ევროკავშირმა საქართველოს ორ მუნიციპალიტეტს კულტურის მხარდაჭერის მიზნით 60 000 ევრო გადასცა
ევროკავშირის პროექტმა EU4Culture, 30 000 ევროს ოდენობით გრანტი გადასცა თითოეულ ჩამოთვლილ რეგიონულ მუნიციპალიტეტს: ქუთაისს და ფოთს საქართველოში, ჩარენცავანს და სევანს სომხეთში, ორჰეის მოლდოვას რესპუბლიკაში. თითოეული გრანტის მიმღები, EU4Culture რეგიონული ქალაქების ქსელის წევრები არიან. გაცემული გრანტები მიზნად ისახავენ პროექტის მხარდაჭერით 2022 წელს შემუშავებული კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაძლიერებას. აღნიშნული 5 მუნიციპალიტეტის სტრატეგიული გეგმები, ადგილობრივი შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობის გზით, რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებაზეა ფოკუსირებული. ახლადმიღებული გრანტები, მათ, კულტურის განვითარების სტრატეგიის გარკვეული კომპონენტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
2024 წელს, საქართველოს მუნიციპალიტეტები მიღებულ გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიებთან შესაბამისობაში არსებული კულტურული აქტივობების განსახორციელებლად გამოიყენებენ.
ქუთაისი „საჯარო ხელოვნების ფესტივალს” ივლისში გამართავს. ღონისძიების მთავარი მიზანია ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის გაძლიერება და მრავალფეროვანი კულტურული გარემოს პოპულარიზაციაა საჯარო ინსტალაციების, პერფორმანსებისა და საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით.
ფოთის მუნიციპალიტეტი სექტემბერში განახორციელებს ღონისძიებას, სახელწოდებით „ფოკუსში: კონცეპტუალური ფესტივალების ქალაქი”, რომელიც 3 ნაწილისგან შედგება: ადგილობრივი კულტურის საწარმოების მხარდაჭერა; ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამა; კონცეპტუალური საზღვაო ფესტივალი. აღნიშნული აქტივობები ქალაქში მრავალფეროვანი და დინამიური კულტურული ლანდშაფტის შექმნას შეუწყობს ხელს.
დაინტერესებულ მხარეებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გრანტის მიმღები მუნიციპალიტეტები, განვითარების ახალი შესაძლებლობებით, ადგილობრივი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებას შეუწყობენ ხელს. როგორც EU4Culture-ის „რეგიონული ქალაქების ქსელის“ წევრები, აღნიშნული მუნიციპალიტეტები, კულტურის განვითარების სტრატეგიების განხორციელების საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ სხვებს, როგორც ქსელის შიგნით, ასევე მის გარეთ.
„საქართველოში კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების დეცენტრალიზებული განვითარება არის შესანიშნავი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, გააძლიეროს ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები ახალი შესაძლებლობებით. ევროკავშირის მხარდაჭერა EU4Culture-ის მიერ იქნება რეგიონული ქალაქების წახალისება, რათა შემდგომი ნაბიჯები გადადგან მათი ადგილობრივი ხელოვნებისა და კულტურის პოტენციალის რეალიზებაში, რომელსაც ნამდვილად შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს რეგიონების ეკონომიკურ ზრდაზე”, განაცხადა მარია სტოგოვამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელმა.
„ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Culture აგრძელებს ადგილობრივი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ზრდის ხელშეწყობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. გაცემულმა მხარდაჭერის პაკეტმა სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის რეგიონებში შესაძლოა განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა წაახალისოს, რაც მათ რეგიონებში კულტურული და შემოქმედებითი სექტორების მდგრადობას შეუწყობს ხელს” – აცხადებს EU4Culture პროექტის ხელმძღვანელი, დოქტორი ანატოლი ბაიფერტი.
___
EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4 წლიანი პროექტია კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებული აქცენტით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებზე. პროექტის ბიუჯეტი 7.85 მილიონი ევროა. პროექტს EU4Culture ახორციელებენ: გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
საკონტაქტო პირი: მარიკა ჯაბუა, პროექტის EU4Culture კოორდინატორი საქართველოში; +995593567445; Marika.Jabua@goethe.de