fbpx
Skip to main content

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2023

21/11/2023

ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ (EBA), პროკრედიტ ბანკთან პარტნიორობით, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2023“ გამართა, სასტუმრო პულმან აქსის თაუერსში.

ფორუმი გახსნეს და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჯონ ბრაეკეველდტმა,  ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა; შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ; პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში; მაჩეი ჩურამ, ევროპის საინვესტიციო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა; ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

ბიზნესს კავშირების დამყარების, პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისა და სექტორში არსებული მიღწევების განხილვის მიზნით, ფორუმმა  გადაწყვეტილების მიმღები სხადასხვა საქმიანი სფეროს წარმომადგენლები  ერთ სივრცეში შეკრიბა. ღონისძებაზე წარმოდგენილი იქნა ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული “ევროპული ბიზნეს კლიმატის 2023 წლის კვლევის“ შედეგები, რომელიც, ქვეყნის განვითარების სამომავლო ნაბიჯების შეჯამებას და გატარებული რეფორმების შეფასებას წარმოადგენს, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების პერსპექტივიდან.

პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოში ევროპული ბიზნესების ხელმძღვანელი პირების, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ფორუმი, პანელური დისკუსიით გაგრძელდა თემაზე “„ფინანსებზე წვდომა“.  პანელისტებმა, წარდგენილი კვლევის მთავარი მიგნებები, მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის ფინანსებზე წვდომის გამოწვევები, საკანონმდებლო რეგულაციების მნიშვნელობა და ვაჭრობასა და ევროპასთან ასოცირების პროცესთან დაკავშირებული ბიზნეს საკითხები მიმოიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებაზე გაკეთდა და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ბიზნეს სექტორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. ასევე გამოიკვეთა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების მხრიდან  საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის უზრუნველყოფის უპირატესობები და ამ მხრივ არსებული წარმატებული პრაქტიკის გაზიარების საჭიროება.

ფორუმს ესწრებოდნენ ევროპული ბიზნეს ასოციაციის და ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის (EECP) წევრები; საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები; პროკრედიტ ბანკის ხელმძღვანელი პირები და პარტნიორები.

ფორუმის ფარგლებში, ასევე წარმატებული ევროპული კომპანიების პროდუქციის გამოფენა გაიმართა. სხვადასხვა სექტორისა და ინდუსტრიის წარმომადგენელ ოცდაათამდე კომპანიას

შესაძლებლობა მიეცა გამოეფინა და  მოწვეული სრუმრებისთვის საკუთარი პროდუქტი წარედგინა. სპეციალურად მოწყობილი სივრცე დაეთმო პირისპირ შეხვედრებს, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ დაემყარებინათ საქმიანი კონტაქტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განეხილათ.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, როგორც წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა საქართველოში, პირველად გასულ წელს გაიმართა. როგორც ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის ასევე, ევროპული ბიზნეს კლიმატის კვლევის ანგარიშის წარდგენა, პირველად, 2022 წლის ფორუმის ფარგლებში განხორციელდა. 2023 წლის ფორუმმა კიდევ უფრო მასშტაბური სახე შეიძინა და სხვადასხვა სექტორისა და ინდუსტრიის წარმომადგენელი 300-მდე მონაწილე გააერთიანა.

ღონისძიება გაიმართა ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმასთან თანამშრომლობით.

ფორუმის მთავარი სპონსორი – ევროპის საინვესტიციო ბანკი

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მარიამ ცისკაძე, ევროპული ბიზნეს ასოციაცია; +995598139913, mariam.tsiskadze@eba.ge