fbpx
Skip to main content

განათლების მინისტრმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მშენებლობა მოინახულეს

18/06/2023

     განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მშენებლობა მოინახულე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, თემურ ჯანჯალია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გელა გელაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ ჰერმანი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტი საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს და ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის საშუალო განათლების შესაძლებლობას ითვალისწინებს. როგორც სანიმუშო სკოლა საქართველოს საჯარო განათლების რეფორმისთვის, ის ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ სწავლებას.

გიორგი ამილახვარი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: „ევროპული სკოლის იდეა საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია, რასაც ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისკენ, ევროკავშირისკენ მისწრაფებების გზაზე ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად ახორციელებს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ახალაშენებულ სკოლაში სასწავლო პროცესს მოსწავლეებთან ერთად შევხვდებით.“

26,090 კვადრატულ მეტრზე განლაგებული სასწავლო კომპლექსი მოიცავს სკოლისა და საერთო საცხოვრებლის შენობებს, რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ბიბლიოთეკასა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეებს. სკოლის კომპლექსის დიზაინი თავისი მრავალფეროვანი და მოქნილი სასწავლო გარემოთი თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომაა და საქართველოში სკოლების დიზაინის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. სკოლის დახურული და გარე სასწავლო სივრცეები მოსწავლეებს უამრავ შესაძლებლობას მისცემს ისწავლონ, იცხოვრონ და თავისუფალი დრო გაატარონ ერთად.

პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში: “აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა არ არის მხოლოდ შენობა. ის არის ჩვენი საერთო ვალდებულების სიმბოლო, ხარისხიანი განათლება მივცეთ და ამ გზით გავაძლიეროთ ახალგაზრდა თაობა. საშუალო განათლებაზე ფოკუსირებით, ჩვენი მიზანია მომავალი თაობების ისეთი უნარებით და ცოდნით აღჭურვა,რომ წარმატებებს მიაღწიონ სწრაფად განვითარებად სამყაროში.”

სკოლის გახსნა 2024 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. სკოლა მოსწავლეებს მაღალი ხარისხის სწავლებაზე, ენების შესწავლასა და მულტიკულუტრულ განათლებაზე დაფუძნებულ ორ საგანმანათლებლო პროგრამას შესთავაზებს, ეროვნულ სადიპლომო პროგრამასა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ინგლისურენოვან სადიპლომო პროგრამას. აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ შეთანხმებული „20 შედეგი 2020 წლისთვის” ერთ-ერთი მიზანია. პროექტს ახორციელებს გაეროს პროექტების მართვის ოფისი (UNOPS), საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების სკოლის კომპლექსის აშენებას და აღჭურვას, მასწავლებლების გადამზადებას სასწავლო აკადემიის მეშვეობით და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სასწავლო კურიკულუმის განვითარებას. სკოლა აგრეთვე შესთავაზებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სასტიპენდიო პროგრამას მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნიდან.