ბიზნეს ხიდი ევროპასთან
ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მეწარმეები ესტონეთის გამოცდილებასა და ექსპერტიზას იზიარებენ.
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერენ ქართული კომპანიების დაახლოებას ევროპის ბაზრებთან და ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას.
აღნიშნული ხელშეწყობის ფარგლებში, რომელიც ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან (ESTDEV) პარტნიორობით ხორციელდება, მცირე და საშუალო მეწარმეები სხვადასხვა სახის სასაწავლო პროგრამებში მონაწილეობენ, მენტორობისა და ქოუჩინგის შესაძლებლობებით სარგებლობენ და ევროპის ბაზრებზე ექსპორტისთვის ემზადებიან.
მარტში, ESTDEV-ის ორგანიზებით, სერვისის სფეროს ბიზნესებისთვის რამდენიმე სასწავლო პროგრამა გაიმართა. მიზნობრივ ტრენინგს ესტონეთის წამყვანი კომპანია მარკეტინგისა და ექსპორტის მიმართულებით, „ვიჟენესტ ინსტიტუტი“ (Visionest Institute) გაუძღვა.
სასწავლო პროგრამებში განათლების სერვისის მიმწოდებლები (უნივერსიტეტები და ტრენინგ-ცენტრები) და ასევე დიზაინისა და მარკეტინგის სფეროს ბიზნესები ჩაერთნენ. ტრენინგებში მონაწილეობდნენ როგორც კომპანიების მფლობელები და აღმასრულებელი დირექტორები, ისე აკადემიური და EdTech პროგრამების მენეჯერები და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტები.
მრავალმხრივი სასწავლო პროცესის შედეგად, მათ უკეთ გაიაზრეს ის სპეციფიური საკითხები, რომლებიც კომპანიის საერთაშორისო პოზიციონირებასა და უნიკალური ბიზნეს შეთავაზების შედგენას უკავშირდება. ტრენინგის მსვლელობაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სტრატეგიულ მიდგომების შემუშავებას საერთაშორისო კლიენტების დაინტერესებისა და შენარჩუნების მიმართულებით.
სასწავლო პროგრამის პრაქტიკული ნაწილი B2B სტრატეგიებს, სოციალური მედიის ოპტიმიზაციასა და სხვადასხვა სახის ბიზნეს ამოცანისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მოიცავდა.
„ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერას. უნარებისა და ინოვაციების განვითარების გზით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებასა და ზრდას, რათა ქართულმა კომპანიებმა ევროპის ბაზრებთან დაკავშირება და კონკურენციის გაწევა შეძლონ“, – განაცხადა მინდი ბოჟკოვამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კერძო სექტორის განვითარების და ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერმა.
UNDP-ის პროექტის მენეჯერმა, გიორგი ციმინტიამ, ხაზი გაუსვა სერვისის სექტორის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.
„ექსპორტისთვის მზადყოფნა მხოლოდ ბაზრების ათვისებას არ ეხება. ეს პროცესი ბიზნესის პოტენციალის გამოვლენას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას უკავშირდება. ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე არსებული ცოდნა და გამოცდილება ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაიქმნება, რაც საშუალებას აძლევს ქართულ ბიზნესს საერთაშორისო ასპარეზზე გავიდეს“, – აღნიშნა გიორგი ციმინტიამ.
ვიჟენესტ ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანუ-მალ ნაარიტსმა, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ქართული კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობდით, ინოვაციური და შედეგებზე ორიენტირებული ბიზნესებია, რომლებიც საერთაშორისო კონკურენციისთვის მზად არიან. მიზნობრივი ტრენინგი და საერთაშორისო ცნობადობა კიდევ უფრო გააძლიერებს მათ შესაძლებლობებსა და გრძელვადიან მდგრადობას. ამ პირველმა გამოცდილებამ საფუძველი ჩაუყარა უფრო ღრმა თანამშრომლობას ევროპისა და საქართველოს სერვისების სექტორებს შორის,“ – განაცხადა ანუ-მალ ნაარიტსმა.
2026 წლის ტრენინგის საგაზაფხულო ციკლს 50-მდე მონაწილე შეუერთდა. თოთხმეტი საუკეთესო კურსდამთავრებულისთვის – შვიდი განათლებისა და ტრენინგის და შვიდი დიზაინისა და მარკეტინგის სფეროებიდან – გათვალისწინებულია ინდივიდუალური მენტორობა, რომელიც მათ ინტერესებზე იქნება მორგებული.
ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, ქართული ბიზნესის განვითარებისა და ექსპორტის შესაძლებლობის ზრდისთვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამები მომდევნო ორი წლის მანძილზე გაგრძელება.
ევროკავშირის შესახებ
ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა 30 წელზე მეტს ითვლის. საქართველოს განვითარების ხელშეწყობას ევროკავშირი სხვადასხვა გზით ახორციელებს, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერით, ცოდნის, გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარებითა და ინოვაციების ხელშეწყობით. ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობა ქართველ ხალხთან მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება.
მეტი ინფორმაცია საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ.
წვდომა საექსპორტო ბაზრებზე
ევროკავშირის დაფინანსებითა და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან (ESTDEV) პარტნიორობით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს პროექტს „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“, რომელიც საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებასა და ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერებას ემსახურება. ოთხწლიანი (2023-2027) პროექტის ბიუჯეტი 5,162,000 ევროს შეადგენს. აქედან, 5,000,000 ევრო ევროკავშირის დაფინანსებაა, ხოლო 162,000 ევრო გაეროს განვითარების პროგრამის თანადაფინანსება.