Skip to main content

კონკურსზე, Just Transition Young Voices Awards 2026, ვიდეოგანაცხადების მიღება დაიწყო

აპრილი 20, 2026

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო ენერგეტიკული თანამეგობრობის რეგიონის, მათ შორის საქართველოს, წარმომადგენელ 18-30 წლის ახალგაზრდებს კონკურსში, Just Transition Young Voices Awards („სამართლიანი გადასვლის ახალგაზრდული ხმების ჯილდო“) იწვევს. 

კონკურსი პირველად გასულ წელს ჩატარდა და მაშინ წერილობით ისტორიებზე კონცენტრირდა. წელს ახალგაზრდებს ინდივიდუალურად ან ორი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის სახელით ვიდეოების გაგზავნა მოეთხოვებათ.

ვიდეოში კონკურსანტებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას, „რას ნიშნავს თქვენთვის და თქვენი თემისთვის სამართლიანი გადასვლა?“, რისი მიზანიცაა სამართლიან გადასვლაზე ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება. შესაბამისად, ვიდეოებში უნდა აისახოს ადგილობრივი რეალობა, გამოწვევები და პრობლემათა გადაჭრის შესაძლო გზები. 

კონკურსანტებს მოკლე ვიდეოს წარდგენა ამ ორი კატეგორიიდან ერთ-ერთში შეუძლიათ:

  • შემოქმედებითობა ზეგავლენისთვის (30 წამიდან 3 წუთამდე): რილსები, ტიკტოკები, ლექსები, სიმღერები ან სხვა შემოქმედებითი ფორმატები;
  • ამბის თხრობა ზეგავლენისთვის (3-5 წუთი): განმარტებითი ვიდეოები, ინტერვიუები ან მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები. 

გამარჯვებულებს ოქტომბერში მონტენეგროში დაგეგმილ „სამართლიანი გადასვლის ფორუმზე“ მიიწვევენ, რომელზეც ენერგეტიკული თანამეგობრობის რეგიონის ქვეყნების მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან. გამარჯვებულები ასევე მიიღებენ უნარების განვითარების შესაძლებლობებს და პარტნიორი მედიაპლატფორმების მეშვეობით გააცნობენ თავს რეგიონის მოსახლეობას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 აგვისტო. 

საინფორმაციო ონლაინსესია 19 მაისს გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე

კონკურსი იმართება CEE Bankwatch  Network-თან, „ბალკანეთის მწვანე ენერგიის ახალ ამბებთან“ (BGEN), ევროპის Climate Action Network (CAN)-თან და ახალგაზრდული თანამშრომლობის რეგიონულ ოფისთან (RYCO) პარტნიორობით. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი