fbpx
Skip to main content

ევროკავშირის დაფინანსებული მწვანე ეკონომიკის პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს მრეწველობას გახდეს რესურსეფექტური

18/11/2023

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა EU4Environment პროგრამამ, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ტექნიკური მხარდაჭერით, სასტუმრო ბილტმორში, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (რესწ) შესახებ, ეროვნულ კონფერენციას უმასპინძლა.

წლევანდელი ღონისძიება, მნიშვნელოვანი ეტაპი იყო პროგრამის საქმიანობაში, რომელიც ცირკულარულ ეკონომიკას და ქვეყანაში ახალ შესაძლებლობების ზრდას მიეძღვნა.  კონფერენციამ, როგორც გამოწვევების, შესაძლებლობებისა  და შედეგების განხილვის საკომუნიკაციო პლათფორმამ, ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ხელი შეუწყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, როგორიც არის, რესურსების ეფექტური გამოყენების გზები ქართული ბიზნესის წარმატებულობის უზრუნველსაყოფად.

“საქართველოს მთავრობა აცნობიერებს მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობებს და მის პოტენციალს მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიღარიბის დასამარცხებლად. ძლიერი მრეწველობა ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის ქვაკუთხედია. გამომდინარე იქიდან, რომ მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოები საქართველოს საწარმოთა 99,7% წარმოადგენს. საწარმოო პროცესებში მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში ამ ტიპის საწარმოების ჩართულობა და მონაწილეობა, რადგან ისინი  ბევრად მოქნილნი არიან იმ  ცვლილებების მიმართ, რაც მათ პროდუქციას გახდიდა უფრო ენერგო- და რესურსეფექტურს, სოციალურად ეფექტიანს და რაღა თქმა უნდა – მწვანეს. მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოები ერთმნიშვნელოვნად ხდება, მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის, კლიმატის ცვლილების, ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიების, ნარჩენების მართვის, გარემოსდაცვითი სტანდარტების და მდგრადი განვითარების სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუციების პოლიტიკის მიმართულებების ცენტრში. ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტები და საკანონმდებლო ჩარჩო სულ უფრო მეტად და მეტად ითვალისწინებს წამახალისებელ ზომებს მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოების მწვანე ქმედებებისათვის”, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

2020-2023 წლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამის ფარგლებში, UNIDO-ს ტექნიკური დახმარებით, თერთმეტმა პროფესიონალმა და 44 კომპანიამ  (RECP კლუბის 17 წევრი და 27 საჩვენებელი კომპანია) შეფასების და სწავლების პროცესი რესწ მეთოდოლოგიის გამოყენებით გაიარა. ჯამში, რეკომენდირებული იყო 115 რესწ ღონისძიება, რამაც შეიძლება მოიტანოს 2,173,268 ევროს ოდენობის წლიური დანაზოგი. ამ დროისთვის განხორციელებულია 26 რესწ ღონისძიება, რის შედეგადაც მოსალოდნელია 557,650 ევროს წლიური დანაზოგი. ეს აჩვენებს მეთოდოლოგიის პრაქტიკულ გამოყენებას მცირე და საშუალო საწარმოებში, მათი ბიზნესის ტიპისა და ზომის მიუხედავად.

„მოხარული ვართ, რომ EU4Environment რეგიონული პროგრამის ხელშეწყობით, მცირე და საშუალო საწარმოები, რესურსების ეფექტურ გამოყენებასაა და უფრო სუფთა წარმოებაზე გადადიან . პროგრამა,  ევროკავშირის ძალისხმევის ნაწილია, რაც მიზნად ისახავს, მწვანე და ციფრული ორმაგი ცვლილებით, ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ხალხისა და ეკონომიკისთვის. მეტად მწვანე სამრეწველო სექტორი, ეკონომიკისა და საზოგადოების მდგრადი განვითარების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს, მკაფიო ევროპული პერსპექტივა გააჩნია, მნიშვნელოვანია, “ევროპული მწვანე შეთანხმებასთან” შესაბამისობაში ყოფნა ქვეყნისთვის“, განაცხადა ბ-ნმა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ.

ღონისძიება, რომელმაც, ჰიბრიდულ ფორმატში, 100-ზე მეტი მონაწილე შეკრიბა,  ექვსი სპეციალიზირებული სესიის მეშვეობით, ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებზე იყო ორიენტირებული. აღნიშნულ ფორმატში, დაინტერესებულმა მხარეებმა, საქართველოს ზრდის პროგრამის ცირკულარულ ეკონომიკაზე დაფუძნების პრაქტიკული საშუალებები განიხილეს და გასული ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანაში, ცირკულარული ეკონომიკის მეთოდების ინტეგრაცია შეაფასეს.  EU4Business-ისა და სხვა ორგანიზაციების საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება, რესურსეფექტურობის, ღირებულების ჯაჭვებისა და მარეგულირებელი ჩარჩოების ეროვნულ გამოცდილებასთან ერთად, მწვანე უნარებისა და  რესურსების ეფექტური გამოყენების მიზნით, ქვეყანაში ინვესტიციების სწორად მართვის შესახებ სულ უფრო მზარდი და გადაუდებელი დიალოგის წარმოებისთვის, გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდა .

 „ბოლო წლებში, საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება“, რომელშიც წარმოდგენილია ეკონომიკის 14 პრიორიტეტული  დარგი, სადაც ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავების მეტი შესაძლებლობა არსებობს. დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისთვის რეკომენდირებული სამიზნე მაჩვენებლები და ცირკულარობის მიზნები, გამოვლენილია დარგობრივი შესაძლებლობები, შემუშავებულია დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტები და რეკომენდაციები. ეს კი გვაძლევს საფუძველს, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რაც ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული გზამკვლევის მომზადებას ითვალისწინებს. გზამკვლევი განსაზღვრავს იმ გზას, რაც საქართველომ ცირკულარული გარდაქმნის გზაზე უნდა გაიაროს. გზამკვლევი იქნება ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავების  საფუძველი“, განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

გასული ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირმა, UNIDO-ს ტექნიკური დახმარებით, გააძლიერა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების შესაძლებლობები რესწ-ის სადემონსტრაციო პროექტის (ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი პროგრამის – EaP GREEN-ის და EU4Environment-ის ნაწილი), ასევე სამრეწველო ნარჩენების რუკების (IWM) შედგენისა და პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის (PEF) საპილოტე სწავლებებით. IWM განხორციელდა რუსთავისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც შეირჩა სამრეწველო საწარმოების, პოტენციური სამრეწველო ნარჩენების და ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების, ურბანული ტერიტორიის მაღალი კოეფიციენტის, ნარჩენების დახარისხების/დამუშავების ან განთავსების საშუალებების არსებობის და ნარჩენების მართვის გეგმების არსებობის საფუძველზე. ჯამში, 723 საწარმომ (7000-ზე მეტი თანამშრომელი) მიიღო მონაწილეობა IWM-ის საპილოტე სწავლებაში. PEF-ის პილოტირება, 2023 წლის დასაწყისში დაიწყო და გარდა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებისა, ასევე მოიცავდა სიღრმისეულ სწავლებას ხუთ საპილოტე კომპანიასთან და PEF-ის ხუთ პრაქტიკოსთან. ამ დროისთვის 33 ექსპერტმა გაიარა ტრენინგი PEF მეთოდოლოგიის პოტენციური სარგებლის შესახებ ქართული საწარმოებისთვის.

„რესურსეფექტურობა არის ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი და UNIDO-ს მანდატის ნაწილი ინკლუზიური და მდგრადი სამრეწველო განვითარების დაჩქარებისა და ხელშეწყობისათვის, მდგრადი განვითარების მე-9 მიზნის – „მდგრადი მრეწველობა, ინოვაციები და ინფრასტრუქტურა“ მთავარი ფაქტორი. ღირებულებათა ჯაჭვებში და ახალ ბიზნეს მოდელებში ცირკულარულობაზე საუბრისას ქართულ კონტექსტში, ჩვენ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს იმის საჭიროება, რომ წარმოება იყოს რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა. ეს ნიშნავს, რომ საწარმოები გადახედავენ თავიანთი წარმოების პროცესებს ისე, რომ შეძლებისდაგვარად მოხდეს ნარჩენების თავიდან აცილება, შემცირება და ხელახალი გამოყენება. გარდა ამისა, ეფექტურად განიხილება (შეზღუდული) ბუნებრივი რესურსები, რაც ქართულ საწარმოებს შესაძლებლობას აძლევს აიმაღლონ კონკურენტუნარიანობა და დანერგონ სიახლეები“, განაცხადა ქ-ნმა ტატიანა ჩერნიავსკაიამ, UNIDO-ს EU4Environment პროექტის მენეჯერმა.

კონტექსტი

ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამა „ევროკავშირი გარემოსათვის“ (EU4Environment) მიზნად ისახავს, დაეხმაროს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, შეინარჩუნონ ბუნებრივი კაპიტალი და გაზარდონ ადამიანების გარემოსდაცვითი კეთილდღეობა გარემოსთან დაკავშირებული ქმედებების მხარდაჭერით, უფრო მწვანე ზრდის შესაძლებლობების დემონსტრირებით და გარემოზე რისკებისა და ზემოქმედების უკეთ მართვის მექანიზმების დანერგვით. პროგრამის განხორციელების პერიოდია 2019-2024 წლები. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.eu4environment.org.

საქართველოში რესწ-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.eecgeo.org/recp/index.htm

საკონტაქტო ინფორმაცია

ქ-ნი ტატიანა ჩერნიავსკაია
EU4Environment პროექტის მენეჯერი
ცირკულარული ეკონომიკის და რესურსეფექტურობის განყოფილება
გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO)
ელ-ფოსტა: t.chernyavskaya@unido.org