მოსახელეობის ფონდი (UNFPA) შეახსენებს ყველას, რომ გოგოც და ბიჭიც თანაბრად ღირებული და ძვირფასია თავიანთი ოჯახებისთვის, თემისთვისა და ქვეყნისთვის.
სპექტაკლი მომზადდა პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.