fbpx
Skip to main content

ქართული ნუგბარი ევროპულ ბაზარზე

11/02/2023

ჩურჩხელას მწარმოებელი კომპანია ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით ფართოვდება.

ეკა ბოქოლიშვილისთვის ყველაფერი სოფელ საქობოში, მის საკუთარ სამზარეულოში დაიწყო. მაშინ თათარას მხოლოდ ერთ ქვაბში ხარშავდა და უგემრიელესი ჩურჩხელა თავისი ხელით ამოჰყავდა. თუმცა, სჯეროდა, რომ ამ ოჯახურ ბიზნეს გაცილებით უფრო ფართო ასპარეზი ელოდებოდა.

„მაშინ ყველაფერს მე ვაკეთებდი,“ – ამბობს ბოქოლიშვილი. „ვხარშავდი თათარას, ნიგოზს ძაფზე ვაცვამდი, თათარაში ვავლებდი და გასაშრობად ვკიდებდი. იმ რაოდენობისთვის რასაც ვაწარმოებდით, ერთ ადამიანზე მეტი არ გვჭირდებოდა.“

მალე ყველაფერი შეიცვალა. ეკა ბოქოლიშვილმა და მისმა დეიდაშვილმა, ბიძინა ფხოველიშვილმა კომპანია „ნუგბარი“ დააარსეს და ქართული ტრადიციული ჩურჩხელას წარმოებას შეუდგნენ.

ბოქოლიშვილი მიხვდა, რომ მიზანთან იმაზე ახლოს იყო, ვიდრე ფიქრობდა, და „ნუგბარის“ პროდუქცია ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ადგილს წარმატებით დაიმკვიდრებდა.

ქართული ნუგბარი ჩურჩხელა / Churchkhela - Nugbari

უეცარი ზრდა და გაუთვალისწინებელი გამოწვევები

საქართველოს დიდ სუპერმარკეტებში „ნუგბარის“ სულ უფრო მეტ ჩურჩხელას იყიდებოდა და მოთხოვნაც საგრძნობლად გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ექსპორტის შეთავაზებებიც მოჰყვა. ბოქოლიშვილმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა გადაწყვიტეს, რომ პროდუქციის წარმოებისთვის პატარა სამზარეულო საკმარისი აღარ იყო. 2018 წელს, მათ იმავე სოფელში მიწის ნაკვეთი და ძველი შენობა შეიძინეს, გაარემონტეს და ბიზნესის გაფართოება დაიწყეს.

ბოქოლიშვილმა ადგილობრივი მაცხოვრებლები დაიქირავა, ძირითადად ქალები, რომლებიც ჩურჩხელას წარმოების სრულ ციკლში არიან ჩართული, თათარას მომზადებიდან პროდუქტის შეფუთვამდე.

ის, რაც ერთი ადამიანის შრომით დაიწყო, სრულმასშტაბიან ბიზნესად იქცა, რომელიც 60 ადამიანს ასაქმებდა და ყოველდღიურად 5,000-დან 6,000-მდე ჩურჩხელას აწარმოებდა. „ნუგბარის“ პროდუქცია მთელ საქართველოში იყიდებოდა და 20-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტზე გადიოდა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკრაინაში, ლიეტუვაში, გერმანიაში, ჩინეთში, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში.

როცა „ნუგბარი“ წარმატების ახალ საფეხურზე გადადიოდა, მსოფლიოში პანდემია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო მუშაობას განაგრძობდა, პროდუქციის ექსპორტი შენელდა და ადგილობრივი მოთხოვნაც საგრძნობლად შემცირდა.

„მაშინ ვის ახსოვდა ჩურჩხელა, ხალხი სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობდა,“ – ამბობს ბოქოლიშვილი.

2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, რის გამოც რეგიონში ეკონომიკური კრიზისი განვითარდა. „ნუგბარისთვის“ უკრაინა ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო მიმართულება იყო, სადაც ყოველთვიურად მინიმუმ 10,000 ჩურჩხელა იგზავნებოდა. გარდა ამისა, „ნუგბარის“ ექსპორტიორებს რუსეთის გავლით ბალტიის ქვეყნებში იაფად გაჰქონდათ პროდუქცია, მაგრამ ომის პირობებში ეს მარშრუტი გაცილებით გაძვირდა.

„ლიეტუველი იმპორტიორები თვეში 25,000-ზე მეტ ჩურჩხელას ყიდულობდნენ. ახლა მხოლოდ 5,000 შეუკვეთეს, რათა გატესტონ, ძვირი იქნება თუ არა ექსპორტი ომის დროს“, – განმარტა ბოქოლიშვილმა.

პანდემიამდე და უკრაინაში ომის დაწყებამდე, „ნუგბარს“ ექსპორტზე ყოველთვიურად 65,000 ჩურჩხელა გაჰქონდა. ახლა ეს მაჩვენებელი 15,000-მდე შემცირდა.

ქართული ნუგბარი ჩურჩხელა / Churchkhela - Nugbari

ახალი გზა

ორი გლობალური გამოწვევის გარდა, კომპანიას შიდა პრობლემაც ჰქონდა – პროდუქტის შესაფუთად გამოყენებული ვაკუუმის აპარატი დიდი რაოდენობით ჩურჩხელას ვერ ამუშავებდა და ხშირად ფუჭდებოდა.

„ძველი მანქანა ისევ ვერ ფუთავდა პროდუქტს, რომ ჰაერი არ შესულიყო. ჩვენი ჩურჩხელა თვეების მანძილზე მოგზაურობს, ხშირად სიცივისა და მაღალი ტენიანობის პირობებში. რადგან პროდუქცია კარგად დალუქული არ იყო, გზაში მაგრდებოდა და შაქრიან ზედაპირს იკეთებდა,“ – ამბობს ბოქოლიშვილი. ის აღნიშნავს, რომ პროდუქციის ხარისხი დაეცა და მომხმარებლები უკმაყოფილო იყვნენ.   

წარმოების პრობლემების მოსაგვარებლად, „ნუგბარმა“ მიიღო ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერა მათი ერთობლივი პროექტისგან „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“, რომელიც ევროკავშირი ბიზნესისთვის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება

„ნუგბარი“ შეფუთულ ჩურჩხელას აწარმოებს, რითიც შეფუთვის სექტორშიც ჩართულია. ევროკავშირის პროექტი კი კომპანიას ახალი, თანამედროვე დანადგარის შეძენაში დაეხმარა. ამ მოწყობილობის გამოყენებით „ნუგბარმა“ შეფუთვის ინოვაციური ტექნოლოგია დანერგა, რომელიც ამცირებს საკვებისა და წარმოების/შეფუთვის ნარჩენებს. ეს დანადგარები იყენებენ სრულად გადამუშავებად ნედლეულს და აქვთ 30 პროცენტით ნაკლები ნარჩენები, ვიდრე ტრადიციული ვაკუუმის შესაფუთ მანქანებს.

„ახალი ტექნიკით ყოველდღიურად შეგვიძლია 10,000-ზე მეტი ჩურჩხელას დამუშავება. ეს კი ნიშნავს, რომ ახლა გვაქვს რესურსი იმისთვის, რომ პროდუქციის ხარისხში დარწმუნებული ვიყოთ და დიდი საექსპორტო შეკვეთები მივიღოთ“, – ამბობს ეკა.

„ძველ და ახალ დანადგარს შორის დიდი განსხვავებაა. ეს ძალიან გვახარებს“.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტი მხარს უჭერს შემფუთველთა კლასტერს და სტრატეგიული ინვესტიციების დახმარებით კომპანიებს აძლიერებს. „ნუგბარმა“ დაფინანსება მიიღო საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს შეფუთვის ღირებულების ჯაჭვის კომპანიებში ინვესტიციების მოდერნიზაციის მხარდაჭერას.

მიუხედავად გამოწვევებისა, თანამედროვე დანადგარის გამოყენებით, ეკა ბოქოლიშვილი გეგმავს რომ ქართული ჩურჩხელა დიდი რაოდენობით კიდევ ბევრ ქვეყანაში გაიტანოს ექსპორტზე.

„ახლა გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ ყოველდღიურად 15,000 ჩურჩხელა ვაწარმოოთ,“ ამბობს ის, და აღნიშნავს, რომ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერამ კომპანიის პრობლემა გადაჭრა.