ევროკავშირი მედიის მხარდასაჭერად: კონკურსში “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” განაცხადების მიღება გრძელდება
კონკურსში “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” განაცხადების მიღება 2024 წლის 10 ოქტომბრამდე გრძელდება. შეავსე განაცხადის ფორმა აქ.
“როგორ ვიმუშავე ქსელურ მარკეტში და რა გავიგე დასაქმებულთა უფლებებზე”, “დაუსრულებელი გზა აფხაზეთამდე”, “სადილი სკოლაში” – ეს 2023 წელს, კონკურსში გამარჯვებული ნაშრომების ნაწილია. მხოლოდ სათაურებიც ცხადყოფს, რომ კონკურსი ყოველწლიურად მრავალფეროვან და აქტუალურ საკითხებს აერთიანებს.
ევროკავშირი უკვე მე-13 წელია ცდილობს, ერთი მხრივ, გამოავლინოს და წაახალისოს მაღალპროფესიული და ეთიკური მედია პროდუქტი საქართველოში, მოტივაცია მისცეს ჟურნალისტებს, რომელთა როლი დღეს, ინფორმაციული ნაკადისა და დეზინფორმაციის ეპოქაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, კონკურსი საზოგადოებაში პასუხისმგებლიანი მედიის მიმართ ნდობის ამაღლებას უწყობს ხელს.
“სანდო და ფაქტებით გამყარებულ ჟურნალისტიკას არასოდეს ჰქონია ისეთი ფასი, როგორიც დღეს აქვს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მაღალკვალიფიციური ჟურნალისტური ნაშრომების სათანადო აღიარება, რასაც წლებია წარმატებით ახერხებს კონკურსი “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში”. მიხარია, რომ ევროკავშირს ამ გზითაც შეაქვს წვლილი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში”,- აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.
კონკურსის გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური წელს 7 კატეგორიაში გამოავლენს:
- საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
- საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
- საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
- საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
- ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
- საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
- საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში.
თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს.
“ჟურნალისტობა საქართველოში მარტივი არ არის, მედიის წარმომადგენლები მასალის მოსაპოვებლად ხანდახან ფიზიკურადაც კი რისკავენ, ამიტომ მათი შრომის დაფასება დღეს ძალიან მნიშვნელოვანია” – ამბობს 2023 წლის ჟიურის წევრი სოფო მეგრელიძე.
საუკეთესო სტუდენტური ნაშრომის ნომინაციაში 2023 წლის გამარჯვებული ანასტასია ბახტურიძე კი თანატოლებს კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
“დიდი სტიმულია, როცა შეგიძლია, უკვე სწავლის პერიოდშიც კი შენი კვალი დატოვო, არამხოლოდ უნივერსიტეტის ფარგლებში, არამედ უფრო ფართო მასშტაბითაც და შეგიძლია, უფრო დიდმა აუდიტორიამ ნახოს შენი ნამუშევარი”.
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში მოტივაციაა გამოცდილი ჟურნალისტებისთვისაც. ლანა კოკაია, რომელიც 2023 წლის ერთ-ერთი გამარჯვებულია, ამბობს, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზია მისთვის და მისი კოლეგებისთვის.
“ამ პრიზს შევადარებდი ქართულ ოსკარს ჟურნალისტებისთვის. უმაღლესი ჯილდოა და ჩემთვის ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას, უფრო უკეთ და მეტი ვიმუშაო მნიშვნელოვან თემებზე”.
კონკურსში – “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” – განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 3 მაისს დაიწყო. რეგისტრაცია ჯერ ისევ ღიაა და დაინტერესებულ პირებს ნამუშევრების წარდგენისთვის დრო, 2024 წლის 10 ოქტომბრის, 18:00 საათამდე აქვთ.
კონკურსის წესებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.