ქუთაისში „მამების სკოლის“ მორიგი ნაკადი სრულდება
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ქუთაისში „მამების სკოლის“ მესამე ნაკადი დასასრულს მიუახლოვდა.
მამების სკოლის მორიგი ნაკადი მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, ჯანმრთელობის ცენტრ „ჰერასთან“ პარტნიორობით გაიხსნა და მასში მონაწილეობა მიიღო 14-მა ახალბედა და/ან მომლოდინე მამამ. 5 ნოემბერს ისინი, მეუღლეებთან ერთად, ბოლო გაკვეთილს დაესწრებიან.
მამების სკოლა 2021 წელს დაფუძნდა თბილისსა და ქუთაისში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს.
მამების სკოლის პროგრამა ასევე დაეხმარება კაცებს, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის, ასევე იმ სტერეოტიპებისა და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც არსებითი თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს.
მონაწილეები მამების სკოლაში ცხრა ძირითადად სესიას ესწრებიან, სადაც საგანგებოდ შემუშავებული მოდულის საშუალებით, ისინი იღებენ ცოდნას და ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:
● როგორ შევარჩოთ შვილის ყოლისთვის სასურველი დრო;
● როგორ დავუჭიროთ მხარი პარტნიორს ორსულობისა და ბავშვის დაბადების დროს;
● როგორ გავინაწილოთ საოჯახო შრომა;
● როგორ ავარჩიოთ ბავშვის აღზრდის მეთოდები;
● როგორ დავიცვათ შვილი ძალადობისგან;
● როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში;
● რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორი პარტნიორობა.
გარდა ამისა, მამებს უტარდებათ პირველი დახმარების ტრენინგი, სადაც მოწვეული ექსპერტი მონაწილეებს აცნობს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციაში და როგორ დაიცვან ბავშვი მოსალოდნელი საფრთხისაგან.
არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვები, რომელთა მამებიც აქტიურად არიან ჩართული შვილებზე ზრუნვასა და მათ აღზრდაში, გაცილებით ბედნიერებად გრძნობენ თავს, გამოირჩევიან ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობით, მაღალი თვითშეფასებით და აკადემიური მიღწევებით, უკეთესი სოციალური უნარებით, ნაკლები ქცევითი პრობლემითა და სტრესისადმი გაზრდილი მედეგობით.
მამების სკოლა დაფუძნდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და კაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.
საკონტაქტო პირები:
სალომე ბენიძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კომუნიკაციის ანალიტიკოსი, 577 211 300, benidze@unfpa.org
მირიან ჯუღელი, კამპანია „კაცები ზრუნავენ“ კოორდინატორი, 593 656 294 , mjugheli@gmail.com
ადამიანისუფლებებიახალიამბები, გენდერულითანასწორობისახალიამბები