fbpx
Skip to main content

საგზაო უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის მხარდაჭერილი დაძმობილების პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

16/03/2024

2024 წლის 15 მარტს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის “საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში” დახურვის ღონისძიება გაიმართა სასტუმროში “უინდემ გრანდ თბილისი”.

კონფერენციას ესწრებოდა 80-ზე მეტი მონაწილე სხვადასხვა ორგანიზაციიდან და სამინისტროდან. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს წარმომადგენლები. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურმა პირებმა, მიმოიხილეს პროექტის შედეგები და  სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრეს. 

დახურვის ღონისძიების მონაწილეებს, საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საგზაო უსაფრთხოების მართვის სისტემის კუთხით პროექტის ოთხივე კომპონენტში არსებულ მიღწევებს. აღნიშნული მიღწევები საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი ევროკავშირის ექსპერტებისა და ქართველი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაზმობილების პროექტის მთავარ ბენეფიციარს და სატრანსპორტო პოლიტიკის კუთხით წამყვან უწყებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენდა. სამინისტროს პარტნიორები იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. შსს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების (სსშ) შესახებ მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის კოორდინაციის პროცესის ზედამხედველობას ახორციელებს, ხოლო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი პასუხისმგებელია სსშ-ის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ მონაცემებისა და ტრავმის რეესტრთან დაკავშირებული აქტივობების მართვაზე.

ევროკავშირის მხარდაჭერით, საგზაო უსაფრთხოების მონაცემთა მართვაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებზე მორგებული შესაძლებლობების განვითარების პროგრამების მეშვეობით, საგზაო უსაფრთხოების ელექტრონული ბაზების დახვეწის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ბოლო ორი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში საგზაო უსაფრთხოების მართვის სისტემისა და ტრავმის ეროვნული რეესტრის კონცეფციის შესახებ რეკომენდაციები შემუშავდა პოლონელი ექსპერტების მიერ.

პროექტის ბიუჯეტი 1,300,000 ევროს შეადგენდა. დაძმობილების პროექტის მიზანს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მართვის სისტემის გაუმჯობესება, ინსტიტუციური პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაძლიერება და საგზაო უსაფრთხოების კუთხით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მეთოდების დახვეწა წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად. 

„ევროკავშირმა მიიღო სტრატეგია Vision Zero, რომლის მიზანია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა და სერიოზული დაზიანებები შემცირდეს ნულამდე 2050 წლისთვის. როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისი მიზნების ამ ხედვასთან შესაბამისობა. პოლონელ და ლიეტუველ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგზაო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობა ინსტიტუციურ დონეზე, ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მეთოდები. ეს პროექტი იყო დაძმობილების პროექტის, როგორც ევროკავშირის დახმარების ეფექტური ინსტრუმენტის შესანიშნავი მაგალითი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჯარო სექტორის ექსპერტებისა  და პარტნიორი ქვეყნების კოლეგების თანამშრომლობას”, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ბ-ნმა ნიკოლას სენდროვიჩმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ბ-ნმა გურამ გურამიშვილმა ისაუბრა ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კი საგზაო უსაფრთხოების ზომების გაძლიერების კუთხით. მან ხაზგასმით აღნიშნა პროექტის ფარგლებში გაწეული შრომა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ, ბ-ნმა კონრად ვოინაროვსკიმ განაცხადა: “მე, როგორც მინისტრის მოადგილე, მთელი გულით 

მხარს ვუჭერ ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, განსაკუთრებით კი საგზაო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი მიმართულებით.”

ღონისძიების ფარგლებში, პუბლიკის წინაშე ასევე წარდგნენ საგზაო უსაფრთხოების შესახებ 5

წუთიანი ფილმის კონკურსის გამარჯვებულები,  რომლებმაც საგზაო უსაფრთხოების შესახებ ფილმების კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ფარგლებში ორგანიზებულმა კონკურსმა ახალგაზრდა რეჟისორებს შესაძლებლობა  მისცა საკუთარი თავი გაეცნოთგაეცნოთ ფართო აუდიტორიისთვის და გაეზარდათ ცნობიერება საგზაო უსაფრთხოების შესახებ. ფინალურ ეტაპზე გადასულ 11 ფილმს ბენეფიციარი გამოიყენებს მომავალი ინიციატივებისთვის საგზაო უსაფრთხოების პოპულარიზაციის მიზნით. 

ევროკავშირის დაძმობილების პროექტმა, ხელი შეუწყო პოლონელი და ლიეტუველი ექსპერტების და ქართველი კოლეგების თანამშრომლობას და გააძლიერა საქართველოს ადმინისტრაციის შესაძლებლობები პოლიტიკის შემუშავების კუთხით.

დაძმობილების პროექტი “ევროკავშირი საგზაო უსაფრთხოებისთვის” სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ და პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიის სამინისტროს მიერ, ვილნიუსის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტის ბენეფიციარები: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ირმა გაბუნიას, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი “საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში”, ელ.ფოსტა: Gabunia_irma@yahoo.com , მობ.: 599 25 25 05